საყოველთაო დაზღვევის დასჯილი ბენეფიციარები (ვიდეო)
19:21 / 02.07.2016
საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სრული მომსახურების მიღმა 112 000
ადამიანია დარჩენლი. ეს ხალხი მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობს,
რასაც ისინი კერძო დაზღვევიდან გამოთიშვის შემდეგ იღებენ.
შედეგად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების
დიდი ნაწილი (დაზღვევის სრული პაკეტი) ბენეფიციარებისთვის
მიწუვდომელია.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თანასწორობის პრინციპის, იურისტები კი
კონსტიტუციის დარღვევაზე მიუთითებენ.
დასჯილი
ბენეფიციარები
„ძალიან ცუდია დასაჯო ადამიანი იმის გამო, რომ მას ჰქონდა კერძო
დაზვევა“, - ამბობს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის
თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი.
დასჯილთა შორის აღმოჩნდა ქუთაისში მცხოვრები 22 წლის ოლეგ
გრიგალაშვილი, რომელსაც გლანდების ოპერაციისთვის საბანკო სესხის აღება
მოუხდა. მიზეზი, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტია, რომლითაც
ის ამჟამად სარგებლობს.
„2013 წელს ვმსახურობდი ჯარში და შესაბამისად, ერთი წელი სამხედრო
დაზღვევა მქონდა. შემდეგ, როცა დამჭირდა ოპერაცია, მითხრეს, რომ
მინიმალურ პაკეტში ვიყავი და ვერ დამაფინანსებდნენ“, - განმარტავს
გრიგალაშვილი.
გრიგალაშვილის მსგავასად, ქუთაისში რეგისტრირებული 196 380
ადამიანიდან, 5 066 საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მინიმალური
პაკეტით სარგებლობს.
საქართველოს შრომის, სოციაური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით
საყოველთაოდაზღვევის ამბულატორიულ მოდულში 3 233 000 ადამიანია
რეგისტრირებული.
„ესენი მიმაგრებულები არიან ე.წ. პოლიკლინიკებში და საჭიროების
შემთხვევაში ამბულატორიულ სერვისს მიიღებენ“, - განმარტავენ
უწყებაში.
კერძო სადაზვევო კომპანიების ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ
ინფორმაციას სამინისტროში არ ფლობენ.
გზა მინიმალური პაკეტისკენ
საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარი, მას
შემდეგ ხდება, რაც ის კერძო სადაზღვევო მომსახურებას სამსახურის
დაკარგვის ან სხვა მიზეზის გამო ეთიშება.
„საუბარია 50 000–მდე ადამიანზე, (გადამოწმების პროცესშია) რომელიც
ადრე იყო კერძო დაზღვევით მოსარგებლე და ახლა პროგრამაში სრულად
ჩართვა სურთ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების შედარება-დაზუსტება,
თუ რამდენს ჰქონდა კორპორატიული დაზღვევა და რამდენი გამოეთიშა მას“,
- ამბობს „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,
დიმიტრი ხუნდაძე.
საყოველთაო დაზღვევის ამა თუ იმ პაკეტით სარგებლობის საკითხს
მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული #36 დადგენილება
განსაზღვრავს. სწორედ, ამ დოკუმენტითაა გათვალისწინებული კერძო
დაზღვევით მოსარგებლე პირის მინიმალური პაკეტით დაზღვევა, ესეც
გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ.
კერძო სადაზღვევო მომსახურების გაუქმების შემდეგ, ბენეფიციარმა
საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით სოციალურ
სამსახურს უნდა მიმართოს. მან სააგენტოში უნდა წარადგინოს ცნობა კერძო
დაზღვევის გაუქმების შესახებ. შედეგად, საყოველთაო დაზღვევის სრული
მომსახურების ნაცვლად, ის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეს
სტატუსს იძენს. საყოველთაო დაზღვევის სრული პაკეტის მისაღებად
მთავრობის დადგენილება არანაირ სხვა მექანიზმს არ ითავალისწინებს.
საყოველთაო დაზღვევა მიუწვდომელი სამედიცინო
მომსახურებით
საყოველთაო ჯანმრთლეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაზღვევის 3
ჯგუფს მოიცავს: საბაზისო და მინიმალური პაკეტებს, ვეტერანებისთვის
განკუთვნილ და საპენსიო ასაკის ხალხის მომსახურებას.
პირველ ჯგუფში შემავალი დაზღვევის საბაზისო პაკეტი სახელმწიფოს
მხრიდან 20-მდე სხავდასხვა სამედიცინო მომსახურების 70-100%-იან
დაფინანსებას ითვალისწინებს. ხოლო მინიმალური პაკეტი 100%-ით მხოლოდ 5
სერვისს აფინანსებს.
ოფიციალური უწყება ზოგადი
პასუხებით
სამინისტროში განმარტავენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, კონკრეტულად რაზეა საუბარი
და შეეხება თუ არა ეს საყოველთაო დაზღვევის თანასწორობას, უწყებაში არ
აკონკრეტებენ. სამაგიეროდ, მინიმალური პაკეტის სიკეთეებზე საუბრობენ,
თუმცა, კონკრეტიკის გარეშე.
„ხშირ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მინიმალური პაკეტი
იმაზე მეტ მომსახურებას ითვალისწინებს, ვიდრე ზოგიერთი კერძო
სადაზღვევო სქემა.
რაც შეეხება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ცვლილებებს,
მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან და დონორ
ორგანიზაციებთან. ასევე, ვმუშაობთ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან
ინფორმაციის მოწოდების ფორმატზე, რათა არ დაირღვეს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი“, - განმარტავს სოციალური
მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთბის
სამსახურის წარმომადგენელი, ტატა გამყრელიძე.
საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა
2013 წელს ამოქმედდა. მისი მიზანი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე
მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების
ხელმისაწვდომობა გახლდათ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში
განმარტავენ, რომ სადაზღვევო პრობლემებზე მოქალაქეების მიმართვიანობა
ხშირია.
საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი, ზაალ გორგიძე ამბობს, რომ არსებული
მოცემულებით ბენეფიციართა თანასწორობის უფლება დარღვეულია.
იურისტების გარდა, პროგრამის მიმართ შენიშვნები აქვთ ჯანმრთელობის
დაცვის სფეროს ექსპერტებსაც.
„ეს რეგულაცია რომ არ ვარგა, არის სრულიად უდავო. ყველა ადამიანს უნდა
ჰქონდეს წვდომა მინიმალურ-საბაზისო პაკეტ სერვისებთან, რომელსაც
ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა, ხოლო კერძო სადაზღვევო კონტრაქტები
შეიძლება იყოს სრულიად სხვა, ძალიან მცირე დაფარვებით, განსხვავებული
ხასიათის და საერთოდ არ ემთხვეოდეს სახელმწიფოს მიერ მიღებულს,“-
ამბობს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე,
დევი ხეჩინაშვილი.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო
დაზღვევის მინიმალური პაკეტით ბენეფიციართა თანასწორობის პრინციპი
ირღვევა, რაც მისი განმარტებით, ფინანსური რესურსის უკმარისობით არის
გამოწვეული.
„ანალოგიურ შემთხვევებში, გარკვეული მოცდის პერიოდი (2-დან 6 თვემდე)
საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს არ
აქვს განსაზღვრული ასეთი მოცდის პერიოდიც კი“, - ამბობს აკაკი
ზოიძე.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იმედოვნებს,
რომ მთავრობა რეგულაციას არჩევნების შემდეგ შეცვლის.
„რატომ არჩევნების შემდეგ? მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და
შესაძლოა, უფრო ადრეც იყოს ცვლილება განხორციელებული“, - ირწმუნება
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.
იმისათვის, რომ საყოველთაო დაზღვევა თანასწორი და ხელმისწვდომი
გახდეს, ექსპერტების აზრით, მთვარი მთავრობის კეთილი ნება და ის
ფინანსური რესურსია, რაც პროგრამის სრული მომსახურების მისაღებად არის
საჭირო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, იმერეთში
ვირუსების გავრცელების კუთხით საგანგაშო ვითარება არ
გვაქვს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში,
ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები