ეკონომიკა
CRP WOOD - ხის ინოვაციური ქარხანა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს ახალ რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

მორიგი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ შპს „სიარპი-ვუდი“ CRP WOOD გახლავთ.

***
საქართველოში ხის დამამუშავებელი ერთადერთი ინოვაციური ქარხანა ქუთაისში ფუნქციონირებს. შპს „სიარპი-ვუდი“ CRP WOOD - ასე ჰქვია საწარმოს, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა.

ქარხნის ძირითადი საქმიანობა საავეჯე ნახევარფაბრიკატების Finger Joint პანელების წარმოებაა, თუმცა პანელებისგან, ასევე შიდა და გარე მოხმარების კარები, ევროფანჯრები, კოჭები და კონსტრუქციები მზადდება.

როგორც ქარხანაში განმარტავენ, საწარმოს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოების პროცესში საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად, მორის დამუშავების შედეგად მიღებული ხის მოკლე დეტალები გამოიყენება. ისინი ჩვეულებრივი ხის დამამუშავებელი საწარმოებისთვის გამოუსადეგარია, მისი დამუშავება და ახალ პროდუქციად გადაქცევა კი მხოლოდ თანამედროვე Finger Joint ტექნოლოგიის მქონე საწარმოს შეუძლია.

კომპანიაში წარმოების პროცესს გვიხსნიან. მათი თქმით, ხის დახერხვის შედეგად დარჩენილი მასალა ქარხანაში დეტალების სახით შემოდის, რომელსაც სპეციალურ კამერებში აშრობენ. საწარმოში დიდი ზომის სამი საშრობი და ერთი ვაკუუმკამერაა. ხის მასალის გამოშრობას 1-დან 3 კვირამდე ჭირდება.

კამერებიდან გამოსულ ხის დეტალებს ასწორებენ,ზომების და ხარისხების მიხედვით პალეტებად ალაგებენ, შემდეგ კი გადარჩეული დეტალები შეწებების უბანში გადააქვთ. სპეციალური დანადგარის მეშვეობით მათ ორივე მხრიდან კბილანები ამოეჭრება. ამგვარად დამუშავებულ დეტალებს ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად აწებებენ, რის შედეგადაც ხის მყარი პანელი მიიღება.



პანელები სადურგლო უბანში გადააქვთ, სადაც მათ მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებით ამუშავებენ და შეკვეთის მიხედვით სხვადასხვა სახის პროდუქციას ამზადებენ.

CRP WOOD-ში ამბობენ, რომ შეკვეთები მხოლოდ ზამთრში იკლებს, როდესაც სეზონიდან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები მცირდება. წლის დანარჩენ დროს ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. ამჟამად საწარმო გარდაბანში მშენებარე გოლფის კლუბის შეკვეთას ასრულებს.

CRP WOOD -ის უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ჩადგმული "იმერული ოდა", ბაგრატის ტაძართან არსებული ტურისტული ცენტრის შენობა, თეთრი ხიდის საფეხმავლო ნაწილი, ანაკლიის ხიდი, თბილისში გმირთა მოედანზე მდებარე ხის საფეხმავლო ხიდები, კურორტ "თეთნულდისა" და ყვარლის ტბის კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი გუდაურში, რომელიც თავისი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. იგი შექმნილია ინდივიდუალური საცხოვრებელი ხის კონტეინერებისგან.

შპს "სიარპი ვუდი" თავის პროდუქციას მომხმარებლებს არამარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და აზიაშიც სთავაზობს.
საწარმოში დამზადებული პროდუქცია საცალო ქსელში თბილისში, მაღაზია "დომინოში" და კომპანია "იმერის" სავაჭრო ქსელში იყიდება. საწარმოში ამბობენ, რომ მალე ახალ შოურუმს ქუთაისშიც გახსნიან.

ქარხანაში დამზადებული დეტალების ფასი ხის ჯიშზე და ზომაზეა დამოკიდებული.

CRP WOOD-ში ამ დროისთვის 100 ადამიანია დასაქმებული. ასევე, ქარხანა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისთვის.

ქუთაისის ხის დამამუშავებელ ქარხანაში მობილური სააგარაკე და საოფისე კოტეჯების შეძენაც შეგიძლიათ. ისინი სპეციალური პანელებისგან მზადდება, რომლებიც ხანძარგამძლეა და თბოიზოლაციის თვისება გააჩნიათ. კოტეჯი ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება. 1კვ. მეტრის მინიმალური ფასი 850 ლარია, მაქსიმალური კი შემკვეთზეა დამოკიდებული.




CRP WOOD-ში პატარებისთვისაც იზრუნეს. სულ მალე გადამუშავების შედეგად მიღებული ხის ნარჩენებისაგან მათთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის ფერად კუბიკებს დაამზადებენ. ასეთივე ნარჩენებისაგან დაამზადებენ სხვადასხვა სახის სუვენირებს, საოჯახო თუ საკანცელარიო ნივთებს.



ამ სიახლის გარდა, ქარხანაში ინოვაცია ინტერიერის დეკორატიული პანელებია, რომლის იდეა ექსკლუზიურად საწარმოს დირექტორს, მალხაზ ჩაჩავას ეკუთვნის. პატარა, სხვადასხვა ფორმისა და ფერის ხის დეტალებისგან აწყობილი პანელი ინტერიერს თანამედროვე იერს მისცემს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.