სოფლის მეურნეობა
მოუსავლიაონობის მესამე წელი - მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დარჩა
FaceBook
აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში მცხოვრები ნანა ჩხაპელიას ოჯახი ერთ-ერთია დასავლეთ საქართველოში, რომელსაც აზიურმა ფაროსანამ, სოკოვანმა თუ ბაქტერიულმა დაავადებებმა თხილის მოსავალი გაუნადგურა.
წინა წლებში მისი ოჯახი, დაახლოებით, სამიდან ოთხ ტონამდე თხილის მოსავალს იღებდა. ეს შემოსავალი მათთვის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო. მიმდინარე წელს წინა წლებთან შედარებით დაზიანების ხარისხი უფრო მაღალია. ნანა აბობს, რომ თუ შარშან 10 თხილის გულიდან ხუთი ვარგოდა, წელს 10-დან მხოლოდ ორია ჯანსაღი, ან საერთოდ არც ერთი. ეს კი თხილის ფასზეც აისახება.

"სრულიადნ უიმედო მდგომარეობაში ვართ. დასაქმებულები ჩვენ არ ვართ. თხილის შემოსავლის იმედად ვიყავით და აწი მის გარეშე რა უნდა ვიღონოთ არ ვიცით", - ამბობს ის.



დაზარალებული მოსახლეობა ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია.

"ის ვითარება რაც ახლა ჩვენ გვაქვს ხელოვნურს უფრო გავს. წელს იქნება შიმშილობა, რადგან ყველა მოსავალი განადგურებულია. ხალხს ერთადერთი საარსებო ქონდა თხილი და ისიც აღარ გვაქვს ახლა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მთელი წლის განმავლობაში რომ ოჯახი თხილის იმედზე არის და ამასაც რომ მოუსპობენ რა გასაჭირში იქნება. შვილო, ხალხი გამწარებულია და ახლა რომ დაიწყებენ საარჩევნოდ ხმების მათხოვრობას გეფიცებით ფიზიკურად გავუსწორდებით, გვიჭირს და ამიტომ, მთავრობა კი საკუთარი კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული", - ამბობენ სამეგრელოში.

სამეგრელო, გურია, აჭარა, აფხაზეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - მსგავს მდგომარეობაშია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. თხილის გარდა, მოსახლეობას უფუჭდება სიმინდიც. განადგურდა, აგრეთვე სხვადასხვა სახეობის ხილი, მავნებელმა მწერმა მოსახლეობას ბოსტანიც გაუნადგურა.

ეს წელს მოუსავლიანობის მესამე სეზონია. 2016 მოსავლის განადგურებას აზიურ ფარასანას აბრალებდნენ, გასულ წელს ფაროსანასთან ერთად მიზეზად უამინდობა დასახელდა.

ხალხი ჩივის, რომ ორი წლის მოუსავლიანობის ფონზე მათ შხამქიმიკატების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თუმცა, კერძო საკარმიდამო ნაკვეთებში ფერმერებმა წამლობა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელონ, რომელიც ძვირი ჯდება. წამლობის ჩატარება კი სულ მცირე ხუთჯერ არის საჭირო. ეს კი ფერმერს ჰექტარ-ჰექტარ-ნახევარ ფართობზე, დაახლოებით, 500 დან 1 000 ლარამდე უჯდება. მოსახლეობა იმაზეც ჩივის, რომ ბაზარზე უხარისხო შხამქიმიკატებია გავრცელებული, რაც შეწამვლით პროცესს არაეფექტურს ხდის.

თხილის ქარხანა "თხილის ქვეყნის" დირექტორი, ფრიდონ დვალიშვილი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თხილის მესამედია ბაზარზე. ხარისხი კი დაბალი, რაც ფასის ვარდნას იწვევს. მისი თქმით, ერთ საღ თხილში ის 0.35 თეთრს იხდის.

"10- დან შეიძლება ორი იყოს კარგი, ან საერთოდ არა. 10-ში რვა კარგი რომ გამოვიდეს ოთხ ლარს გადავიხდი, მაგრამ იშვიათია ასეთი", - ამბობს მეწარმე, ფრიდონ დვალიშვილი.

კომპანია "კარტლისის" სამეცნიერო კონსულტანტი, აგრონომი, რევაზ შონია ამბობს, რომ სწორად ჩატარებული აგროღონისძიებებისას შედეგი დადებითია. მისი თქმით, შეწამვლა თანმიმდევრულად უნდა მოხდეს.

"თუ მხოლოდ ფაროსანაზე გავაკეთებთ აქცენტს და სოკოვან დაავადებებს განზე დავტოვებთ შედეგი ძალიან ცუდი გვექნება. აგროღონისძიებების გატარება კომპლექსურად უნდა მოხდეს", - ამბობს ის.

აგრონომი ფერმერებს სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, კვირტის ტკიპას წინააღმდეგ და ასევე, ბაქტერიოზის წინააღმდეგ სპილენძის შემცველი პრეპარატით წამლობას ურჩევს.

"კოსაიდი, ჩემპიონი არის ძალიან კარგი პრეპარატი ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ" და ფერმერებს ვურჩევ თავიდანვე დროულად დაიწყონ შეწამვლითი სამუშაოები და გადაარჩინონ მოსავალი", - ამბობს რევაზ შონია.

ის ამის შემდეგ მოსახლეობას თხილის გამოხშირვას ურჩევს. მათ დაზიანებული, დახავსებული ტოტები უნდა მოაცილონ.

2016 წელს მავნებელმა მწერმა სოფლის მეურნეობას 50 000 000 დოლარის ზარალი მიაყენა. გასული წლის ზარალის ოდენობა ზუსტად ვერ გვეუბნებიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მწერი, რომელიც თხილს აზიანებს, აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს ეძახიან. ის მავნებელ მწერს წარმოადგენს, რომელიც მცენარეებით იკვებება. ზრდასრული მავნებლის ზომა 12–17 მმ–ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

მავნებელთა უმეტესობა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ ბინებში, ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში ბინადრობს. ის საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებლის სამშობლო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაა. თხილის გარდა, ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებსა და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. ის განსაკუთრებულს ზიანს თხილს, ატამს, ვაშლ–ატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს აყენებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე მექანიკური მეთოდების გამოყენება.

მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებელი უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი. სამეგრელო 16 600, გურია - 16 006, იმერეთი - 16 601. ზარი უფასოა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01.


ამავე თემაზე:

თხილის მოსავლის 70% დასავლეთ საქართველოში შესაძლოა კვლავ განადგურდეს

მოუსავლიანობის მეორე წელი და ღონისძიებები აზიური ფაროსანას დასამარცხებლად

აგროღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ფერმერებმა თებერვლიდან უნდა გაატარონ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად
განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
14:40 / 22.02.2022
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ,
წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.
11:30 / 19.02.2022
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ, წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.