ქუთაისში სოციალურად დაუცველების ნაწილი იმ სახელმწიფო
პროგრამას იწუნებს, რომელიც მთავრობის დაპირებით, მათი დახმარების
მიზნით ამოქმედდა.
ისინი აცხადებენ, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამა მათ
რეალურ საჭიროებებს არ პასუხობს და ის მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხალხის
გულის მოგების საშუალებაა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ექსპერტებს ჯანდაცვის სფეროში, რომლებიც
სახელმწიფო პროექტს დადებითად აფასებენ.
ექსპერტების მსგავსად, სხვადასხვა არგუმენტებით ასაბუთებენ უფასო
მედიკამენტების პროგრამის ეფექტურობას ჯანდაცვის
სამინისტროში.
მთავრობის მიერ ხმაურიანად დაანონსებულ უფასო მედიკამენტების
პროგრამას, რომელიც ქვეყანაში 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა,
ქუთაისში სოციალურად დაუცველები არაერთგვაროვნად აფასებენ.
"ქრონიკული არითმია მაქვს და წნევები. ამიტომ სტაბილურად მჭირდება
წამლები, რომლისთვისაც ყოველ თვეში 80 ლარი მეხარჯება. ახლა ეს
პროგრამა ძალიან დამეხმარება და ფული დამეზოგება," - ამბობს ქუთაისში
მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზურაბ ქათამაძე.
სოციალურად დაუცველთა ნაწილის უკმაყოფილებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ
მათ ვისაც ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ, მედიკამენტებით
უზრუნველყოფის პროგრამის მიღმა რჩებიან.
ქუთაისში მცხოვრები მზია გაბუნია 61 წლისაა. მარტოდ მცხოვრები
სოციალურად დაუცველის ყოველთვიური შემოსავალი პენსია და საარსებო
შემწეობაა.
მას ვარიკოზული დაავადება აქვს, თუმცა ავადმყოფობას არა აქვს
ქრონიკული ხასიათი. როგორც სოციალურად დაუცველი ამბობს, მისთვის
ძვირადღირებული წამლის შეძენა მაშინაც პრობლემაა, როცა დაავადება და
შესაბამისად, ტკივილი აწუხებს.
"კრემი, რომელიც ექიმმა გამომიწერა ადრე 98 ლარი ღირდა, ახლა 60
ლარამდე ღირს. შეიძლება 4 თვეში ერთხელ დამჭირდეს ამ კრემის ყიდვა,
მაგრამ მაშინაც მიჭირს ამდენი ფულის გადახდა და როცა ძალიან მჭირდება
იძულებული ვარ საკვები მოვიკლო. ამიტომ მეც ძალიან დამეხმარებოდა ეს
უფასო წამლების პროგრამა, " - ამბობს სოციალურად დაუცველი მზია
გაბუნია.
"მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია და სხვა არაფერი. ახლა მოიგებენ ამით
სოციალურად დაუცველების გულს და არჩევნებსაც მოიგებენ, არაფერი აღარ
გვწამს ამ მთავრობის," - ამბობენ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად
დაუცველები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიღმა
აღმოჩნდნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ქუთაისში მედიკამენტებით
უზრუნველყოფის მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 134
ბენეფიციარმა მიმართა და ყველა მათგანი დაკმაყოფილდა.
პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი
ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელსაც ქრონიკულ
დაავადებებთან ერთად, სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000- ის ჩათვლით აქვს
მინიჭებული.
ბენეფიციარი, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ექიმის მიერ
გამოწერილი ფორმა 100-ით და რეცეფტით საჭირო მედიკამენტები პსპ-ს
სააფთიაქო ქსელიდან გააქვს.
"რამდენი ბენეფიციარიც დარეგისტრირდა ამ დრომდე ყველა მათგანი
დაკმაყოფილდა. პროცედურის თანახმად, ბენეფიციარები სოციალური
მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ მიმართავენ აფთიაქს
საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით," - ამბობს სოციალური
მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნინო
ჭიღლაძე.
მედიკამენტების უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამა 4 ქრონიკული დაავადების
მქონე პაციენტებზე ვრცელდება. საუბარია მაღალი არტერიული წნევის,
კორონალური სისტემის დაავადებების, დიაბეტის მე-2 ტიპის, ფილტვების
ქრონიკული დაავადებების,
გულის
უკმარისობის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე.
ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალო საშუალებების 24 სახეობის
ღირებულება, სიმბოლურად, თვეში ერთი ლარით განისაზღვრება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტების ყოველი გატანისას
პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც
არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.
ჯანდაცვის სამინისტროში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ
სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 3, 5 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც
პირველ 6 თვეში 200 000-მა სოციალურად დაუცველმა უნდა ისარგებლოს.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და
პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია "ქუთაისიპოსთან" საუბარში
განმარტავს, რომ პროგრამა სწორედ სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზეა
მორგებული.
მისივე თქმით, პროგრამას წინასარჩევნო პიართან კავშირი არა აქვს,
რასაც ადამია პირველ რიგში იმ არგუმენტით ასაბუთებს, რომ პროექტი არ
არის ერთჯერადი და მისი განხორციელება 2018 წელსაცაა დაგეგმილი.
"ეს არის პროგრამის პირველი ეტაპი და სწორედ ამიტომ გადაწყდა
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე დახმარების გაწევა.
გათვალისწინებულია ის დაავადებები და მედიკამენტები, რომლებიც
ჯანდაცვის ყველაზე დიდ ტვირთს საწმოადგენს ქვეყანაში. საუბარია
იმაზეც, რომ პროგრამა მომდევნო წელს უფრო გაფართოვდება," - ამბობს ეკა
ადამია.
მედიკამეტებით უფასოდ უზრუნველყოფის პროგრამას დადებითად აფასებენ
ექსპერტები.
ფონდ "კურაციოს" ხელმძღვანელი, გიორგი გოცაძე ამბობს, რომ პროექტი
წარმატებულია, რომელიც მისი აზრით, ბევრ სოციალურად დაუცველს გაუწევს
დახმარებას.
"ეს არ არის წინასაარჩევნო პროგრამა, რადგან მისი განხორციელების იდეა
ისმოდა არჩევნდებამდე. რაც შეეხება იმას, რომ ის ქრონიკულ
დაავადებებზეა მორგებული სწორია. იმიტომ, რომ სწორედ ქრონიკული
დაავადების მქონე პაციენტისთვისაა მედიკამენტებზე ყოველთვიური ხარჯის
გაწევა გამაღატაკებელი და აქ უნდა შეეხიდოს პაციენტს სახელმწიფო," -
ამბობს გოცაძე.
სოციალური სისტემის რეფორმა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო. ამავე
პერიოდიდან სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
სხვადასხვა სოციალურ პაკეტებთან ერთად, მედიკამენტებით უფასოდ
უზრუნველყოფის პროგრამა წელს პირველად ხორციელდება.
ახლადამოქმედებული პროგრამის, ისევე როგორც დანარჩენი სოციალური
პაკეტების მთავარი დანიშნულება, მოქალაქეებზე დახმარების
მიზანმიმართული, საჭიროების მიხედვით განაწილება და ამგვარად,
სიღარიბის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებაა ქვეყნის
მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები