ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტმა ერთი წლის დაგვიანებით წელს სტუდენტების პირველი
ნაკადი მიიღო.
უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 60 ათას სტუდენტზეა გათვლილი,
დარეგისტრირებული 1112 აბიტურიენტიდან სწავლას 246 პირველკურსელი
გააგრძელებს. თუმცა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ უნივერსიტეტის
ადმინისტრაცია 1000 სტუდენტის მიღებას აანონსებდა.
ისინი კომპიუტერულ მეცნიერებას,
მათემატიკასა და მენეჯმენტს შეისწავლიან.
სასწავლებლის ინფორმაციით, უნივერსიტეტში
ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა
პირველ ნომრადდ, ხოლო, სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო
დაფინანსების მოპოვება.
რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და
მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან,
თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა
რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წელს სტუდენტები
ეყოლება ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნიდან და მათ შორის
აშშ-დან.
,,ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულების მფლობელი
სტუდენტი, გამყოფი ხაზის მიმდებარე მცხოვრები, სსიპ წალენჯიხის
მუჟავას თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოგონაა, რომელმაც
სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად, KIU-ს გრანტიც (შიდა
დაფინანსება) მოიპოვა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები ასევე გახდნენ სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული
კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდებიც. მათ შორის,
მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი
ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული
გამომგონებელი."
მომავალი წლებიდან უნივერსიტეტში რამდენიმე
მიმართულების, მათ შორის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სამშენებლო
ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, ენერგო ინჟინერიის, განათლების,
ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მედიცინის დამატება
იგეგმება.
60 000 სტუდენტზე გათვლილ საერთაშორისო
უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველ ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო.
სასწავლებლის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა,
რომელსაც მაშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
ესწრეობდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი
"ქართუს" დაფინანსებით აშენდა.
ავტორი: ანა
ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები