ქუთაისური "ცისარტყელა" – ფეხსაცმლის საწარმო 26 წლიანი გამოცდილებით
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში", რომლის ფარგლებშიც, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ, შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

მორიგი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ, ფეხსაცმელების საწარმო "ცისარტყელა" გახლავთ.

XXX


1990-ანი წლების დასაწყისში ორი მეგობრის შექმნილი საწარმო დღეს უკვე პოპულარული ბრენდია. "ცისარტყელა", სადაც ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს კერავენ, 26 წლის წინ ქუთაისის მაშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიისა და კონსტრუირების სპეციალობის კურსდამთავრებულებმა დააფუძნეს.

საწარმოს სახელწოდება კი დროისა და მდგომარეობის შესაბამისად შეურჩიეს.

"მაშინ ქუთაისი ჩაბნელებული იყო, ამ სახელით კი გვინდოდა ფერადი ფერები შეგვეტანა ჩვენს ცხოვრებაში, საქმიანობაში და ჩვენს ირგვლივ მყოფებში," - ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები.

იმ დროისთვის ისინი თითოეულ პროდუქციას ხელით კერავდნენ. "ცისარტყელას" ნიშნით დამზადებულმა ფეხსაცმელმა მომხმარებლის მოწონება მალე დაიმსახურა. პოპულარობამ საწარმოს წინაშე ახალი მოთხოვნები დააყენა. კომპანიას დაემატა თანამშრომლები, ხელით შრომა კი თანამედროვე დანადგარებმა შეცვალეს. დღეს "ცისარტყელა" ოჯახური ბიზნესია. მას სათავეში ცოლ-ქმარი, დარეჯან ძინძიბაძე და გოჩა გრძელიშვილი უდგანან.



ამჟამად საწამოში 15-მდე თანამშრომელია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია ქუთაისში ორ ბრენდულ მაღაზიაში, თბილისსა და ბათუმშიც იყიდება. "ცისარტყელას" ნაწარმის შეძენა ადგილობრივ მომხმარებელს მაღაზია "ბრავოში" შეუძლია.

ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის მოდელებს დიზაინერი გოგონები ქმნიან. საწარმოში გვიხსნიან, რომ სერიულ წარმოებამდე ჯერ სანიმუშო მოდელი იქმნება, რომელიც ადგილზევე გამოიცდება.

გამოცდილი მოდელი გრადირებას გადის, რაც ზომებში გადამრავლებას ნიშნავს. ამის შემდეგ თარგი თანამედროვე ლაზერის აპარატურით გამოიჭრება და მას ზედაპირის შემკერ უბანზე აგზავნიან. შეკერილი თარგი მომჭიმ უბანზე გადადის, სადაც მისი ნაწილობრივ ავტომატურად მოჭიმვა ხდება. ფეხსაცმლის ერთი მოდელის საბოლოოდ დამზადებას 2-3 დღე სჭირდება.



"ცისარტყელას" ფეხსაცმელი, საწარმოს დაარსების დღიდანვე, მხოლოდ ნატურალური ტყავისგან მზადდება. დარეჯან ძინძიბაძე გვისხსნის, რომ ხელოვნურ აქსესუარს მოდის ტენდენციის მიხედვით იყენებენ.

"თავიდანვე გვინდოდა ჩვენი ნიშა დაგვეკავებინა ბაზარზე და ამიტომ ჩვენი ფეხსაცმელი ნატურალური უნდა ყოფილიყო. ეს დასაწყისშივე დაიგეგმა, რაც პირველ რიგში გამოგვარჩევს. ვცდილობთ, ფეხსაცმელი იყოს კომფორტული. რადგან სპეციალობა და ცოდნა გვაქვს შესაბამისი, ვიცით, რომ ფეხსაცმელს ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხსაცმლით გამოწვეულმა დისკომფორტმა, შესაძლოა, ადამიანს ძვალსახსროვანი სისტემა დაუზიანოს ან სისხლძარღვებზე დააწვეს. ამ კომპონენტის გარდა, ამავე დროს, აქცენტს პროდუქციის გამძლეობაზეც ვაკეთებთ," - განმარტავს დარეჯან ძინძიბაძე.



დღეისათვის საწარმოში ძირითადი ნედლეული, ნატურალური ტყავი ევროპიდან შემოაქვთ, თუმცა ზოგჯერ საქართველოში დამზადებული ტყავითაც სარგებლობენ. "ცისარტყელას" ხელმძღვანელი იმ დროზე ოცნებობს, როდესაც კომპანიას საკუთარი ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა ექნება. ამისთვის საწამოში მზადება უკვე დაწყებულია.

"ჩვენი ოცნებაა ოდესღაც ჩვენი ტყავის ქარხანა გვქონდეს, რადგან პროდუქციის ფასწარმოქმნაში დიდი წილი აქვს ტყავს. ადგილზე წარმოებული ტყავი პროდუქციას გააიაფებს," - ამბობს დარეჯან ძინძიბაძე.

"ცისარტყელაში" ადგილობრივი ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობის მიზნით სიახლის დანერგვას აპირებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ დიზიანერებს საწარმოში თავიანთი ექსკლუზიური მოდელების შექმნის საშუალება ექნებათ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.