მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ
პაციენტებს, გარკვეული სერვისების მიუხედავად, დისკომფორტი
ექმნებათ.
ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო, ბენეფიციარებს შემაფერხებელი
ფაქტორები ფინანასური კუთხით უჩნდებათ. ამაზე მიუთითებენ
სპეციალისტები. თანაც იმასაც აღნიშანვენ, რომ პროგრამა ნაკლებად
გულისხმობს პაციენტის სრულად მკურნალობას და საზოგადოების სრულფასოვან
წევრად ქცევას.
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს
დღიური დოზის მისაღებად ყოველ დღე ათობით კილომეტრის გავლა უწევთ.
მართალია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს საქართველოს ყველა
კუთხეში აქვს წარმომადგენლობა, მაგრამ ეს ვერ ათავისუფლებს პაციენტებს
იმ დისკომფორტიდან, რასაც მათ ნარკოლოგიურ ცენტრში ყოველდღიური
სტუმრობა უქმნის.
დისკომფორტის მიზეზად სპეციალისტები ე.წ. კონტროლის მექანიზმს
ასახელებენ, რომელსაც პროგრამაში ჩართულ პირებს შინაგან საქმეთა
სამინისტრო უწევს.
"სინამდვილეში, პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს
მეთვალყურეობას. მათ რეალურად პრეპარატის ბადრაგირება ევალებათ. ისინი
კი პროგრამიდან გამოსულ პირებს ხშირად ნარკოტესტირებაზე წარადგენდნენ.
კონტროლის ასეთი სისტემიდან გამომდინარე, დარღვეულია ექიმსა და
პაციენტს შორის ურთიერთობის ავტონომია. ექიმი, რომელსაც ჰყავს
პაციენტი 11 წლის სტაბილური გამოცდილებით, ვერ უნიშნავს რამდენიმე
დღის დოზას, რომ პაციენტმა ყოველ დღე არ იაროს კლინიკაში", -
აღნიშნავს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმოადმენელი, პაატა
საბელაშვილი.
ასეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყოველ დღე დადიან კლინიკაში
საკმაოდ დიდია. მაგალითად, ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში
მეთადონის პროგრამაში 260 პაციენტია ჩართული. 2016 წელს ცენტრმა
ზესტაფონში გახსნა კაბინეტი, რომელიც ზემო იმერეთის
მუნიციპალიტეტებიდან და სოფლებიდან 40 პაციენტს ემსახურება.
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან
მოქმედებს. მანამდე იყო და დღესაც მუშაობს "გლობალ ფონდი", რომელიც
აივ ინფიცირებულებისთვის ახორციელებს მეთადონის უფასო პროგრამას
თბილისსა და ბათუმში.
"იმდენად დიდი მოთხოვნილება წამოვიდა ჩანაცვლებით თერაპიაზე, რომ უკვე
სახლმწიფომ გაიღო თანხები შეექმენა გარკვეული ბაზები და რეგიონების
მიხედვით დიდ ქალაქებში გაეხსნა ცენტრები. ჩანაცვლების პროგრამაში
თავდაპირველად 30 ადამიანი იყო ჩართული, რიცხვი თანდათანობით
გაიზარდა", - აღნიშნავს ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის
დირექტორი და მეთადონის ჩანაცვლებითი პროგრამის განყოფილების გამგე,
მერაბ ფოფხაძე.
განსხვავებით "გლობალ ფონდიდან", რომელსაც უფასო პროგრამები აქვს,
თუმცა გააჩნია პაციენტთა მიღებაზე გარკვეული ლიმიტი, ჩანაცვლებით
თერაპიის სახელწმიფო პროგრამაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩართვა.
სამაგიეროდ, აქ თანადაფინანსების სისტემა მუშაობს და პაციენტს
ნახევარი თანხის გადახდა უწევს. მომსახურების ერთი თვის ვაუჩერის
ღირებულება განისაზღვრება 215 ლარის ოდენობით. აქედან, სახელმწიფო
ფარავს 105, ხოლო პაციენტი დანარჩენ - 110 ლარს.
"აღსანიშავია სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ბარიერი. მომსახურების
საფასურის ნახევარს პროგრამით მოსარგებლე იხდის. ხშირ შემთხვევაში
დავალიანების დაფარვა პრობლემურ საკითხად იქცევა", - აღნშნავს პაატა
საბელაშვილი.
ამის პასუხად ნარკოლოგიურ ცენტრში უფასო პროგრამებზე მიუთითებენ.
"უფასო პროგრამებიც არის რომელიც ეკუთვნით აივ შიდსით დაავადებულებს
და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პაციენტებს ვისაც 70 ათას ქულაზე
ნაკლები აქვთ", -აღნიშნავს მერაბ ფოფხაძე.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის
განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ფინანსურმა პრობლემამ პროგრამაში
მონაწილეობის მოსურნეს ბარიერი არ უნდა შეუქმნას, რადგან პროგრამა
მოსარგე პირებს თავიდან არიდებს კრიმინალიზაციის საფრთხეს, სტაბილური
საქმიანობის წამოწყებასა და საბოლოო ჯამში, ინტეგრაციაში ეხმარება,
თუმცა ექსპერტები იქვე იმასაც მიუთითებენ, რომ რეალურად სხვა სურათი
იკვეთება.
"პროგრამით მოსარგებლეები საკუთარ გადაადგილებას რეგიონებში პუნქტების
განლაგების მიხედვით გეგმავენ. ყოველ დღე (უქმეების ჩათვლით) ისინი
ვალდებულნი არიან სამუშაო საათებში გამოცხადდნენ კლინიკაში დღიური
დოზის მისაღებად. ცხადია, მათი დამსაქმებელი თანახმა უნდა იყოს
პროგრამით მოსარგებლის დასაქმებაზე", - აღნიშნავს პაატა
საბელაშვილი.
კიდევ უფრო ურთულდებათ საქმე ქალ პაციენტებს.
"მათი წილი სერვისით მოსარგებლეთა შორის არასოდეს აღემატებოდა 1%-ს.
ქალი მომხმარებლები ერიდებენია კაც მომხმარებლებთან ერთად სერვისით
სარგებლობას. სერვისი არც სხვა კომპონენტებში ითვალისწინებს ქალების
საჭიროებებს", - ამბობს პაატა საბელაშვილი.
საჭიროებების გათვალისწინება ნაკლებად ხდება ჩანაცვლებითი თერაპიის
შემდეგ ეტაპზე.
დეტოქსიკაციის პროგრამა, რომელიც უკვე მეთადონიდან გათავისუფლებას
გულისხმობს, მხოლოდ თბილისში არსებობს. მასში მონაწილეობის
შესაძლებლობა ბევრს არა აქვს. სპეციალისტები, ასევე მიუთითებენ ფსიქო
და სოციალურ რეაბილიტაციაზე, რომელიც პრაქტიკულად არ ხორციელდება.
"ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია უნდა ხდებოდეს. ეს თუნდაც ჩანაცვლებით
თერაპიას ეხებოდეს, ან აღკვეთის სინდომის მოხსნას. ამის შემდეგ იწყება
მთავარი - ადამიანს ქცევა შეაცვლევინო და ცხოვრებისკენ შემოაბრუნო,
დაასაქმო, ისევ ქუჩაში რომ არ დარჩეს და განმეორებით არ მიუბრუნდეს ",
- ამბობს ორგანიზაცია "რუბიკონის" გამგეობის თავმჯდომარე, ზაზა
ქარჩხაძე.
სპეციალისტები აღნიშნავენ პროგრამის ფარგლებში ფსიქო/სოციალური
მომსახურების ფორმალურ არსებობაზე და სახელმწიფოს ნაკლებ ნებაზე
ბოლომდე დაეხმაროს მეთადონის პროგრამის მონაწილე ადამიანებს.
მასალის გამოყენების პირობები