2016 წელს თითქმის ყველა ადმინისტრაციული ხარჯია გაზრდილი
ქუთაისის მერიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ,
ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის პოლიტიკა გამოაცხადა. ოპოზიციისა
და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, ხელისუფლებამ, ბოლო წლებში
ხარჯების ნაწილობრივი შემცირებით უპასუხა, თუმცა, ფინანსების დაზოგვის
დინამიკა წლების მიხედვით არასტაბილურია.
2013 წელთან შედარებით, რომლის დაგეგმვაშიც "ქართული ოცნების"
ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, 2014 წლის ბიუჯეტში ახალმა
ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის მილიონ 188 100 ლარით
ნაკლები გაითვალისწინა.
ხარჯვითი ნაწილის მკვეთრად შემცირების ტენდენცია მომდევნო წლებში აღარ
გაგრძელდა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელს, 2014 წელთან
შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები მხოლოდ 986 500 ლარით შეამცირა.
პარალელურად, იმავე წლის მონაცემებში 43 ათას 700 ლარით გაზარდა
შრომის ანაზღაურება, თითქმის 60 ათასით სამივლინებო ხარჯები და 5 600
ლარით სხვა მომსახურების თანხა.
ამასთანავე, 2015 წლის ბიუჯეტში პირველად გამოჩნდა სხვა ხარჯები,
რომელიც წინა წლების ბიუჯეტში ამ კლასიფიკაციით არ გვხვდებოდა. სხვა
ხარჯებისთვის აღმასრულებლმა ხელისუფლებამ გასულ წელს 14 000 ლარი
დახარჯა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ხშირ
შემთხვევაში ბუნდოვანია რას მიიჩნევს ხელისუფლება ადმინისტრაციულ
ხარჯად.
"ძნელი სათქმელია, რა არის ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული ხარჯი და
საერთოდ, ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა პროცესი მიდის ძალიან
ბუნდოვნად, მათ შორის კონტროლიც, რომელსაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი
აქვს",- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"
დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.
ბუნდოვანია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთი
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის. სამსონ გუგავა მიიჩნევს, რომ ხარჯების
შემცირების პოლიტიკა მაშინ იქნება ეფექტური, თუ დაზოგილი თანხა
გამჭვირვალედ დაიხარჯება.
"სად მიაქვთ ეს დაზოგილი თანხა? თუ ვამცირებთ ხარჯებს, მაშინ უნდა
ვიცოდეთ რისთვის და რატომ ვამცირებთ. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ
სფეროს, რომელსაც ხარჯების შემცირებით დაზოგილი თანხა მოხმარდა",-
ამბობს სამსონ გუგავა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ადმინისტარციული ხარჯების დაზოგვის
პოლიტიკა ეფექტურია ქუთაისის მერისთვის. შოთა მურღულია ამბობს, რომ
ქუთაისის ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით,
ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ყველაზე მცირე თანხას ხარჯავს.
"საქმე რომ აკეთო, მის მართვაში ფული უნდა დახარჯო. ქუთაისის მერია
ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ბიუჯეტის მხოლოდ 10%-ს ხარჯავს, რაც
არის საუკეთესო მაჩვენებელი. ის სოციალური პროექტები, რომელიც
ხორციელდება, სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად გამოთავისუფლებული
თანხებით დაფინანსდა",- ამბობს შოთა მურღულია.
ქალაქის მერის ოპტიმიზმის მიუხედავად, ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა არ
გაგრძელდა 2016 წელს. ქუთაისის მერიამ მიმიდნარე წლის ადმინისტრაციული
ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თუმცა, 2016 წლის ბიუჯეტის
მიხედვით, თითქმის ყველა ადმინისტრაციული ხარჯია გაზრდილი. მათ შორის
შრომის ანაზღაურებაზე მერია წელს 344 700 ლარით მეტს ხარჯავს. 400
ათას ლარიანი მატებაა საქონელსა და სხვა მომსახურებაზე. 90 ათასი
ლარითაა გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე, ჯამში 80 ათასი
ლარით მეტის გათვალისწინება მოუწია მერიას საშტატო ერთეულის,
მივლინებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად.
ამასთანავე, კლებადი დინამიკაა ადმინისტრაციული ხარჯების გეგმასა და
შესრულებას შორის ნაშთში.
ქუთაისის მერიამ, გასულ წელს ამ ნაწილში ყველაზე მცირე თანხა დაზოგა.
2015 წლის მაჩვენებლები 5-ჯერ უფრო ნაკლებია (269 100 ლარი) წინა წლის
მონაცემებზე და 3 ჯერ უფრო მცირე, ვიდრე 2013 წლის ნაშთი
(988200 ლარი).
მასალის გამოყენების პირობები