ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მშენებარე ავტოსადგომი ბაზრის ტერიტორიას
სცდება და საზოგადოებრივ სივრცეს იკავებს.
ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსადგომის დაბოლოება, ფეხით მოსიარულეთა
ტერიტორიას, ე.წ. პასაჟების ერთ ნაწილს შუაზე ყოფს.
ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტი ადგილობრივ
თვითმმართველობასთან შეთანხმებულია. ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ,
რომ ფეხითმოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.
ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მესაკუთრე, შპს "ფარის" დირექტორი, ოლეგ
არგვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოქალაქეებს
ავტოსადგომზე უფრო მეტ პრობლემას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
გარევაჭრობა უქმნის.
"პარკინგის მშენებლობით არ ირღევვა მოქალაქეების უფლება. ვფიქრობ,
მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა უფრო არის მათი უფლებების
დარღვევა. ავტოსადგომის პროექტი შეთანხმებულია ქუთაისის
მერიასთან, საპატრულო პოლიციასთან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ
სააგენტოსთან. პროექტზე მუშაობდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები
და მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მოქალაქეთა ინტერესები.
ასეთი ავტოსადგომი უამრავია მსოფლიოში და მათ აქვთ ხელშეწყობა
ხელისუფლების მხრიდან", –აცხადებს ოლეგ არგვლიანი.
ავტოსადგომის მშენებლობის გამო ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვის
საფრთხის წინაშე არიან გარემოვაჭრეები. მათი თქმით, ავტომობილების
მოძრაობის გამო ტერიტორიაზე გაჩერება შეუძლებელი იქნება.
"ჩვენ ვინ გვკითხავს ვინმე რამეს? მერიას მიუცია ნებართვა. ისედაც სულ
გვეჩხუბებიან და არ გვაჩერებენ აქ. მოგვიწევს სხვა ადგილზე გადასვლა
ან წავალთ სახლში", – ამბობს ერთ–ერთი გარემოვაჭრე ნადია
კილასონია.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ავტოსადგომისთვის განკუთვნილ
ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის საკუთრებაშია, მოქალაქეები უპრობლემოდ
გადაადგილდებიან. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ისინი ისედაც უკანონოდ
ახორციელებენ ადგილზე ვაჭრობას.
"ის, რომ ძალიან შეიზღუდება ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება, ასეთი რამ
არ იქნება. იქ შეიძლება დაიდგას შუქნიშანი და უპირატესი იქნება
ფეხითმოსიარულე და არა მანქანა. ყველანაირი პირობა უნდა იქნას
შექმნილი, რომ მოქალაქეს არ შეექმნას პრობლემა. რაც შეეხება
გარემოვაჭრეებს, ისინი ისედაც არ უნდა იყვნენ იქ და თუ არ
იქნებიან მითუმეტეს კარგი იქნება
, "–აცხადებს ქუთაისის მერიის
არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო
და მიმდინარე წლის
გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
ავტოსადგომი პირველ ეტაპზე 35 მანქანაზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები