ჭიათურის მაღაროები, რომლებიც
ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა
დაიხუროს.
"ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც
ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მომპოვებელი ერთადერთი ლიცენზიანტი
კომპანიაა, მაღაროებს არარენტაბელურად თვლის. უკვე სამი თვეა ადგილზე
მადნის მოპოვება შეჩერებულია. ამდენივე დროა, მაღაროელები ხელფასის
მხოლოდ 60%-ს იღებენ და სამსახურში დაბრუნების მოლოდინში არიან.
საწარმოების მოულოდნელი გაჩერება და მიმდინარე პროცესები, მათ
მომავალს ბუნდოვანს ხდის.
მშრომელები უკვე საფუძვლიანად
შიშობენ, რომ შესაძლოა მაღაროები დაკონსერვდეს, რაც მთელი ჭიათურის
მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ მაღაროები გაჩერდა, ათასობით
დასაქმებული და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე
დარჩებიან.
სამაგიეროდ, არაფერი
შეიცვლება კომპანიისთვის, რომელიც მადნის მოპოვებას ღია კარიერული
წესით, ნაკლები დანახარჯებით გააგრძელებს, რასაც ახლაც აკეთებს.
მშრომელები ამბობენ, რომ მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზისთვის"
ტვირთია და ახლა ის მათგან გათავისუფლებას ცდილობს.
"ამათ [ჯორჯიან
მანგანეზი] უნდათ, რომ კარიერული სისტემით გაზიდონ აქედან ყველაფერი.
შეუძლიათ ერთი ტრაქტორით აკეთონ ასი კაცის საქმე. სწორედ ეგ უნდათ,
რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ფული მიიღონ. მაღარო რომ საერთოდ აღარ
არსებობდეს, ამაზეა საუბარი, საუბარია მაღაროს გარეშე მანგანუმის
მოპოვებაზე. მათ ინტერესში არ შედის ჭიათურელების ბედი. თუ მაღაროები
დაიხურა, ჩვენ იძულებული გავხდებით წავიდეთ აქედან. ჭიათურა
ინდუსტრიული ქალაქია, ოჯახების 99% მიბმულია ამ წარმოებაზე, ამის
გარეშე ეს ქალაქი როგორ წარმოგიდგენიათ? მათთვის ჭიათურა ფულის
მოპოვების ადგილია, აქ რომ ხალხი ცხოვრობს, ეს
მეათეხარისხოვანია", - ამბობს მაღაროელი მერაბ
სარალიძე.
მადნის ზედაპირზე მოპოვება
კომპანიისთვის ბევრი თვალსაზრისით არის მომგებიანი. როგორც წესი, ამ
მეთოდით სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ე.წ. კოოპერატივები
ახორციელებენ, რომლებსაც მუშახელი კერძო შეთანხმების საფუძველზე ჰყავთ
დაქირავებული. მათ მიერ მოპოვებულ მანგანუმს კი "ჯორჯიან მანგანეზი"
ყიდულობს. კომპანია, განსხვავებით მაღაროელებისგან, რომლებსაც უხდის
ხელფასს, აძლევს ბიულეტენს, შვებულებას და უწევს იზრუნოს მათი შრომის
უსაფრთხოებაზე, კერძო მუშახელზე ამგვარ ვალდებულებებს არ იღებს.
შესაბამისად, კარიერული მოპოვება ნაკლებ დანახარჯთან ერთად, ნაკლებ
პასუხისმგებლობას ნიშნავს. სწორედ იმ მიზეზით, "ჯორჯიან
მანგანეზმა" მაღაროები შესაძლოა დააკონსერვოს.
მშრომელებს კომპანიის
ხელმძღვანელი პირებისგან ხშირად ესმოდათ, რომ მაღაროებში მადნის
ამოღება წამგებიანი იყო და რომ პროცესი გაცილებით იაფი ჯდებოდა ღია
კარიერული წესით მოპოვების შემთხვევაში. 2023 წელს კი, როცა
მაღაროელები გაიფიცნენ, მათ ეს პირდაპირ უთხრეს და მოპოვების გეგმის
40%-ით გაზრდა მოსთხოვეს, რასაც არ მოჰყვებოდა ანაზღაურების მომატება.
მაშინ, "ჯორჯიან მანგანეზმა" ფაქტობრივად, საწარმოს "გადარჩენა"
საკუთარ თანამშრომლებს დააკისრა. იმ დროს, მაღაროელთა შორის პირველად
გაჩნდა მსჯელობა "ნაციონალიზაციის" შესახებ, რაც საწარმოების
სახელმწიფო განკარგვაში გადასვლას ნიშნავდა. მაღაროელები ფიქრობდნენ,
რომ ეს უზრუნველყოფდა დოვლათის მოსახლეობაზე უფრო თანაბარ
განაწილებას, გაუმჯობესდებოდა საწარმოში დასაქმებულთა შრომის უფლებები
და უსაფრთხოების ნორმები.
მაშინ, ამ ინიციატივის
განხორციელებაში დარწმუნებულები არ იყვნენ, რადგან ხელისუფლება,
რომელიც ერთადერთია, ვისაც ამ საკითხის გადაჭრა შეუძლია, ამით
დაინტერესებას არ გამოხატავდა. ამის მიუხედავად, მაღაროელები
თვლიდნენ, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყებაც წინგადადგმული ნაბიჯი
იყო.
"2023 წელს, როცა
გავიფიცეთ, ბევრი მაღაროელი არ იყო ჩამოყალიბებული ნაციონალიზაციის
საკითხზე, რადგან არ იცოდა ეს რას ნიშნავდა. ავუხსენით, რომ ის
მადანი, რაც მათი სახლებს ქვეშ არის, მათაც ეკუთვნით და რომ ბუნებრივი
სიმდიდრე ადამიანისთვის არა თავისტკივილი, არამედ დოვლათის და
ბედნიერების მომტანი უნდა გახდეს. საქართველოში არ არსებობს
პრეცედენტი, რომ ვინმემ ნაციონალიზაციის მოთხოვნით პრივატიზებული
ობიექტი დაიბრუნა, ეს არ არის სახელმწიფოს სურვილი, რადგან არ სურს
ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი
კომპანიაში, როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალების"
წარმომადგენლები აფათურებენ ხელს და მიაქვთ თავიანთი წილები.
ნაციონალიზაციის შემთხვევაში, ცალკეული პიროვნებები ამ წილებს ვეღარ
წაიღებენ, ამიტომ არ სურთ ეს. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ
ინიციატივა ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ გვინდოდა ეს საკითხი
დაგვეძრა", - ამბობს მაღაროელი ტარიელ
მიქაცაძე.
ამ პროცესებიდან მალევე,
მშრომელები მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.- 2024 წლის 31
ოქტომბერს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ბოლო ერთი წელია
"ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოები მართვაში გადაიბარა, განაცხადა, რომ
ფინანსური კრიზისისა და მადნის დაბალი ფასის გამო, საწარმოებს
აჩერებდა. კომპანიამ მაშინ ღიად თქვა ის, რასაც მაღაროელებს
არაოფიციალურ საუბრებში ხშირად ეუბნებოდა.
"გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი
აღსრულება საჭიროა იმისთვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა
გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ
ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს",
- წერდა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სამუშაო პროცესის პერმანენტულ
შეჩერებაში კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ მაღაროების
პიკეტირებას გულისხმობდა, რომელიც 317 დღის წინ დაიწყო და ამ დრომდე
გრძელდება. შუქრუთელებმა, რომლებსაც მაღაროს მუშაობის გამო
საცხოვრებელი სახლები დაენგრათ, კომპანიისგან სამართლიანი კომპენსაცია
ვერ მიიღეს და პროტესტის ნიშნად მაღაროების შესასვლელები ჩაკეტეს, რაც
მნიშვნელოვან შეფერხებას ქმნიდა მანგანუმის მოპოვების გეგმაში.
შუქრუთელების უწყვეტი პროტესტის 317-ე
დღე
კომპანიისთვის კომპენსაციის საკითხი მტკივნეული თემა აღმოჩნდა.
ყოველდღიური ზარალის მიუხედავად, საწარმოს ხელმძღვანელობამ
შუქრუთელებს ისეთი ვერაფერი შესთავაზა, რაც მათ პროტესტზე უარს
ათქმევინებდა. ცოტა ხანში კი, პიკეტირებული მაღაროები საწარმოების
გაჩერების საუკეთესო საბაბად იქცა.
"ჩვენზე უნდოდათ ხელის შეწმენდა, თითქოს,
ჩვენ დავაქციეთ ქალაქის ბიუჯეტი, ქვეყნის ბიუჯეტი და ჩვენ
გაგვიჩერებია წარმოება. თურმე, მადნის 70%-ს ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე
მოიპოვებენ. თუ ასეა, კეთილი ინებონ, აიღონ პასუხისმგებლობა იმ
გამოუსწორებელ ზიანზე, რაც ხალხს მიაყენეს და ადამიანებს მისცენ
ღირსეულ გარემოში ცხოვრების საშუალება. სამართლებრივი პასუხისმგებლობა
კი როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას, აუცილებლად მოუწევს, ეს
მხოლოდ დროის საკითხია. ყველა ინსტანციამდე მივალთ და აუცილებლად
წავიღებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში", - ამბობს სოფელ
შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე.
სოფელი
შუქრუთი
ბოლო თვეებია შუქრუთელების პროტესტმა "ჯორჯიან მანგანეზისთვის"
აქტუალობა დაკარგა. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულ მოსახლეობას
რამდენიმე მაღაროს შესასვლელი თითქმის ერთი წელია პიკეტირებული აქვს,
კომპანია პრობლემის მოგვარებას აღარ ცდილობს. მედიაციაც, რომელშიც
კომპანიასთან ერთად ჩართული იყო "ქართული ოცნების" პარლამენტარი რატი
იონათამიშვილი, შუქრუთელების მიერ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე,
დედაქალაქში პროტესტის შეწყვეტასა და შუქრუთში დაბრუნებასთან ერთად
დასრულდა. მას შემდეგ, სამი თვეა დაზარალებულებთან კომუნიკაცია არც
ხელისუფლებას და არც კომპანიას აღარ უცდია.
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ
შუქრუთელების პროტესტის არშემჩნევა, კიდევ უფრო ამძაფრებს
მაღაროელების ეჭვებს.
"შიდა საუბრებით
ვიცით, რომ კომპანია შიშობს, თუ კანონის მიხედვით დაითვლიან
დაზარალებული მოსახლეობის ქონებას და ისე გადაუხდიან კომპენსაციას,
იგივეს მოითხოვენ სხვა სოფლებიც. მაგალითად, სამი წელია უკვე, რაც
ნგრევა დაიწყო ითხვისმა, იგივე ბედს გაიზიარებს მღვიმევიც და სხვა
ახლოს მდებარე სოფლები. გარდა ამისა, სავარაუდოდ, შუქრუთის
ტერიტორიაზე ბევრი მანგანუმი აღარც არის დარჩენილი, რადგან ირგვლივ
გაუხსნეს სოფელს მაღაროები და გამოაცალეს მადანი. იმ მაღაროებში,
სადაც ახლა მოპოვება არ მიმდინარეობს, მუდმივად ხდება ქანების ჩამოშლა
და იქ პროცესის აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს
ყველაფერი კი, სავარაუდოდ, არ უღირთ. ამიტომაც არიან მშვიდად და არ
ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ურჩევნიათ არ გადაიხადონ ეს თანხები
და თითქმის გამოცარიელებული მაღაროები დააკონსერვონ", -
ამბობს მერაბ სარალიძე.
სწორედ შექმნილი რეალობა
აფიქრებინებს მაღაროელებს, რომ კომპანია საწარმოო პროცესს არა თუ
აპრილში, არამედ საერთოდ არ განაახლებს და მადნის მოპოვებას ღია
კარიერული წესით გააგრძელებს. მაღაროელები ამბობენ, რომ საუკეთესო
შემთხვევაში, დახურული წესით მანგანუმის ამოღება, შესაძლოა 13-დან 3-4
მაღაროში შენარჩუნდეს, დანარჩენი კი დაკონსერვდება, რაც სამსახურიდან
1000-მდე ადამიანის გაშვებას მაინც გამოიწვევს.
არის თუ არა
ჭიათურაში მანგანუმის დეფიციტი?!
საჩხერე-ჭიათურის ტერიტორიაზე
მანგანუმი 1847 წელს აღმოაჩინეს. მისი მოპოვება კი 30 წლის შემდეგ
დაიწყო, როცა 1879 წელს ჭიათურაში მანგანუმის საბადო გაიხსნა.
მაღაროებში საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობას
უკავშირდება ქალაქ ჭიათურის დაარსებაც. სწორედ, მდინარე ყვირილას
ხეობაში არსებული მანგანუმის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ
განაპირობა ჭიათურის, როგორც ქალაქის მშენებლობა. ახალმა ეკონომიკურმა
ცენტრმა ადამიანები ბუნებრივად მიიზიდა და მალევე გააჩინა ადგილობრივი
მოსახლეობა, რომელიც სრულად დაკავშირებული გახდა ჭიათურის "შავ
ოქროზე".
მეცხრამეტე საუკუნის მიწურული
და მეოცე საუკუნის დასაწყისი, მუნიციპალიტეტში მადნის მოპოვების
პიკური ეტაპია, როგორიც აღარასდროს განმეორებულა. ამ პერიოდში,
ჭიათურის მანგანუმის ხვედრითი წილი მსოფლიო ექსპორტში 50%-ს აღწევდა.
ჭიათურის მანგანუმის საბადოები მადნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა,
ითვლება, რომ აქ მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია
ევროპაში.
დღემდე, "შავი ოქრო", რომელიც
ადგილობრივებს თავის ტკივილად ექცა, ამავდროულად, მათი მთავარი
საარსებო წყაროა. მაღაროები, ახლაც ქალაქის ეკონომიკის ღერძს
წარმოადგენს. ჭიათურის თითქმის ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც მუშაობს
ან უმუშავია მაღაროში.
სხვადასხვა დროს,
მუნიციპალიტეტში მანგანუმის ნედლ მადნეულს სხვადასხვა კომპანია
ამუშავებდა. 2006 წლიდან კი მადნის მოპოვების ერთადერთი ლიცენზიანტი
"ჯორჯიან მანგანეზია", რომელიც ამ უფლებას 40 წლით
ფლობს.
"ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურის
ტერიტორიაზე მადნის დეფიციტზე არასდროს უსაუბრია. მანგანუმის
ნაკლებობას კომპანია არც შუქრუთელების მიერ მაღაროების პიკეტირებაზე
საუბრისას ახსენებდა. პირიქით, ყოველთვის ხაზს უსვამდა პროტესტის ამ
ფორმით გამოხატვის გამო მიღებულ ყოველდღიურ ზარალს.
მანგანუმის მარაგზე საუბარმა,
რაც მაღაროების გაჩერების შემდეგ გააქტიურდა, ჭიათურელების ნაწილში
ნიჰილისტური განწყობები გააჩინა. ზოგი თვლის, რომ კომპანიამ რესურსის
დიდი ნაწილი მიწიდან უკვე ამოიღო, ნაწილის აზრით კი კრიზისზე საუბარი
ნაადრევია.
არის თუ არა ჭიათურაში
მანგანუმის დეფიციტი? - ამაზე ცალსახა პასუხის არ არსებობს. არც
მომპოვებელი კომპანია და არც სახელმწიფო უწყებები შესაბამის ციფრებს
არასდროს ასაჯაროებენ. დაზუსტებულ ინფორმაციას არც გარემოს დაცვის
ექსპერტები ფლობენ.
გარემოს მეცნიერი, ბრაუნის
უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ცინცაძე დასაშვებად მიიჩნევს, რომ
რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოღებულია, თუმცა, ეს ის
საკითხია, რაზეც მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება საუბარი.
"შეუძლებელია ზუსტად
ვთქვათ, რა მარაგი არსებობს და რა ნაწილია მოპოვებული. მარაგების
შეფასება საჯაროდ არასდროს მომხდარა და მეორე - რესურსის მოპოვების
რენტაბელურობა მანგანუმის ფასის მიხედვით იცვლება. შეიძლება, გარკვეულ
დეპოზიტებს დღეს რესურსად არ ვთვლიდეთ, მაგრამ ფასის მატების
შემთხვევაში, მათი მოპოვებაც მომგებიანი გახდეს. ლიტერატურაში
არსებობს უხეში დაშვებები, რომ ხელმისაწვდომი დეპოზიტების ნახევარზე
მეტი უკვე ამოღებულია. ეს გასაკვირი არც იქნებოდა, იმიტომ რომ
საუკუნენახევარზე მეტია, რაც იქ მოპოვება მიდის და თან, როგორც წესი,
პირველად ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე ხელმისაწვდომ დეპოზიტებს
მოიპოვებენ. ამიტომ, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ დღეს იქ მართლაც
ნაკლებად ხარისხიანი და უფრო რთულად მოსაპოვებელი მანგანუმი იყოს,
ვიდრე თუნდაც, 50 წლის წინ იყო", - ამბობს გიორგი
ცინცაძე.
თითქმის იგივე შინაარსს იმეორებს "სოციალური
სამართლიანობის ცენტრის" 2021 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც,
დაახლოებით 430 მილიონი ტონა მარაგიდან, იმ დროისთვის 60% უკვე
ამოღებული და რეალიზებული იყო.
ჭიათურის ტერიტორიაზე
"ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობა სრულად დახურულია "მწვანე
ალტერნატივას" შეფასებით. ორგანიზაციის გარემოს დაცვის
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო
გუჯარაიძე ამბობს, რომ კომპანია არანაირ ანგარიშვალდებულებას არ
გრძნობს სამთავრობო სტრუქტურებთან.
"საერთოდ დახურულია
საჯარო უწყებები. დაახლოებით, ერთი წელია არ გვცემენ პასუხს. გვაქვს
ეჭვი, რომ მათ არც კი იციან რა მასშტაბით ხდება მუნიციპალიტეტში
მანგანუმის მოპოვება, რადგან კომპანიის სპეციალური მმართველი არ
წარადგენს ასეთ ინფორმაციას მათთან. მეორე მხრივ, საჯარო უწყებები არ
აკეთებენ არაფერს ამ ინფორმაციის მისაღებად. სხვა, ნებისმიერი
კომპანია, რომელსაც არ აქვს გავლენები ხელისუფლებაში, ასეთ პირობებში
დაჯარიმდებოდა და ლიცენზიაც ჩამოერთმეოდა, მაგრამ "ჯორჯიან მანგანეზი"
სარგებლობს განუსაზღვრელი უფლებებით, მას შეუძლია დაარღვიოს კანონი და
ამაზე არავინ არაფერს მოსთხოვს", - ამბობს ნინო
გუჯარაიძე.
"ჯორჯიან მანგანეზი",
ჭიათურის ტერიტორიაზე, "შავ ოქროდ" წოდებულ მანგანუმს 18 წელია
მოიპოვებს და რაიონში უმძიმეს კვალს ტოვებს. მადნის ამოღების ღია
კარიერულმა წესმა სოფლებში უზარმაზარი ორმოები გააჩინა, დახურული
მეთოდით მუშაობამ კი ადგილობრივების სახლები მიწაში ჩაიტანა. ყოფილა
შემთხვევები, როცა მიტოვებულ კარიერებში ადამიანები ჩავარდნილან.
სოფელი რგანი
კარიერული წესით მადნის ამოღების
შემდეგ. 2019 წელი
ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვება წლებია უკონტროლოდ ხდება.
სხვადასხვა წელს, კომპანია სალიცენზიო თუ გარემოზე ზემოქმედების
ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. 2017 წელს, გარემოს
დაცვის სამინისტრო ჭიათურაში შექმნილ ვითარებას კატასტროფის ტოლფას
მდგომარეობად აფასებდა, სასამართლომ კი დაადგინა, რომ 2013-2017
წლებში "ჯორჯიან მანგანეზმა" გარემოს 416 მილიონი ლარის მოცულობის
ზიანი მიაყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიაში სახელმწიფოს
სპეციალური მმართველის დანიშვნა მოჰყვა, რომელსაც ვითარება უნდა
გამოესწორებინა, თუმცა, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ნიკოლოზ
ჩიქოვანის მუშაობა კრიტიკულად ფასდებოდა.
სოფელი დარკვეთი, 2019 წელი.
ჭიათურაში მანგანუმის, როგორც დახურული, ასევე ღია კარიერული წესით
მოპოვების გეგმასთან დაკავშირებით, შეკითხვები კომპანიას გავუგზავნეთ,
თუმცა, პასუხები არ მიგვიღია.
აფრიკის მანგანუმი
ჭიათურაში
სამხრეთ აფრიკა მანგანუმის
უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. გაბონის, განასა და კოტ დ'ივუარის
მანგანუმის ჯამური მარაგი, მისი გლობალური მარაგის 43%-ს შეადგენს.
მაღაროელები ამბობენ, რომ სწორედ აფრიკიდან იაფად შემოტანილი
მანგანუმის ხარჯზე აპირებს "ჯორჯიან მანგანეზი" წარმოების
გაგრძელებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აფრიკული მანგანუმი
შედარებით დაბალი ხარისხისაა, კომპანიას მაინც დასჭირდება მისი
ჭიათურის მადნით გამდიდრება. მთავარი ინტერესი კი ნაკლები დანახარჯით
მიიღოს მოგება, დაკმაყოფილებული იქნება.
"ყველამ ვიცით, რომ
აფრიკის მანგანუმი ხარისხით ვერ შეედრება ჭიათურის მანგანუმს და
მეორეც, როგორ უნდა დაუშვას სახელმწიფომ, რომ ამდენი ადამიანი
უმუშევარი დატოვონ და სხვა ქვეყნიდან შემოიტანონ მადანი? მათ არ
სჭირდებათ მაღარო, არ სჭირდებათ მაღაროელები, უნდათ, რომ კარიერული
წესით მოიპოვონ და შემდეგ აფრიკიდან შემოტანილ მანგანუმში
გადაურიონ", - ამბობს მერაბ სარალიძე.
ჩვენ ასევე გვაინტერესებდა,
აპირებს თუ არა კომპანია აფრიკიდან მანგანუმის შემოტანას, თუმცა,
მათგან ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი. "ჯორჯიან მანგანეზმა"
ჩვენი სხვა შეკითხვებიც უპასუხოდ დატოვა.
ჭიათურა - ერთი დიდი
კარიერი
ჭიათურაში მადნის ღია წესით
მოპოვების გაზრდა, გარემოზე მიყენებულ კიდევ უფრო დიდ ზიანს ნიშნავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კომპანია კიდევ უფრო გააფართოებს ღია
წესით მანგანუმის ამოღებას, ჭიათურა ერთ დიდ კარიერად
გადაიქცევა.
"ჯორჯიან მანგანეზი"
იმდენად დიდ ფულში ტრიალებს და იმხელა წარმოება აქვს, მისთვის ყველა
უკანონობა არის კანონი. თავიდან, რა თქმა უნდა არ იქნება იმხელა
მასშტაბი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გაზრდიან მოპოვებას და ჭიათურა
გადაიქცევა ერთ დიდ კარიერად. რომ დავიაროთ ღია კარიერები, მათ შორის
ისიც, სადაც აღარ ხდება ამოღება, 80% არის მიტოვებული, დატოვებულია
ორმოები და თხრილები", - ამბობს მერაბ
სარალიძე.
"ჯორჯიან მანგანეზს",
2017 წელს, მადნის ღია წესით ამოღების შემდეგ, დაზიანებული
ადგილების რეკულტივაცია დაევალა, თუმცა, ეს პროცესი ვერ ეწევა
კონტრაქტორი კომპანიების მიერ კარიერებზე მიწის თხრის ტემპს. ბოლო
წლების ფოტო და ვიდეომასალები ცხადყოფს, რომ გადათხრილი ტერიტორიების
მოსწორება, დაზიანების მასშტაბებთან შედარებით უმნიშვნელოა.
მადნის ღია მოპოვება სხვა პრობლემასთანაც არის
დაკავშირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანია მუდმივად არღვევს
სტანდარტს და კარიერის დამუშავების ნაცვლად, მის "გაღარიბებას"
ახდენს.
"პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს
ჭიათურაში, არის კანონგარეშე, ლიცენზიის პირობების სრული დარღვევით.
რასაც "ჯორჯიან მანგანეზი" იქ ახორციელებს, ამას ეძახიან კარიერის
გაღარიბებას. ამოარჩევს ტერიტორიას, სადაც მანგანუმია და წერტილოვნად,
მხოლოდ იქ ახდენს მოპოვებას. არ ამუშავებს კარიერს, არამედ, მიადგება
და ამოგლეჯს მიწას. ამ დროს იზრდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება,
ხდება დიდი ტერიტორიის ათვისება მოკლე დროში, ლანდშაფტი, მიწის
ნაყოფიერი ფენა ისპობა, ბინძურდება მიწისქვეშა წყლები, არის ძალიან
ბევრი მტვერი და ეს ტერიტორიები ბევრი წელი, შეიძლება საუკუნეებიც,
გამოუსადეგარი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის", -
ამბობს ნინო გუჯარაიძე.
სოფელი დარკვეთი, 2019 წელი
მაღაროების დახურვის მიუხედავად, "ჯორჯიან მანგანეზს" მადნის
კარიერული წესით მოპოვება არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია. მშრომელები
ამბობენ, რომ კომპანიას უკვე აქვს საკმარის რესურსი დაგროვებული
იმისთვის, რომ მაღაროების გარეშეც შეძლოს არსებობა.
ფაქტია, რომ თუ მაღაროებში საწარმოო პროცესი არ
განახლდება, ერთადერთი დაზარალებული მხარე კომპანიის ათასობით
თანამშრომელი იქნება. მშრომელები, რომლებიც ხელფასის მხოლოდ 60%
პროცენტის იმედად დარჩნენ, რაც საბანკო ვალდებულებების გასტუმრებასაც
არ ჰყოფნის, იძულებულები გახდებიან ქვეყანა დატოვონ. მათთან ერთად,
ემიგრაციას შეაფარებენ თავს მათი ოჯახის წევრებიც. საბოლოოდ კი
ჭიათურა გადათხრილ მუნიციპალიტეტად იქცევა, სადაც ადამიანები აღარ
იცხოვრებენ.
პარადოქსია, რომ ჭიათურელები, რომლებიც
საუკუნენახევარია მათი სახლების ქვეშ არსებული სიმდიდრის პატრონები
არიან, სიღარიბეში ცხოვრობენ. "შავმა ოქრომ", მათ ნაცვლად, მდიდარ
ადამიანებს მოუტანა კიდევ უფრო მეტი ფული. ისინი კი ამ სიმდიდრისგან
მინიმალურს, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად,
მაღაროებში მძიმე შრომით იღებენ; თვიდან თვემდე ვალებით ცხოვრობენ,
"შავ ოქროს" შეეწირა მათი სახლები და ახლა, გადასარჩენად ერთადერთი
გზა - ემიგრაცია დარჩათ.