ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საქართველოში ძუძუს კიბო ლიდერობს.
შესაბამისად, ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც
მაღალია.
დაადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით,
თბილისის შემდეგ, იმერეთის რეგიონი ძუძუს კიბოს დაავადების
გავრცელების მხრივ მეორე ადილზეა.
ამის მიზეზად, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ "ჰერაში",
ინფორმაცისა და განათლების ნაკლებობას ასახელებენ.
ორგანიზაციაში რეპროდუქციული სისტემის სიმსივნურ დაავადებებზე 2008
წლიდან მუშაობენ. მიუხედავად ამისა, "ჰერაში" ამბობენ, რომ პროგრამაში
მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
"სამწუხაროდ, უმრავლეოსობამ არ იცის, რომ ძუძუს კიბოს ნაადრევ ეტაპზე
გამოვლენა გამოჯანმრთელების, სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტიაა.
ასევე, მოქალაქეებმა არ იციან რომ საქართველოში უფასო სკრინინგ
პროგრამა მოქმედებს, რომლითაც სარგებლობა 40–დან 70 წლამდე
ნებიმისმიერ მოქალაქეს შეუძლია",–ამბობს "ჰერა"–ს დირექტორი, მარიკა
დავითულიანი.
მისივე თქმით, მოსახლეობაში სკრინინგ პროგრამების მიმართ სტიგმა და
შიში არსებობს.
"ყველას მიაჩნია, რომ კიბო და ონკოლოგიური დაავადებები ეს არის უკვე
სასიკვდილო განაჩენი. თუმცა, ეს ასე არაა და ნაადრევ ეტაპზე
გამოვლენის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ამიტომ,
მაქსიმალურად გვინდა ყველას მოვუწოდოთ, ჩაიტარონ უფასო გამოკვლევები",
–აცხადებს მარიკა დავითულიანი.
სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის,
მამაკაცებისთვის პროსტატის და სწორი ნაწლავის სიმსივნურ დაავადებას
მოიცავს.
სარძევე ჯირკვლის სკრინინგი მამოგრაფიულ კვლევას და ექიმის
კონსულტაციას გულისხმობს. ორგანიზმში რაიმე ცვლილებების აღმოჩენის
შემთხვევაში, გარკვეული კატეგორიისთვის ექოსკოპიური კვლევაც
უფასოა.
ძუძუს კიბოს შემდეგ, სტატისტიკური მონაცემებით, მეორე ადგილზე
საშვილოსნოს ყელის კიბოა, რომლის სკრინინგზე ასაკობრივი დიაპაზონი
25–დან 60 წლის ჩათვლით მოქმედებს.
პროსტატის სკრინინგი მამაკაცებში და სწორი ნაწლავის სკრინინგი კი
50–დან 70 წლის ჩათვლით მოქმედებს.
უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად მნიშვნელობა არა აქვს რეგისტრაციის
მისამართს.
გამონაკლისი მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებზე ვრცელდება,
რომლებსაც პროგრამით სარგებლობა მხოლოდ დედაქალაქში შეუძლიათ.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ დაფინანსების წყარო იყოფა. თბილისის
მოსახლეობას დედაქალაქის მერია აფინანსებს, ხოლო რეგიონებს კი
ჯანმრთელობის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი.
ქუთაისში უფასო სკრინინგ პროგრამის ჩასატარებლად, მსურველებისთვის
წინაწარი ჩაწერის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი 23 64 64 და 26 24
20.
როგორც "ჰერაში" აცხადებენ, სტატისტიკური მონაცემებით, ავთვისებიანი
სიმსივნეების ახალი შემთხვევების გამოვლინებები მზარდია, თუმცა წინა
წლებთან შედარებით პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლინების წილი
საგრძნობლად მეტია.
"პროცენტული გამოვლინება წინა წლებთან შედარებით ნაადრევ ეტაპზე
20–25%–ით გაზრდილია. თუ ეს გამოვლინება წინა წლებში ფიქსირდებოდა
სადღაც 20–25% პირველი და მეორე სტადია, ახლა უკვე 50% და უფრო მაღალი
არის", –ამბობს "ჰერას" დირექტორი, მარიკა დავითულიანი.
კლინიკა "ჰერას" დირექტორის განმარტებით, ძუძუს კიბოს, გარკვეულ
სტადიამდე, სიმპტომატიკა არ ახასისთებს. ზოგადად, ქალბატონებმა
ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერ ცვლილებას, რასაც სარძევე ჯირკვლის
მიმართ და მის მიდამოებში შეამჩნევენ და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად
მიმართონ სპეციალისტს.
"ზოგადი სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ესაა ნებისმიერი
გამონადენი, ფერშეცვლილი ან სისხლიანი, კვანძი სარძევე ჯირკვალში,
კანის ცვლილება სარძევე ჯირკვლის მიდამოებში, სარძევე ჯირკვლის
ასიმეტრიულობა, დეფორმაცია, გადიდება. ასევე, საყურადღებოა ლიმფური
კვანძები იღლიის ქვედა თუ ლავიწის მიდამოებში," – ამბობს მარიკა
დავითულიანი.
მისივე განმარტებით, ძუძუს კობოზე არანაირი ვაქცინა არ არსებობს,
ამიტომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების ნაადრევი გამოვლენის
მეთოდებს, დიდი მნიშვნელობა აქვს.
მარიკა დავითულიანი 20 წლის ასაკიდან ყველა ქალბატონს ურჩევს, პირველ
ეტაპზე მიმართონ თვითგასინჯვის მეთოდს, რომელიც სასურველია
ყოველწლიურად ჩაიტარონ.
მეორე მეთოდი – სარძევე ჯირკვლის კლინიკური გასინჯვაა, რაც ექიმის
მიერ უნდა ჩატარდეს, მესამე კი არის მამოგრაფია, რომელიც ოქროს
სტანდარტად არის მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები