მულტიმედია
"გმირის როლი" პანდემიის მიერ გამოხურულ კარს მიღმა
FaceBook
ფსიქოლოგიურ ტესტში ქალები ხშირად ირჩევენ იმ ნახტს, სადაც მამაკაცი ქალს თავზე ადგას. ეს პირდაპირ მიუთითებს ოჯახში მათ პოზიციაზე. პოზიცია კი უფრო შესუსტდა პანდემიის პერიოდში, როცა მოძალადე სახლში დიდი ხნით დარჩა.

მაკა

მაკამ (სახელი შეცვლილია) 15 წლიანი ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულა. ქმრისგან სასტიკად ნაცემმა, კბილებჩამსხვრეულმა, დახრჩობას გადარჩენილმა იმ დღეს თავი დედას შეაფარა.

მაკა არასრულწლოვანი გათხოვდა, ქალაქიდან სოფელში გადაბარგდა და საოჯახო საქმეებთან ერთად, შინაური ფრინველების, ცხოველების მოვლა დაევალა. თავიდან ძალიან უჭირდა, მაგრამ შეეგუა.

თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, ვიდრე პანდემიის დროს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდებოდა და მაკას ქმარი უმუშევარი დარჩებოდა.

ქალის ისედაც მძიმე ყოველდღიური შრომა, კარანტინში ექსპლოატაციად იქცა. სახლში გამოკეტილი ქმარი მისგან მუდმივად რაღაცის კეთებას ითხოვდა, ამასთანავე ათასგვარ პრეტენზიას უყენებდა, თავად კი ტელევიზორთან იჯდა.

დაძაბულ გარემოში დღითიდღე გროვდებოდა აგრესია და გაუთავებელი შეურაცხყოფა. ბოლო კონფლიქტი ცემით დასრულდა. მაკამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა მოძალადეს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

მაკა ახლა ფსიქოთერაპიის კურსს გადის. ჯერ სტრესი არ დაუძლევია. არც ის იცის როგორ გააგრძელებს ცხოვრებას. არასრულწლოვან ასაკში გათხოვების გამო, მას არც პროფესია აქვს და არც სამსახური.

რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლს პანდემიის დროს

კონკრეტულად ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების სტატისტიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. შემთხვევების გაზრდილ რაოდენობაზე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში საუბრობენ.


ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ უწყების მიერ შემუშავებული დამცავი ღონისძიებებიც ისეთივე რჩება, როგორიც პანდემიამდე იყო. ეს სერვისები ძირითადად ცხელ ხაზზე (112) ზარის განხორციელებას, შემდგომ კი შემაკავებელი, ან დამცავი ორდერის გაცემას გულისხმობს.

სახელმწიფოს ამ დრომდე არ უზრუნია კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ქალებს ძალადობისგან დაიცავდა.

სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე იმ პრაქტიკაზე გვიყვება, რომელიც არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე დანერგა.

"მაშინ, როცა პანდემიის გამო შეჩერებულია სამსახურები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, ერთადერთ აპრობირებულ მეთოდად, რომლის გამოყენებაც ქალს შეუძლია დაცული შეტყობინების განსახორციელებლად, რჩება კერძო სექტორი. მაგალითად, არის ასეთი პრაქტიკა,  როცა ქალი მიდის მაღაზიასა და აფთიაქში, მას შეუძლია დატოვოს შეტყობინება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. ჩვენთან, ჯერჯერობით ეს პრაქტიკა არ არის, მაგრამ იმედი გავქვს სახელმწიფო წამოვა ამ ნაბიჯზე, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკა და საქართველოში ამ მეთოდის დანერგვა ასე ადვილად ვერ მოხდება".

სახალხო დამცველის მოადგილე პანდემიის პირობებში მედიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, მაშინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საჯარო სივრცეები ფაქტობრივად დაკეტილია, ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფომ მედიასთან უნდა ითანამშრომლოს.

ახალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლება ძალადობას ტრადიციული მეთოდებით ებრძვის. კრიზისის დროს სახელმწიფოს არ შუმუშავებია ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უზურნველყოფდა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენასა და პრევენციას. შესაბამისი ინსტრუქციები ცხადია არ მიუღია არც თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს. ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ვკითხეთ რა გააკეთეს კარანტინის დროს სახლში გამოკეტილი ქალებისთვის სახელმწიფო სერვისების მეტი ხელმისაწვდომობისთვის, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ქუთაისის ფილიალში გადაგვამისამართა. არც თავშესაფარს და არც კრიზისულ ცენტრს სამინისტროდან ახალი სამოქმედო გეგმა არ მიუღია.

დაწესებულების ხელმძღვანელმა თამარ კეპულაძემ გვითხრა, რომ მათთვის პანდემიის დროს არსებითად არაფერი შეცვლილა, დამატებითი სერვისების საჭიროება კი არ დამდგარა. ერთადერთი პრობლემა, რაც სახელმწიფომ შექმნილ კრიზისში დაინახა, ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციაა.

"როცა პირველი ტალღა იყო, სისტემა რომ არ ჩამოშლილიყო, შეიქმნა საკარანტინე სივრცე, სადაც ბენეფიციარები ჩვენთან მოხვედრამდე კარანტინს გადიოდნენ. სახელმწიფომ მოგვამარაგა სადეზინფექციო სითხეებით, ხელთათმანებით, პირბადეებით, დამცავი ფარებით. ჩვენთან არც ერთ სერვისს მუშაობა არ შეუწყვეტია. შეუფერხებლად ხდებოდა ბენეფიციარების მიღება. არ გვქონია შემთხვვეა, რომ ძალადობის მსხვერპლს ოჯახიდან გამოსვლა დასჭირვებოდა და ეს ვერ მოეხერხებინა. პანდემიის დროს ბინაზეც კი მოვემსახურეთ ერთ ბენეფიციარს. რაც შეეხება პრევენციას, ეს ჩვენთვის უცხო არ არის. წელიწადში ექვსჯერ მაინც ვაწყობთ საინფორმაციო აქციას, ყველა ცხელ წერტილში იქნება ეს აფთიაქი, ბაზარი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი თუ სხვა".

საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავის გადარჩენის არც თუ ისე ბევრი ალტერნატივა აქვთ. შსს-ს ცხელი ხაზის გარდა, მოძალადისგან თავის დაღწევის ორი გზა არსებობს: კრიზისული ცენტრი, ან ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რაც დროებითი სერვისებია. 

ორივე სამსახური ბენეფიციარებს ფსიქო–ემოციური რეაბილიტაციის, შიშის დაძლევის, მოტივაციის ამაღლებისა და სამართლებრივი ბრძოლის კონკრეტულ დროს უსაზღვრავს. კრიზისული ცენტრის შემთხვევაში ეს 24 საათია. იქ ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ კონსულტაციას იღებს. თავშესაფარში ყოფნის მაქსიმალური ვადა კი ცხრა თვეა. 

თავშესაფარში მოსახვედრად ბარიერია გადასალახი. მოძალადისგან განრიდება რომ შეძლო, ძალადობის მსხვერპლის სტატუსია საჭირო, რაც სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს. ოჯახში გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა ქალის შინ დარჩენა სიცოცხლისთვის საშიში.

ქალები, რომლებსაც გამბედაობა ჰყოფნით და პოლიციაში რეკავენ, თავშესაფარში ხვდებიან. არიან ისეთები, რომლებიც მოძალადე ქმრის შიშით ამას წლები ვერ ახერხებს.

თეონა

თეონა (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთია, ვინც ვერ ბედავდა საპატრულო პოლიციაში დარეკვას. პირველად ქმარმა მას მაშინ სცემა, როცა პირველ შვილზე ფეხმძიმედ იყო. მას შემდეგ თეონასთვის ფიზიკური ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მის დასჯას ორ წელიწადში უკვე ორი მცირეწლოვანი შვილი უყურებდა.
თეონასთვის ძალადობა უცხო არ იყო. ოჯახში, სადაც დედამ ჩვილი მიატოვა, 7 წლისას უკვე ჯართის შეგროვებას ავალებდნენ.

თეონა  ერთერთია იმ 80 ქალიდან, რომლებიც პანდემიის პერიოდში ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოხვდა.


სუსტი რგოლი

ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის მეტ ზრდას, პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდება ქალთა საკითხებზე მომუშავე მანანა ფუცხვანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობის დაცვის ეროვნული ცენტრის" იურისტი ვარაუდობს, რომ ამ დროს არც თუ ისე ძლიერმა სახელმწიფო სერვისებმა, შესაძლოა დატვირთვას ვერ გაუძლოს.

,,როცა დასრულდება ეს პანდემია და ქალები დიდი დროით აღარ იქნებიან მოძალადესთან, უფრო მეტი მათგანი გაბედავს ძალადობაზე ლაპარაკს, მაგრამ რა მოხდება მაშინ? ცხადია ყველას დასჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ამ დროს სპეციალისტის პრობლემაა ყველგან. რიგში დგანან ძალადობის მსხვერპლები. ერთი თერაპიული კურსის ჩატარებას ძლივს ახერხებს ფსიქოლოგი, როცა სულ მცირე ხუთი-ექვსი თერაპიაა საჭირო ადამიანის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. თბილისში რომ ორი ფსიქოლოგი ჰყავთ, წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვაგან. არის სოციალური მუშაკების პრობლემაც. იმდენად მცირეა მათი რაოდენობა, რომ აბსოლუტურად არ არის საკმარისი პრობლემასთან საბრძოლველად."

სისტემის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ იურისტს პრევენცია მიაჩნია, ვინაიდან სახელმწიფოს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში ახსენდება.

,,ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩემთან უფრო ხშირად რეკავენ, ვიდრე მაგალითად ცხელ ხაზზე, იმიტომ რომ არ იციან მისი არსებობის შესახებ. პრევენციისკენ მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას აქვს ერთჯერადი ხასიათი, რაც არ არის საკმარისი. 116 006 რომელიც მოქალაქეთა საკონსულტაციო ცხელი ხაზია, ისევე ზეპირად უნდა იცოდეს ყველამ, როგორც,  მაგალითად,  112".

ძალადობის კვალი

ძალადობა კვალს მხოლოდ სხეულზე არ ტოვებს. სილურჯეები ადრე თუ გვიან ქრება, სული და ფსიქიკა კი ან იკურნება, ან არა.

მართალია, თეონამ საკუთარ თავში ძალა იპოვა და კარანტინის დროს, როცა ვითარება ოჯახში უკიდურესად დამძიმდა, მოძალადეს თავი დააღწია, მაგრამ მაინც შიშით ცხოვრობს. შიშით, რომ ერთ დღესაც, ძალადობის გამო გასამართლებული ყოფილი ქმარი  ციხიდან გამოვა და მოკლავს. ეშინია, რომ შვილები, რომლებშიც ცხოვრების აზრი იპოვა, უდედოდ დარჩებიან. დანებებას მაინც არ აპირებს, უკვე მუშაობს და დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრების აწყობას.

თეონასგან განსხვავებით, არიან ქალები, რომლებიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო კიდევ უფრო ჩაიკეტნენ საკუთარ თავში, შეშინდნენ და კიდევ უფრო დაემორჩილნენ მოძალადეს.

ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე მიიჩნევს, რომ გაბედული ნაბიჯის გადასადგმელად ქალს ფსიქოლოგიურ სიძლიერესთან ერთად, ეკონომიკური გაძლიერებაც სჭირდება.

"როცა დამოკიდებული ვარ მეუღლეზე, არ მაქვს პროფესია და მინდა გავიქცე, მე თუ არ გავძლიერდები მხოლოდ ფსიქოლოგიურად არა, ეკონომიკურადაც, ისევ უკან წავალ. თუ მე სხვა არაფერი შემიძლია, მაინც უკან დამწევს ცხოვრება და მიბიძგებს იქ დავბრუნდე, საიდანაც გამოვიქეცი. ამიტომაც ბევრი ქალი, ვინც ჩვენთან მოდის, პატიობს მეუღლეს ძალადობას. პატიობენ, იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ახლა, ამ კორონამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. როცა სახლში აღმოჩნდა ყველა ერთად, ხან რა მოითხოვეს ქალისგან, ხან რა და ეს ქმნის ფეთქებად სიტუაციას".

ფსიქოლოგების თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად ეძებენ დამნაშავეს საკუთარ თავში. ცდილობენ იპოვონ მიზეზი, რის გამოც მეუღლე სცემს ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ერთ დღესაც, როცა ხვდებიან, რომ ძალადობას არაფერი ამართლებს, იწყებენ ბრძოლას საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, ღირსებისა და სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა, ბევრისთვის ოჯახის დატოვება კვლავ გადაულახავი ბარიერია.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქალებს უჭირთ ოჯახზე უარის თქმა, რადგან მარტო დარჩენის რცხვენიათ. რცხვენიათ ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების, მეზობლების, რომლებიც აუცილებლად ეტყვიან, რომ ოჯახი უნდა შეენარჩუნებინათ. შედეგად, საკუთარ თავში დაუძლეველი თუ საზოგადოებისგან სტიგმატიზებული შეხედულებების გამო, ქალებს უამრავი მიზეზი აქვთ ძალადობასთან "შესაგუებლად".

ძალადობა კვალს მხოლოდ უშუალო მსხვერპლზე არ ტოვებს. არანაკლები ტრავმით აგრძელებენ ცხოვრებას ბავშვები, რომლებიც დედის ჩაგვრას სისტემატურად უყურებენ. მანანა გოცირიძის დაკვირვებით, ოჯახური პრობლემები იმდენად ღრმად აისახება მოზარდებზე, რომ უკვე სრულწლოვან ასაკში მათ ოჯახის შექმნის სურვილი აღარ უჩნდებათ. ბავშვობაში განცდილი შიში აწმყოშიც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და ოჯახს მეორე პლანზე აყენებს.

"ადრე ბებიები ბავშვებს თავიანთ თავგადასავალს უყვებოდნენ, როგორც ზღაპარს, მაგრამ ამ ვითომ ზღაპრებით, ქცევას, ურთიერთობას, გამოცდილებას ასწავლიდნენ და უზიარებდნენ ბავშვებს. ახლა ესეც არ არის. მოიშალა ურთიერთობა ამ თაობებს შორის. ვინმემ ხომ უნდა ასწავლოს ახალგაზრდებს, მომავალ მშობლებს ცხოვრება? მე როცა ტრენინგებს ვატარებ, ვეკითხები მათ: გინდათ შექმნათ ოჯახი? მეუბნებიან არა, მე მინდა პროფესია შევიძინო და ვიყო ძლიერი. ოჯახი გადავიდა მეორე პლანზე. რატომ? იმიტომ, რომ მათ ვერ ნახეს ოჯახში სითბო და აღარ უნდათ იგივეს გამეორება".

ფსიქოლოგიურ ტესტში, სადაც მამაკაცი ქალს თავზე ადგას, მამაკაცი არის ძლიერი და ქალზე უპირატესი, მაგრამ არა "გმირი". სინამდვილეში, ერთადერთი ვინც ოჯახში "გმირის როლის" მორგებას ცდილობს, ქალია.

"ქალი ზრუნავს ქმარზე, შვილებზე, ალაგებს სახლს, ამეცადინებს ბავშვებს, უარს ამბობს თავის მოვლაზე, ჩაცმაზე, პროფესიის მიღებაზე. შედეგად სრულად ხდება დამოკიდებული ქმარზე, ოჯახზე და მასზე ვინ ზრუნავს? ის ქალიცაა, ცოლიც, დედაც, შვილიც, რძალიც, ყველა რაღაცას ითხოვს მისგან, მაგრამ ვინმე ეკითხება მას რა სურს? არავინ", – ამბობს მანანა გოცირიძე.

პერსპექტივა

საქართველოში სამუშაო ადგილების პრობლემა პანდემიამდეც არსებობდა. ქალისთვის, რომელსაც არ აქვს პროფესია და გამოცდილება, არც თავშესაფარი, რთული იყო ისე დასაქმება, რომ გასამრჯელოთი ქირაც ეხადა და ბავშვების ელემენტარული საჭიროებები უზრუნველეყო. კორონავირუსმა ვითარება დაამძიმა და სამსახურის შოვნა კიდევ უფრო დიდ პრობლემად აქცია. ამიტომ, ალბათობა იმისა, რომ ძალადობას გამოქცეული ქალი ისევ მოძალადესთან დაბრუნდეს, მაღალია. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გარკვეული სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ამის მცდელობა კრიზისის დროს არ ჩანს.

ქვეყანაში ასევე სისტემურ პრობლემად რჩება ძალადობის პრევენცია. სპეციალისტების თქმით, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების კლასიკური მეთოდები აღარ მუშაობს. შესაბამისად, ძალადობრივი ფაქტების მატების პარალელურად, სახელმწიფომ უნდა იფიქროს ახალი და ეფექტური ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარებაზე.

სპეციალისტების გათვლით, პანდემიის პირობებში ცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მოგვიწევს. ეს კი სურათს, სადაც ქალს თავზე კაცი ადგას, ერთი-ორად ამძიმებს. სახელმწიფო კი, როგორც ბავშვებზე ძალადობის შემთხვევაში, ამ სურათს ვერ ხედავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე
მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
14:24 / 18.12.2024
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.