იმერეთში მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
17:00 / 17.06.2016
იმერეთის რეგიონის 529 სოფლიდან მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მხოლოდ
57–ს აქვს.
ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, "მთის განვითარების ეროვნული საბჭოს"
სხდომის გადაწყვეტილების შედეგად, გაიზარდოს. ამის შესახებ იმერეთის
გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტა.
საბჭოს სხდომა მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება, სადაც ამა თუ იმ
დასახლებული პუნქტისთვის მთის ზონის სტატუსის მინიჭებას,
მუნიციპალიტეტების მიმართვიანობის საფუძველზე განიხილავენ.
"ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის
სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომელთა მიერ დაისვა საკითხი, რომ
კიდევ მოხდეს სოფლებისთვის ამ სტატუსის მინიჭება", - განმარტავს
იმერეთის გუბერნატორი.
ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტავს, რომ ამ სტატუსის მინიჭება სოფლის მცხოვრებლებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივების მიგრაციის მაჩვენებელს
მასიური ხასიათი აქვს.
მაგალითად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენაში, 2014 წელს
მოსახლოების რაოდენობა 133 შეადგენდა, ეს რიცხვი 2015 წელს 95-მდე
შემცირდა.
მთის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ადგილობრივების
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მიგრაციის
შემცირებაზე, სოფლის მოსახლეობაც საუბრობს.
"სოფელში ისეთი შეჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს, რომ ის შეღავათები,
რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ძალიან მნიშვნელოვანია
საარსებოდ", - განმარტავენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებლები.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მიმდინარე
წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ
კანონის ამოქმედების შედეგად მოეხსნა. ამის გამო, ადგილობრივი
მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან სტატუსის გაუქმებამ
ტყიბულში დასაქმებული მეშახტეებისთვის საგადასახადო შეღავათების
გაუქმება გამოიწვია და მათი შემოსავალი შეამცირა.
მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე დასახლებაში 2016 წლის იანვრიდან
გარკვეული შეღავათები ამოქმედდა. კერძოდ, ფიზიკური პირი საშემოსავლო
და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე პირები მოგებისა და ქონების
გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ასევე, ოჯახს პირველი და მეორე
ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი, ხოლო მესამე
და ყოველი შემდგომის ბავშვისთვის 2 წლის განმავლობაში 200 ლარიანი
დახმარება ენიშნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერ, საჯარო სკოლებისა და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე, ვაუჩერის
გაზრდილი ოდენობა გაიცემა. ასევე, პენსიისა და სოციალური პაკეტის
ყოველთვიური დანამატი არანაკლებ 20 %-ისა, ზამთრის პერიოდში გათბობის
უზრუნველყოფა - ეს იმ საშეღავათო პირობების ჩამონათვალია, რომელიც
"მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით
უკვე ძალაშია.
შეღავათების ნაწილი კი ეტაპობრივად 2016 წლის სექტემბრიდან
ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტმა "მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ"
კანონი 2015 წლის ივლისში მიიღო.
მის მიღებამდე "მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული განვითარების შესახებ" კანონი მოქმედებდა, რომელიც 1999
წელს იყო მიღებული. თუმცა, მას შემდეგ რაც ახალი ნორმატიული აქტი
ამოქმედდა, ის ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით,
მაღალმთიან დასახლებად ითვლება სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1500
მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. ასევე, სტატუსის ერთ-ერთი
განმსაზღვრელი ფაქტორი მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის
მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემოა.
რაც შეეხება "მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს", მისი შემადგენლობა
46 წევრით დაკომპლექტდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ხელმძღვანელობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები