საზოგადოება
პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადებას ავრცელებს
FaceBook
პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანანა კობახიძის მიერ უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს.

"მაშინ, როდესაც ხელისუფლებას საჯაროდ აქვს დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მხარდაჭერა, ეროვნულ დონეზე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, რომელმაც თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლედ მსგავსი კანდიდატურის დასახელება სამართლიანად იწვევს ჩვენს შეშფოთებას.

საკუთარ განცხადებებში პარლამენტის წევრი მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა. მაგალითად, ერთ-ერთ განცხადებაში, ქალბატონი მანანა კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ წარმომადგენლის უფლებები დაირღვევა, ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მას, როგორც დეპუტატს, ექნება შესაბამისი რეაგირება და მიდგომა, თუმცა ამავდროულად დასძენს: "მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მართლმადიდებელს, მაქვს უფლება მქონდეს შეხედულება ამ შეხედულების გამოხატვის უფლება. თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა, რა უნდა ვქნა".

აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში მანანა კობახიძე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტზე, სადაც რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც გამოირჩევიან შეუწყნარებლობით და ძალადობით სხვადასხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ, პირდაპირი ეთერი ძალადობრივი ქმედებებით ჩაშალეს. მანანა კობახიძე პირდაპირ გამოხატავს მათ მიმართ სიმპათიას და მხარდაჭერას: " [...] ის, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება, მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა, ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი – ეს ვთქვი მე.

ის, რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავლობას და ლესბოსელობას, ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი. მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები-მეთქი, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ის, რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლმადიდებლური სარწმუნეობისთვის მიუღებელია. ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექსტი ამ ინტერვიუსი. ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა, მართლმადიდებლობისთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბოსელობა".

აღნიშნულ კანდიდატს სხვა შემთხვევაშიც არაერთხელ აქვს გაკეთებული იმგვარი განცხადებები, სადაც ნათლად იკითხება მისი მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და აშკარად გამოხატული ქსენოფობიური და ჰომოფობიური რადიკალური ჯგუფების მიმართ მხარდაჭერა.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანების თანასწორობის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც დემოკრატიული და ლიბერალური საზოგადოების როგორც მიზანი, ისე საფუძველია. აღნიშნული პრინციპის პატივისცემა ქვაკუთხედია იმ მოსამართლის კანდიდატურის ადეკვატურად შესაფასებლად, რომელმაც მომავალი 10 წლის მანძილზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის პატივისცემა, არამხოლოდ ნორმატიულად დაწესებული მოთხოვნების შესრულებაში გამოიხატება, არამედ შესაბამისი იდეალების განუხრელ ერთგულებასაც მოითხოვს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის შერჩევისას ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად აქვს გათავისებული მოსამართლეობის კანდიდატს თანასწორობის პრინციპის სრულფასოვანი დაცვის საჭიროება, რამდენად იცნობს და იზიარებს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების არსს.

სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებთ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი შეკითხვები გაგვაჩნია კანდიდატის როგორც პროფესიულ, ისე ღირებულებით ფასეულობებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს უმცირესობების და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყნის შიგნით არსებულ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაზე. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღნიშნული პოზიცია მხედველობაში მიიღონ საქართველოს პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას შემდეგი ორგანიზაციები უერთდებიან:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

თანასწორობის მოძრაობა

კავშირი "საფარი"

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ((EMC)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.