იმ ადამიანებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგიები აქვთ, მარტში დაავადების სიმპტომები განსაკუთრებით აწუხებთ.
რა არის ამის მიზეზი? რატომ უქმნის გაზაფხულის პირველი თვე პაციენტთა ამ კატეგორიას დისკომფორტს და რატომ ხდება საჭირო ექიმთან ვიზიტების გახშირება? დადგენილია, რომ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობიარობა ბუნებრივი ფაქტორების მიმართ. ამ მოვლენას მეტეომგრძნობელობას უწოდებენ. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ კარდიოლოგიური პაციენტები განსაკუთრებული მეტეომგრძნობელობით გამოირჩევიან. ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ამინდის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებენ ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება.
მარტი კი ის თვეა, რომელსაც ახასიათებს ამინდის საოცარი არამდგრადობა, მკვეთრი მერყეობა. ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე დღეში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს. ასეთი მერყეობა ჯანმრთელ ადამიანსაც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის. სავსებით ბუნებრივია, რომ წლის ეს პერიოდი კარდიოლოგიური პაციენტებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია. ამინდისა და ბუნებრივი ფაქტორების მკვეთრ მერყეობას თავისი მიზეზი აქვს – ზამთარი გაზაფხულით იცვლება. ადამიანის ორგანიზმშიც ზამთრისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესი გაზაფხულისთვის ტიპურ რეჟიმზე "გადაირთვება", რაც ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებაზე პოვებს ასახვას.
ცალკე საუბრის თემაა მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე მოქმედებს. სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს ზოგიერთი მკვლევარი იმის მიზეზად, რომ გულსისხლძარღვოვანი კატასტროფები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და მძიმე ჰიპერტონიული კრიზები - გაზაფხულზე უმეტესად მაგნიტურქარიშხლიან დღეებში ხდება. ზემოთ აღწერილი მექანიზმებით მარტში იცვლება არტერიული წნევის მაჩვენებლები, სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია, ლიპიდური ცვლა, გლუკოზისადმი ტოლერანტობა, ორგანიზმის იმუნორეაქციულობა, მგრძნობელობა სხვადასხვა მედიკამენტისა თუ ტოქსიკური ნივთიერების მიმართ, ყოველივე ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების გამწვავების მიზეზი.
წყარო:
mkurnali.ge
მასალის გამოყენების პირობები