ქუთაისში კორონავირუსის მართვაში ჩართული
კლინიკების სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50 პროცენტს
დანამატის სახით მიიღებენ.
სახელფასო დანამატის მიღების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე
ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ექიმების გარდა სახელფასო დანამატს სამედიცინო
პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს.
"დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ
ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ
პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო
ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად
ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები,
რომლებიც ამ პროფილს ფარავენ,"- განაცხადა ტიკარაძემ.
ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ანაზღაურების
50%-ს დანამატის სახით ქუთაისში ორი კოვიდკლინიკის და ოთხი ცხელების
ცენტრის თანამშრომლები მიიღებენ.
კორონავირუსიან პაციენტებს
ახალ ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა ,,ბომონდში" მკურნლობენ.
ცხელების ცენტრების ფუნქცია „ჰოსპიტალსერვისს“ (ავტოქარხნის
დასახლებაში მდებარე #5 პოლიკლინიკა), რეგიონულ კლინიკურ
საავადმყოფოს, „მედიქალსითის“, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს
აქვს.
კორონავირუსის მართვაში ჩართულ რამდენ პერსონალს
შეეხება ხელფაისის მატება ქუთაისში ამ დროისათვის უცნობია,
სამინისტროში აცხადებენ, რომ თემის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მას
შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაბამისი დადგენილება მომზადდება
და მთავრობას გადაეგზავნება. უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილება
მზადების პროცესშია და მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში
გადაეგზავნება.
მინისტრის ინფორმაციით, ექიმები 50%-იანი
დანამატს იმ ხელფასზე მიიღებენ, რომელიც საათობრივ ანაზღაურებაში
თითოეულის საბაზრო ღირებულებაა.
მასალის გამოყენების პირობები