ხარაგაულის სოფელ ზვარეში დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად 2016
წლის 23 სექტემბერს თბილისში 18:30 საათზე შეიკრიბებიან.
შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" მუშებისა და რკინიგზის ახალი
პროფკავშირების ორგანიზებული საპროტესტო აქცია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან
მოეწყობა.
ორგანიზატორების განმარტებით, 100-მდე მუშა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარეს
დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული,
უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების არარსეობის
გამო, უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე.
მათ სოლიდარობას ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი" უცხადებს.
"მუშათა გაფიცვის პარალელურად, არსებული შრომითი დავის გადაჭრის
მიზნით, 23-ე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი
დასაქმებულებსა და საწარმოს შორის, რომლის არაეფექტურობამ მუშები
გაფიცვამდე მიიყვანა. მივიჩნევთ, რომ ზვარეში დასაქმებული მუშების
მძიმე სამუშაო პირობები არ არის კერძო შემთხვევა და ის შრომითი
ექსპლუატაცია დაშვებული პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს,
რაც გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკით, რომელიც
სუსტი და გაუმართავი აღსრულებითი მექანიზმების პირობებში, ვერ იცავს
საკუთარ მოქალაქეებს ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან და დამსაქმებელთა
ძალაუფლებისგან. ზვარეში გაფიცული მუშების ბრძოლის მხარდაჭერა,
უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პირობების მოპოვებისთვის, ყველა
ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - აცხადებენ "ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში".
ხარაგაულის სოფელ ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები
გაიფიცნენ.
გაფიცულები მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ და
დამსაქმებელს
პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას
უყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები