2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება - დღეს აბიტურიენტები
მათემატიკის გამოცდას აბარებენ.
ამჟამად პირველი სესია მიმდინარეობს, სადაც 95%-მდე გამოსაცდელი
გამოცხადდა. გამოცდაზე არავის დაუგვიანია.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე
დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ
დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო
ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი
ფუნქციონირებს – საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში,
ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში,
რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის
–სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი
ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი
უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით,
გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი
დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს –
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს,
მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის
ამაღლების მსურველებს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები