შენობის რეკოსნტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი 217 364 ლარის
ღირებულებისაა.
ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო
სამუშაოებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოცხადდა,
217 364 ლარის ღირებულებისაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის
შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს
დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფული კუთხე, ბარგის შესანახი და
ვირტუალური გიდის ოთახები განლაგდება.
შენობის მესამე სართული საინფორმაციო ცენტრის გარდა სუვენირების
მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების
წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა.
მეოთხე სართული კი საკონფერენციო დარბაზსა და საგამოფენო სივრცეს
დაეთმობა.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელმა
რუსთაველის #9–ში მდებარე ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა
დაიწყოს და 4 თვეში უზრუნველყოს.
2011 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში, რუსთაველის
მოედანზე აშენდა. შენობა ფერადი მინის კონსტრუქციას წარმოადგენდა.
თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, შენობის
სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. ის მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთმანეთის
მიყოლებით, სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა.
ქუთაისის მერიაში განმარატვდნენ, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის
ფერადი მინის შენობამ თავისი
ფუნქცია ვერ შეასრულა, რის შემდეგაც მერიის
ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლა.
რუსთაველის მოედანზე ფერადი კონსტრუქციის
ობიექტის დემონტაჟი გასულ თვეში განხორციელდა.
ადგილობრივი მთავრობა ამ ადგილზე
ენერგოეფექტური სკვერის მოწყობას გეგმავს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებას, "მირზაანის" ყოფილ
შენობაში, რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ გააგრძელებს.
ობიექტი ქუთაისის მერიამ
გასულ წელს შეიძინა.
როგორი იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის
ინტერიერი ნახეთ ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები