ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათისა და გელათის საჯარო
სკოლების პედაგოგი თეა ღვინიანიძე შვეიცარიაში, "CERN"-ში,
გაემგზავრა.
ის, ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, ერთკვირიან
სტაჟირებას გადის, რომელიც გუშინ, 26 მარტს დაიწყო და 1 აპრილის
ჩათვლით განხორციელდება.
სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ
ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო
საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას
სკოლებში.
„ვეცნობით ძალაინ საინტერესო ინფორმაციებს სამყაროს წარმოშობის
შესახებ და ბევრ საჭირო თემას. გვაქვს საინტერესო ვორქშოფები და რაც
ძალიან სასიხარულოა, ამ ყველაფერს ქართველები უძღვებიან მსოფლიოს სხვა
ქვეყნის მეცნიერებთან ერთად. ვფიქრობ დიდ გამოცდილებას მივიღებ,
რომელსაც შემდეგ ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარებ“,- ამბობს თეა
ღვინიანიძე.
უცხოეთში სასწავლო ვიზიტამდე თეამ „მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო
მონაწილეობა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების
ფიზიკის მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი. პედაგოგთა სტაჟირებაც
სწორედ ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა.
რაც შეეხება "CERN"-ს, ის მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით
ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მეცნიერებს წარუდგენს სხვადასხვა
შესაძლებლობას კვლევების ჩატარებისათვის ექსპერიმენტალური და თეორიული
ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები