საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლება ფქვილის იმპორტს არ შეზღუდავს.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოში რუსეთიდან იაფფასიანი ფქვილი ხვდება და წისქვილკომბინატების მუშაობა ზარალიანი ხდება.
1 თებერვლიდან რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე გადასახადი დააწესა, რომელიც ტონაზე ღირებულების 15% +7,5 ევროს შეადგენს. მეორე მხრივ, რუსეთმა შიდა პროდუქტის შექმნისა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მიზნით, გადამამუშავებელი საწარმოები გააძლიერა და ფქვილის ექსპორტის ხელშეწყობა გადაწყვიტა.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განმარტებით, ასეთ ვითარებაში ყველა თავმოყვარე ქვეყანა იცავს საკუთარ ბაზარს. მას მაგალითად მოჰყავს თურქეთი, რომლის ფქვილმაც ფილიპინების ბაზარი გაავსო. ამ უკანასკნელმა კი ამ პროდუქტზე მაღალი საბაჟო გადასახადი დააწესა.
სილაგავას თქმით, იგივე ზომებს იღებენ ევროპული ქვეყნები, სადაც ერთ ტონა იმპორტირებულ ფქვილზე 172 ევროს მოცულობის გადასახადი მოქმედებს. ლევან სილაგავას თქმით, ხელისუფლება უკვე ინფორმირებულია დარგის პრობლემის შესახებ და წისქვილკომბინატები მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ერთერთ დამცავ მექანიზმად ის "ადგილობრივი ბაზრის დაცვის შესახებ" კანონპროექტს ასახელებს.
"დიდი ხანია ველოდებით კანონპროექტის მიღებას ვაჭრობაში ადგილობრივი ბაზრის დაცვის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ თუ ადგილობრივი წარმოების რომელიმე დარგს ემუქრება გაჩერების საფრთხე, მთავრობას აქვს უფლება, ოპერატიულად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდოს იმ პროდუქციის იმპორტი,"– აცხადებს სილაგავა.
იგივე პრობლემაზე საუბრობს აზერბაიჯანული კომპანიის კარატ ჰოლდინგის წარმომადგენელი რენა ბაბაევა, რომელიც ამბობს, რომ იაფფასიანი რუსული ფქვილის შემოტანა არამომგებიანს ხდის ფქვილის ადგილობრივ წარმოებას. ის აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში მთავრობამ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები რუსული ფქვილის იმპორტის შეზღუდვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში წისქვილკომბინატებს ფქვილის იმპორტზე გადასვლა მოუწევთ, თუმცა სამუშაო ადგილები დაიკარგება.
საქართველოში სულ 15 წისქვილკომბინატია, რომელთაგან თოთოეულში 70–მდე ადამიანია დასაქმებული. მომიჯნავე სფეროებში მომუშავე ადამიანების რიცხვი კი, რომლებიც ხორბლის გადამუშავებას უკავშირდებიან, 2,500–ს აღწევს.
Commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები