საზოგადოება
დიპლომის შემდგომი განათლება - გამოწვევები და ახალი რეგულაციები ექიმებისთვის
FaceBook
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ექიმებისთვის დიპლომის შემდგომი განათლების მიღების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს.
დოკუმენტი, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,  ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ მედიცინის სფეროში დანერგილ სიახლეებს, გაიარონ გადამზადება, დააგროვონ შესაბამის კრედიტქულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ განათლების მიღება დიპლომის აღების შემდეგაც მოუწევთ. ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ  ქუთაისში ექიმებიც. თუმცა,  აღნიშნავენ, რომ დროის ფაქტორიდან გამომდინარე სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი. 


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, დიპლომის შემდგომი განათლების მიღება ექიმებს მეტად დაეხმარებათ, იზრუნონ ადამიანის სიცოცხლეზე და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ სამედიცინო სფეროს ახალ ტექნოლოგიებსა თუ დაავადებებზე.

„მთავარი არის ის, რომ მოხდეს პრევენცია იმ პრობლემების, რომელიც საქართველოში სამედიცინო სფეროში გვხვდება ანუ ექიმებმა არ ავნონ ადამიანის სიცოცხლეს. ექიმმა, რომელმაც 20 წლის წინ აიღო დიპლომი და იმის შემდეგ არაფერი უსწავლია, როგორ უნდა ვანდოთ ადამინის სიცოცხლე. ამიტომ ჯერ ვაფასებთ მდგომარებას, შემდეგ მოხდება კანონის შემუშავება და გასაუბრება ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - ამბობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, სამედიცინო განათლების კუთხით საქართველოში ძალიან კარგი ტრადიცია არსებობდა, მაგრამ ამას საფრთხე შეექმნა 90-იან წლებში, როდესაც უამრავი სამედიცინო ოთახი გაიხსნა, მისი თქმით, სარდაფებში ყოველი მეორე სამედიცინო ინსტიტუტი იყო, რამაც დაწია სწავლების ხარისხი.

„შედეგად გვაქვს ის, რომ სტუდენტებს და რეზინტებს არ ჰქონდათ საშუალება სრულფასოვანი განათლების, არ იყო პრაქტიკები, ოპერაციებზე დასწრება. ეს პრობლემები არ არის ახალი. იმისთის, რომ დიპლომამდე და დიპლომის შემდგომ იყოს სათანადო განათლების ხარისხის, ისეთი როგორიც არის მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ამ დონემდე საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი ნაბიჯია გადასადგმელი“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, ახალმა რეგულაციებმა ექიმეს საქმიანობა არ უნდა შეაფერხოს და პირიქით, მედიცინის მუშაკს სახელმწიფომ გარკვეული მოტივაციაც უნდა შეუქმნას და ისინი უნდა წაახალისოს. ის ჩვენთან საუბარში საქართველოში მდებარე ერთ-ერთი კერძო კლინიკის მაგალითს ასახელებს.

“ოჯახის ექიმს კერძო კლინიკაში აქვს ხელფასის 100% დანამატი იმ შემთხვევაში,  თუ ის აქტიურად არის ჩართული ტრენინგებში, აგროვებს კრედიტქულებს, მუდმივად ადევნებს თვალს ახალი დაავადებების სტატისტიკას. ეს კარგი მაგალითია, თუმცა, როგორი იქნება ჩვენი კანონი ამაზე ჯერ საუბარი ადრეა“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

დიპლომის შემდგომი განათლების ინიციატივას დადებითად აფასებს ინფექციონისტი ქეთინო მანაგაძე. მისი თქმით, ის ახლაც აქტიურად ერთვება სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგებში, თუმცა, თუ ეს სახელმწიფო დონეზე დარეგულირდება, მისი თქმით, ბევრი ექიმი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„მსოფლიოში იმდენი ახალი დაავადება იჩენს თავს, რომლის შესახებაც წინა წელს, შესაძლოა, ცნობილიც არ იყო, ამიტომ აუცილებელი ამის შესახებ ყველა ექიმმა იცოდეს. ასევე, არის ახალი სამედიცინო აპარატურა რომლის გამოყენების ცოდნა ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ იქნება რეგულაცია, რომ უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ მე გამეხარდება. ერთმანეთს იმ შემთხვევებსაც გავუზიერებთ, რომელიც ჩვენს პრაქტიკაში ხდება ესეც, რა თქმა უნდა, წინსვლა“, - ამბობს ჩვენთან საუბარში ინფექციონისტი ქეთინო მანაგაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩვენი რეჟიმი დატვირთულია მე მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეტი განათლება მივიღოთ. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, ამ მხრივ, გამონახავს შუალედს, რომ ჩვენ გვქონდეს შესაბამისი დრო და შესაძლებლობა თუნდაც ტრენინგებზე დასწრების ან კრედიქტულების დაგროვების“, - ამბობს ენდოკრინოლოგი პეტრე ლომინაძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო ასოციაციები ამ საკითხზე  ერთობლივად მუშაობენ. დოკუმენტი,  აკაკი ზოიძის განმარტებით, პარლამენტს დასამტკიცებლად  მომდევნო წელს უნდა წარუდგინო. 

2017 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სერთიფიკატის მოქმედება 67 ექიმს შეუჩერა, ხოლო 90 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა.

ამავე თემაზე: მიმდინარე წელს, ქუთაისში სამ ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.