სეზონური ალერგია ადრეული გაზაფხულიდან იწყება და გვიან
შემოდგომამდე გრძელდება. დღეს ალერგიით ყოველი მე-3 ადამიანი
ავადდება.
რა არის სეზონური ალერგია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ დავიცვათ თავი მისგან ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს თერაპევტი, ლალი მაკარიძე ესაუბრება.
სეზონური ალერგია ეს არის მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ ალერგია, რომელიც წლის განსაზღვრულ პერიოდში იჩენს თავს. იწყება ადრეული გაზაფხულიდან და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.
რა სიმპტომები ახასიათებს მას?
სეზონური ალერგიის მქონე ავადმყოფებს, ძირითადად, აქვთ ქავილი, სიწითლე, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სურდოს მსგავსი მოვლენები, გამონაყარი ტანზე, ცემინება და ა.შ. ალერგია შეიძლება მიმდინარეობდეს იოლად, საშუალოდ და ასევე, მძიმე ფორმით. მზიანი და ქარიანი ამინდი ალერგიული ადამიანებისთვის ძალიან დისკომფორტულია, იმიტომ რომ ქარის მეშვეობით ამ ალერგენების გადატანა კილომეტრების მანძილზე ხდება. მზიან ამინდში მტვრის კონცენტრაცია ძალიან მაღალია ჰაერში.
რა იწვევს მას?
ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ადრე გაზაფხულზე ხე-მცენარეების ყვავილობამ, შემდეგ მარცვლოვანი კულტურებმა და ბოლოს სარეველა ბალახებმა.
როგორ დავიცვათ მისგან თავი?
სეზონური ალერგიის დროს გირჩევთ მზიანი და ქარიანი ამინდის შემთხვევაში, თუკი გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოვერიდოთ ქუჩაში სიარულს.
თუ ალერგიული ადამიანი მანქანით გადაადგილდება, აუცილებლად ამოწეული შუშებით იმგზავროს, ოღონდ რა თქმა უნდა, ჩართოს კონდინცირება.
როცა პაციენტი ქუჩიდან შინ ბრუნდება, უნდა გამოიცვალოს სამოსი.
რეკომენდირებულია შხაპის მიღება, სუფთა ჰაერზე სეირნობაც, ოღონდ არა შუადღეს, როცა ამა თუ იმ მცენარის მტვრის კონცენტრაცია მაღალია ჰაერში.
სახლში უნდა მოვერიდოთ მცენარეების სიმრავლეს. სახლი სველი წესით
უნდა დავალაგოთ.
რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური მკურნალობაც გამოიყენება აქტიურად.
ეს გახლავთ ანტიჰისტამინური პრეპარატები, მაგრამ თუკი პაციენტი
შეატყობს, რომ პრეპარატების მიღების შემდეგ, დაახლოებით, ხუთი
დღის მერე პრობლემები უცვლელია, აუცილებლად ექიმს მიმართოს.
მკურნალობის პრინციპებიდან აგრეთვე, აღსანიშნავია ე.წ ვაქცინაცია. ამ
დროს როცა უკვე აღმოჩენილია ე.წ. "დამნაშავე ალერგენი"
პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ალერგენის მცირე დოზა, შემდეგ
თანდათან ზრდიან დოზას და ყვავილობის სეზონის დასაწყისისთვის პროცესი
სრულდება. ორგანიზმი აღნიშნულ ალერგენზე უკვე მდგრადია და მასზე აღარ
რეაგირებს.
თვითმკურნალობა დაუშვებელია. უნდა მიმართოთ შესაბამის
ექიმ-სპეციალისტს, ვინც მკურნალობის მეთოდს შეგირჩევთ.
მასალის გამოყენების პირობები