ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება. კონკურსის დასრულებამდე მიკროსაავტობუსო ხაზების მიღების მსურველებმა
დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.
"კონურსი არის ერთდღიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ 29 მაისს თავად მძღოლები კონვერტით ჩააგდებენ თავიანთ მონაცემებს და იმ დღესვე გამოვლინდება გამარჯვებული", - ამბობს მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული.
ცხვედიანის განმარტებით, ვადაგასული ხაზებიდან ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტში წლის განმავლობაში 106 000 ლარი შედიოდა.
"ახალი წესის მიხედვით, ჩვენი უხეში გათვალებით, დაახლოებით 200 000 ლარი უნდა შემოიტანონ გამარჯვებულმა მძღოლებმა", - განმარტავენ მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში.
აღნიშნულ კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი 8 წევრიანი კომისია უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი შოთა მურღულია გახლავთ. წევრები კი მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები არიან. მათ შორის არის ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია.
კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვები კონკურსის დასრულებიდან 14 დღის ვადაში უნდა გადასცეს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები