ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით პარკირების ადგილების ელექტრონულ აუქციონს ორ კვირაში გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მურღულიას განმარტებით, პარკირების აუქციონი მთავრობის მიერ ახალი რეგულაციების დამტკიცების შემდეგ გამოცხადდება.
"როგორც კი მთავრობის მიერ მოხდება ტექნიკიური შესწორება, აუქციონი მაშინვე გამოცხადდება. მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას შეეძლოს სადაც უნდა ყველაგან გააჩეროს და ცალ-ცალკე აბონემენტები არ გააჩნდეს. ესაა გაცილებით კომფორტული და ქალაქს შემოსავლებიც გაეზრდება. ვინც ყველაზე მეტად იყვირებს ამ თემაზე, ყველაზე მეტად იმას აწუხებს 50 ათასიდან 700 ათას ლარამდე თანხის გაზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში, " - აცხადებს შოთა მურღულია.
ქალაქში პარკირების ადგილების ერთ ლოტად აუქციონზე გატანას საკრებულოს უმცირესობა კრიტიკით შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამცხადებული აუქციონით ინევსტორები არ დაინტერესდებიან.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილია განსაზღვრული. აქედან, 197 ადგილი საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილები იქნება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები