პურის სახლი ქუთაისში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პურს ხორბლის ქართული ჯიშებისგან აცხობენ
17:00 / 08.09.2017
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის
ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე
საწარმოებს.
***
პურის საწარმო „თავთუხი“ ქუთაისში დაახლოებით ერთი წლის წინ,
რამდენიმე ადამიანის ინიციატივით და სახელმწიფო პროგრამა
„აწარმოე საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა.
პროფესიით ექიმი, მაია ნუცუბიძე დამფუძნებელთაგან ერთ-ერთია. ის
ამბობს, რომ მათ მიზნად მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი
პურ-პროდუქტების მიწოდება დაისახეს, მით უმეტეს, რომ მიმდინარე
ეტაპზე, ქვეყანაში, ამ მხრივ, დიდი დეფიციტია. საწარმოში თავიდანვე
იცოდნენ, რომ პური მხოლოდ ქართული ხორბლისგან უნდა დაემზადებიათ,
ამიტომ სახელწოდებაც, სწორედ ხორბლის უძველესი ქართული ენდემური
სახეობებიდან შეარჩიეს.
„თუმცა, ეს ადვილი არ ყოფილა. ამისთვის ბევრი ახლის სწავლა, უამრავი
სიძველის მოძიება და დაუღალავი შრომა დაგვჭირდა. რთულია ტექნოლოგია,
რომელმაც ჯანსაღი პროდუქტის მიღება უნდა უზრუნველყოს. საკმაოდ რთული
აღმოჩნდა, აგრეთვე, ეკოლოგიურად საიმედო ფქვილის მოპოვება.
საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ამ საქმეში გვერდით
დაგვიდგნენ“ - ამბობს მაია ნუცუბიძე.
საწარმოში მთავარი ნედლეული ხორბლის ქართული ჯიშებისგან მიღებული
ფქვილია, რომელსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“
ასოცირებული ერთ-ერთი ფერმერისაგან ყიდულობენ.
„მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14-ია
აღწერილი და მათგან ხუთი ენდემური, აბორიგენული ჯიშია, რაც იმას
ნიშნავს, რომ უნიკალურია და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოდის.
მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულია წითელი დოლი, რომელსაც ,,ქართული
ხორბლის სასწაულს“ სწორედ იმიტომ უწებენ, რომ უამრავი უნიკალური და
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებით გამოირჩევა,“ - განმარტავს მაია
ნუცუბიძე.
წითელი დოლი და ლომთაგორა - ეს ქართული ხორბლის სახეობებია,
რომელთაგან „თავთუხში“ პურს ამზადებენ. ასევე, საწარმოში ცხვება
საქართველოში, ბიო სასუქზე მოყვანილი ჭვავის პურიც.
"ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ნედლეული ქართულ
მიწაზე, ბიოსასუქზეა მოყვანილი და არ არის პესტიციდებით, ნიტრატებით
და ჰერბიციდებით გაჯერებული. გარდა ამისა, ხორბლის ეს სახეობები
უხეშად იფქვება და ცეხვილი ფქვილი ეწოდება. სწორედ, დაფქვის ასეთი
ტიპის დროს ინარჩუნებს ხორბალი თავის ყველაზე სასარგებლო თვისებებს,"
- განმარტავს პურის სახლის ერთ- ერთი დამფუძნებელი და წარმოების
ხელმძღვანელი, მზია ბენდელიანი.
ამ დროისთვის „თავთუხში“ პურის 4 ძირითად სახეობას აწარმოებენ.
საწარმოში წარმოებულ პროდუქტებს არც ერთი ქიმიური ნივთიერება ე.წ
ვიტამინები, პურის საღებავები და სხვა ერევა, რომლებიც ადამიანის
ჯანმრთელობისთვის საკმაო საფრთხეს წარმოადგენენ. რაც შეეხება საფუარს,
საწარმოში იყენებენ მხოლოდ ნატურალურ საფუარს ანუ „პურის დედას“,
რომელიც „თავთუხის“ დამფუძნებლების მიერ ჩამოყალიბებული სპეციფიური
ტექნოლოგიით დამზადდა.
"ყველაფერი „პურის დედასაგან“ დაიწყო ის დიდი რუდუნებით შევქმენით
წარმოების დასაწყისში და მას შემდეგ თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით:
ვკვებავთ, ვამრავლებთ, ვეფერებით და სათუთად, ამისათვის საჭირო
გარემოში, ვინახავთ, რატომღაც "ჩვენს გოგოებს“ ვუწოდებთ,“ - გვიხსნის
მაია ნუცუბიძე.
„თავხუთში“ პირველი პროდუქტი 2017 წლის მარტში მიიღეს. ნაწარმმა
ლაბორატორიული კვლევები მიმდინარე წლის მაისში წარმატებით გაიარა და
შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღო.
დღეს „თავთუხის“ პურ-პროდუქტები ქუთაისში საწარმოს ბრენდულ მაღაზიაში
და ადგილობრივ სუპერმარკეტებში იყიდება. გარდა ამისა, მათ რეგიონში
არსებული რამდენიმე სასტუმროს დამსვენებლებიც აგემოვნებენ,
რომლებისთვისაც ,,თავთუხი“ პურ-ფუნთუშეულის ექსკლუზიური მიმწოდებელია.
თუმცა, როგორც საწარმოს დამფუძნებელი ამბობს, მომავლისთვის თბილისის
და ბათუმის შესაბამის ბაზარზე შესვლასაც გეგმავენ და ამისათვის
მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
საწარმომ, დაარსებიდან მოკლე დროში, არაერთ ადგილობრივ და ქვეყნის
მასშტაბით გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. მათ შორის,
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის "აირჩიე
ქართულის“, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში,
ასევე, ქუთაისში „გვირილობისა“ და „დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ
ღონისძიებებზე.
იხილეთ რუბრიკის
ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები