გართობა
როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ახალ წელს
FaceBook
მსოფლიო ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ თუ წლის პირველ დღეს სუფრა უხვი იქნება, მთელი წლის განმავლობაში ოჯახს არაფერი მოაკლდება. საახალწლო სუფრას ძირითადად ეროვნული კერძები ამშვენებს.

ამერიკა


შობისა და ახალი წლისთვის მზადება შეერთებულ შტატებში ერთი თვით ადრე – ნოემბრის ბოლოდან იწყება. ამერიკაში შობა ზეიმს, წვეულებას, საჩუქრებს და სურვილების ახდენას უკავშირდება. 

ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ არ არსებობს. რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა, საახალწლოდ შემწვარი ხორცია მთავარი კერძი, სტარტერად შებოლილი ორაგულისგან დამზადებულ სხვადასხვა ვარიაციას მიირთმევენ, დესერტი კი რეგიონულ კულინარიაზე ან თავად მზარეულზეა დამოკიდებული. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ე.წ. ,,პრეზიდენტის ნამცხვარს", რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია.

სამხრეთ კორეა


სამხრეთ კორეის ახალი წელი მთვარის კალენდრის პირველ დღეს აღინიშნება. ახალი წელი, რომელსაც სოლალი ეწოდება, წელს მას 25 იანვარს აღნიშნავენ.
ამ დღეს კორეელთა უმეტესობა მშობლიურ მხარეებში ხვდება, რათა წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგოს. სოლალი ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია კორეაში . სოლალი სამ დღიანი დღესასწაულია რომელიც თავისთავად ახალ წელს იწყება.

სამხრეთ კორეაში 1 იანვარი დასვენების დღეა. ქვეყნის მოსახლეობა ამას აღიქვამს, როგორც დასვენების ნანატრ დღეს და არა დღესასწაულს. ამ დღეს, უმეტესად, ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში ატარებენ.

ინდოეთი


ინდოეთი ერთერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთ-ერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ"გუდი პადვას". ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.

მკაცრად აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცხყოფა. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, იმოსებიან სადღესასწაულოდ , შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება.

იაპონია

ახალი წლის დღესასწაული ერთ – ერთი უმთავრესი დღეა იაპონიაში. დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს, მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები, ისვენებენ ფირმები , კომპანიები , ბანკები.მსხვილი სავაჭრო ცენტრები ახალ წელს არ მუშაობენ, მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი , პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები.

სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს და ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვრიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108 – ჯერ რეკავენ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა ისმის მთლიანად იაპონიის ქალაქებში, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.

იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს , ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. საახალწლო საჩუქრებიც იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა , ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე ემზადებიან.

იტალია


იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და ბავშვებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.იტალიელ თოვლის ბაბუას "ბაბო ნატალე" ჰქვია. 

იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.

გერმანია

ახალი წელი გერმანიაში მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს. იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით, საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.

თურქეთი


მუსლიმანურ თურქეთში ახალი წელი ოფიციალური დღესასწაული 1935 წელს გახდა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ 1 იანვარია დასვენების დღე. თურქები შობას არ აღნიშნავენ და ამ ქვეყანაში ახალი წელი ჯერ კიდევ 21 მარტს მოდის, როდესაც მუსლიმები ნავრუზს აღნიშნავენ. ამასთან, თურქეთის ყველა დიდ ტურისტულ ცენტრში ამ ზამთრის დღეებში, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და კლუბებს ამშვენებს ევროპული საშობაო ნაფლეთები: ხეები, გირლანდები, ფიფქები, ბურთები და სანტა კლაუსის ფიგურები.

ბულგარეთი

ბულგარეთში საახალწლო სუფრა თევზის გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით კობრი უყვართ. სატენიან კობრს ჰაერღუმელში წვავენ და შემწვარ ხახვსა და ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს სიუპრიზებიანი ღვეზლები. მას შინდის კვირტებსა და მონეტებთან ერთად აცხობენ. ვისაც ერთი კვირტი შეხვდება, ჯანმრთელი იქნება, ვისაც ორი - ბედნიერი, ვისაც სამი - დაოჯახდება, ვისაც ოთხი - წარმატებული კარიერა ან კარგი განათლება ელოდება. ვისაც მონეტა შეხვდება, იგი ახალ წელს გამდიდრდება. გაჭრამდე ღვეზელს ყურადღებით აკვირდებიან, თუ თავზე ბევრი ბუშტუკი აქვს, ოჯახს დიდი ბედნიერება ელოდება.

დიდი ბრიტანეთი

საუკუნეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე საშობაოდ განსაკუთრებულ ფაფას მიირთმევდნენ. მას ღორის ბულიონით ამზადებდნენ, უმატებდნენ პურის ნატეხებს, ქიშმიშს, ნუშს, შავ ქლიავს, თაფლს და სტუმრებს ცხელს მიართმევდნენ. შემდეგ მას იორკშირული პუდინგი დაარქვეს.

დღეს მას `პუდინგი ცეცხლში~ ჰქვია და საშობაო სუფრის აუცილებელი კერძია. სუფრაზე მიტანის წინ კონიაკს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. ბრიტანელები შობა-ახალ წელს აუცილებლად მიირთმევენ ინდაურს ხურტკმლის სოუსით, როსტბივს, საშობაო პუდინგს და სვამენ ბრენდის

საფრანგეთი

საფრანგეთში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს სისხლიანი ძეხვი. ამ დროისთვის ასუქებენ ბატებსა და ინდაურებს, კლავენ ღორებს და ძეხვს ამზადებენ. სისხლიანი ძეხვის გარდა, ტრადიციული კერძებია შემწვარი ბატი და ინდაური, შემწვარი ღორის თავი, ბარდა, ლობიო, ოსპი, კაკალი, წაბლი, ტკბილეული. ახალი წლის დადგომას პარიზელები ქუჩაში ელოდებიან, ბასტილიის მოედანზე ცეკვებს მართავენ. ახალი წლის დადგომას კი ერთმანეთს კოცნით ულოცავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.