მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება გაგრძელდება, ჯანდაცვის სამინისტრო
სელექციური კონტრაქტირებით შეარჩევს.
ახალი რეგულაციების დაწესებას უწყებაში იმით ხსნიან, რომ ამ გზით
პაციენტები უსაფრთხო და უწყვეტ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ზოგიერთი კლინიკის მიმართ
უკმაყოფილება მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გამოხატა. ჯანდაცვის
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კი სამედიცინო
დაწესებულებების ნაწილს საამქროები უწოდა.
ბენეფიციარების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებულ
სამედიცინო სერვისებს დადებითად აფასებენ.
თუმცა, პაციენტების ნაწილი კი თვლის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
დაწესებული რეგულაციები დროულია, რადგან მათი აზრით, კლინიკების
უმეტესობა "დასახურია."
"კლინიკაში სადაც მივედი, არ იყო ისეთი სამედიცინო სერვისი, რომ ყველა
საჭირო პროცედურა გამევლო. ეს იმიტომ, ხდება რომ ზოგიერთ კლინიკაში
ფინანსურ მოგებაზე გაცილებით მეტს ფიქრობენ, ვიდრე პაციენტის
ჯანრთელობაზე და მათი უმრავლესობა დასახურია,"- ამბობს ქუთაისში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ერთ-ერთი ბენეფიციარი.
სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის
განხორციელება შერჩევის პრინციპით მიმდინარე წლის მარტიდან
დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკები იმის მიხედვით
შეფასდება, თუ რამდენად უწყვეტ სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო
დაწესებულებებში სელექციური კონტრაქტირების საფუძველზე იმუშავებს.
"ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად, ჯერ კიდევ რჩება
სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა. ამიტომაც, ჯანდაცვის
სერვისების შესყიდვების აქტიურ მოდელზე გადასვლა და სელექციური
კონტრაქტების დანერგვა გადაწყდა. კერძოდ, მოხდება ისეთი
დაწესებულებების დაკონტრაქტება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის
მიმწოდებლებად, რომლებიც უწყვეტ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს,"
- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული.
მისივე თქმით, ეს მიდგომა პაციენტებს ფრაგმენტული სამედიცინო
სერვისების მიწოდებისგან დაიცავს.
"დაწესებულება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და არ
გააჩნიათ კლინიკური განყოფილება, სად უნდა წავიდეს პაციენტი?
შესაბამისად, ვერანაირად იქნება უსაფრთხო სამედიცინო სერვისი
პაციენტისთვის, თუ დაწესებულება ფრაგმენტულად აწვდის მას სერვისს.
ამიტომ, სადაც არ არსებობს პაციენტისთვის უწყვეტი სერვისების მიღების
შესაძლებლობა, ასეთი კლინიკები გამოიხშირება," - ამბობს ნინო
ბერძული.
რამდენად ახერხებენ ქუთაისში არსებულ კლინიკებში სამედიცინო
მომსახურების უწყვეტად მიწოდებას პაციენტებისთვის და მზად არიან თუ
არა ახალი რეგულაციებისთვის, ამის გარკვევას "ქუთაისიპოსტი"
შეეცადა.
თუმცა, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების უმეტესობა ამ
საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ თემაზე მხოლოდ მაშინ გააკეთებენ
კომენტარს, როდესაც საკითხი ოფიციალურად დადგება დღის წესრიგში.
კლინიკა, სადაც ახალ რეგულაციებს დადებითი განწყობით ხვდებიან,
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო აღმოჩნდა.
დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამაში კლინიკების სელექციური მეთოდით ჩართვა სასარგებლო იქნება
მათთვისაც და პაციენტისთვისაც.
რამდენად ხარისხიან სამედიცინო სერვისებს ახორციელებენ კლინიკები,
ამას ჯანდაცვის სამინისტრო, შეგროვებული მონაცემების საფუძველზე
მოახდენს.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების პერიოდში საკმაოდ
მოცულობითი მასალა დაგროვდა ჩვენს საინფორმაციო სისტემაში, რაც
შესაძლებლობას გვაძლევს, სწორად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ
დაწესებულებებისა, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაღალია," -
ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან
ამოქმედდა.
საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 250 - მდე კლინიკაში
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები