საზოგადოება
"მაკდონალდსის" შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები ქუთაისში
FaceBook
კომპანიამ, რომელიც ქუთაისის ცენტრში "მაკდონალდს" აშენებს, ცხრა წლის წინ დაკისრებული ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა.

შპს "თ და კ რესტორნებმა" ქალაქის მერიასთან პირველად ხელშეკრულება 2008 წელს გააფორმა. კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის 2009-2012 წლების დასკვნაშიც მოხვდა. ხელშეკრულების მიხედვით, მას აღებული პასუხისმგებლობა 30 თვეში უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მისი შესრულება მხოლოდ 45 თვეში შეძლო.


შპს "თ და კ რესტორნებს" ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე "მაკდონალდსის" მშენებლობისთვის, მერიის საკუთრებაში არსებული 1553 კვ.მ მიწის ფართობი 49 წლით გადაეცა. აღნაგობის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2008 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. დოკუმენტი კომპანიას 6 პუნქტის შესრულებას ავალდებულებდა. თუმცა, ყველა მათგანი ბუნდოვანია. მაგალითად, დაზუსტებული არაა თუ სად უნდა მოეწყო საბავშვო ცენტრი და მინი -პარკი ან ქუჩების მანიშნებლები, რომელიც ხელშეკრულებით უნდა განეხორციელებინა.

ამათ გარდა, კომპანიას ტერიტორიის კეთილმოწყობა, "მაკდონალდსის" რესტორნის მშენებლობა, უსახლკაროთა ბინებისთვის შეძენის მიზნით მერიისთვის 20 000 ლარის გადახდა და 1 700 000 ლარამდე ინვესტიციის განხორცილება დაევალა.

კერძო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას, ადგილობრივი მთავრობის მხრიდან, ქალაქის მაშინდელი მერი, ნუგზარ შამუგია აწერს ხელს. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტში კომპანიის ვალდებულებებს დეტალურად ვერ ჩაწერდნენ.

"ბუნდოვანს მანდ ვერაფერს ვერ ვუყურებ. თქვენ ქალაქს როგორ უყურებთ? "მაკოდნალდსი" თუ არ იქნა ქალაქში, ის რა ქალაქია? მაშინ იქნება დაბა. ცუდია ეს? იცით, მაგათ შემოყვანაზე რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა? არ უნდოდათ შემოსვლა, ვერ ვიმუშვებთო. მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და რა, ქალაქში არ უნდა ყოფილიყო? მე წამოვედი და შეიძლება კიდევ გაკეთდა, არ ვიცი ნახეთ და შეამოწმეთ," - ამბობს ნუგზარ შამუგია.

რა მიიღო ქალაქმა?
ქუთაისის მერიაში "თ და კ რესტორნების" შესრულებული ვალდებულებების მაგალითად მოჰყავთ ქალაქის 10 მაგისტრალზე ქუჩების მანიშნებლების განთავსება. თუმცა, როგორ გაირკვა, ეს თავად რესტორნის ფირნიშებია, რომელიც მოქალაქეებს მიანიშნებს ქალაქის ამა თუ იმ ადგილიდან რამდენ მეტრშია "მაკდონალდსი".

ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე საუბრობენ "თ და კ რესტორნებში".

კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილია, რესტორანი აშენებულია, საბავშვო ცენტრი, რომელიც ხელშეკრულებაშია მოხსენიებული ეს "მაკდონალდსში" მოქმედი დაბადების დღის ცენტრია, ხოლო მინი-პარკი - შენობის წინ არსებული გამწვანების ზოლია.
რაც შეეხება 20 000 ლარს, მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით, კომპანიამ ეს თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში ეტაპობრივად, ოთხი წლის დაგვიანებით გადარიცხა: 5000-5000 ლარი 2014 წლის 8 მაისსა და 31 დეკემბერს, 10 000 ლარი კი - 2015 წლის 5 ივნისს.

"რაც შეეხება კონკრეტულად თანხის ჩარიცხვის ვადებს, ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭირო და აუცილებელი იყო ქუთაისის მერიისგან შესაბამისი მითითებების და ინფორმაციის მიღება, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები," - განმარტავენ კომპანიაში.

აუდიტორული დასკვნა
"თ და კ რესტორნების" მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზეა საუბარი აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო უწყებამ 2009-2012 წლებში ქუთაისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის კანონიერებისა და მართლზომიერების შესწავლის შედეგად მოამზადა.

"შპს "თ და კ რესტორნებმა" მხოლოდ "მაკდონალდსის" შენობა და საბავშვო ცენტრი ააშენეს, მაგრამ 1 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს თუ არა, ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. რაც შეეხება უსახლკაროთათვის ბინების შესაძენად, მერიისთვის გადასარიცხ 20 000 ლარს, კომპანიას ეს პირობა დღემდე არ შეუსრულებია," - აღნიშნულია 2013 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში (#19/00).

ქალაქის მერმა კი, 2008 წლის ვალდებულების შესრულების აუდიტორულ დასკვნას "თ და კ კომპანიას", 9 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 27 იანვარს მოსთხოვა.

"შესრულება წარმოდგენილი აქვს ინგლისურ ენაზე, ვითხოვთ ქართულ ენაზე წარმოდგენას, რაც მათი ვალდებულებაა,"- განგვიმარტეს მერიაში.

მეორე ხელშეკრულება
ქუთაისის მერიასა და "თ და კ რესტორნებს" შორის მეორედ, ხელშეკრულება 2010 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა. საიჯარო ხელშეკრულებით, კომპანიას რესტორნის მიმდებარედ 216 კვ.მ გზის ნაწილი გადაეცა. ყოველწლიური საიჯარო ქირა, 47 წლის განმავლობაში, 1 728 ლარით განისაზღვრა. გამოდის, რომ ქუთაისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე 1კვ.მ მიწის ფართი 8 ლარად გააქირავა.

ქალაქის იმჟამინდელი მერი გია თევდორაძე ირწმუნება, რომ ამ ტერიტორიის "მაკდონალსდსისთვის" გადაცემით კომპანიაზე მეტად მოსახლეობამ ისარგებლა.

"დავაკისრეთ იმ ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, რომელიც მანამდე მოუვლელი იყო. ეს ადგილი, პირველ რიგში, მოქალაქეებს სჭირდებათ, ქუთაისელებს და ქალაქის სტუმრებს. თან ადგილობრივ ბიუჯეტში იხდის ფულს, ამიტომ ქალაქს არაფერი წაუგია. განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლების ამ კომპანიასთან ურთიერთობისა, როდესაც მხოლოდ "მაკდონალდსის" ინტერესი იქნა გათვალისწინებული და მოსახლეობის ინტერესი იგნორირებული. თვითმმართველობა აღმოჩნდა ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვის უუნარო," - ამბობს გია თევდორაძე.

ახალი პროექტი
ქუთაისში რესტორნის პირველი ობიექტის აშენებიდან 9 წლის შემდეგ, მეორე შენობა ქალაქის ცენტრში აშენდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და 6 თვეში უნდა დასრულდეს. ამ ობიექტის ასაშენებლად ტერიტორია "თ და კ რესტორნებს" ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა და შესაბამისად, ხელშეკრულებაც კომპანიამ ამ უწყებასთან გააფორმა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება აკისრებს თუ არა რაიმე ვალდებულებას კომპანიას ქალაქის წინაშე, ამ საკითხზე ქუთაისიპოსტი მუშაობას განაგრძობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის "თ და კ რესტორნებმა" მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 10 000 ლარი შესწირა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.