ქუთაისში რეგისტრირებულ სამშენებლო კომპანია "ჯეოკონსტრუქშენს" 2015
წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 274 614 ლარი აქვს მიღებული.
სამშენებლო კომპანიამ აღნიშნული თანხა თვითმმართველობის მიერ
გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების გზით, სხვადასხვა
სარეკონტრუქციო სამუშაოების შესრულების სანაცლოდ მიიღო. თავის მხრივ,
განხორციელებული სამუშაოების გამო, "ჯეოკონსტრუქშენი" მერიამ 2015
წლის პარტნიორ კომპანიად დაასახელა და კონკურსში ერთ-ერთ
გამარჯვებულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
შპს "ჯეოკონსტრუქშენს" გასულ წელს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული
8 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, ერთ ტენდერში კომპანია
უკონკურენტო იყო, სამი ტენდერი 1 ლარით აქვს მოგებული, ხოლო დანარჩენი
- "შეჯიბრებითობის" პრინციპით.
მაგალითად, ელექტრონული ტენდერი "ჯეოკონსტრუქშენმა" 1 ლარით მოუგო შპს
"ენერგეტიკ-2005"-ს. კომპანიები ერთმანეთს, მერიის მიერ 2015 წლის 19
თებერვალს გამოცხადებულ, 622 801 ლარის ღირებულების ელექტრონულ
ტენდერში ეჯიბრებოდნენ. 1 ლარით მოგების სანაცვლოდ, "ჯეოკონსტუქშენს"
ქუთაისში ბარნოვის ქუჩის, ი.პეტრიწის №50-დან №98-მდე (ვაჟა-ფშაველა
გოჭოურას სასაფლაო), ბაგრატის ტაძრის ჭიშკრიდან ქეთევან წამებულის
ქუჩამდე და თავისუფლების ქუჩის პირველი შესახვევის სანიაღვრე ქსელის
და გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების კეთილმოწყობა 392 999
ლარის სანაცვლოდ დაევალა.
სამაგიეროდ, "ჯეოკონსტრუქშენი" უკონკურენტო აღმოჩნდა მერიის მიერ
გასულ წლი 12 ივნისს გამოცხადებულ 215 982 ლარის ღირებულების
ელექტრონულ ტენდერში (SPA150016828).
მერიამ ტენდერი ევდოშვილის პირველი შესახვევისა და ავტოქარხნის ახალი
სასაფლაოს მისასვლელი გზის ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის
მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოაცხადა.
ზემოთ აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რომ ის
უკონკურენტოდ მონაწილეობდა ელექტრონულ ტენდერში, მერიას სამუშაოს
შესრულების სანაცვლოდ თვითმმართველობიდან გამოყოფილ თანხაზე 41 032
ლარით ნაკლები მოსთხოვა. საბოლოო ჯამში კი, ხელშეკრულება მხარეებს
შორის 174 950 ლარზე გაფორმდა.
სამშენებლო კომპანია "ჯეოკონსტრუქშენმა" რვა ელექტრონული ტენდერიდან
ყველაზე დიდი თანხა, 780 000 ლარი, ქალაქში ხუთ ქუჩაზე სანიაღვრე
ქსელისა და გზის ბეტონის საფარით მოწყობის უზრუნველყოფის სანაცლოდ
მიიღო.
მერიამ ამ სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერი (SPA150004406)
1 265 987 ლარზე გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების პასუხისმგებლობის
აღებაზე სულ ექვსი სამშენებლო კომპანია მონაწილეობდა: შპს "ინ-სი",
შპს "საპოვნელა+", შპს "ინვესტსტროირეგიონის" წარმომადგენლობა
საქართველოში, შპს "გი-ან 2011", შპს "MJM" და თავად შპს
"GEOCONSTRUCTION". თუმცა, "შეჯიბრებითობის" პრინციპის შედგედად,
მერიამ არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.
ადგილობრივ თვითმმათველობაში განმარტავენ, რომ გასულ წლის პარტნიორ
კომპანიად "ჯეოკონსტრუქშენი" სამუშაოების კარგად შესრულებისთვის
დააჯილდოვა.
თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიის დირექტორი, შალვა ჯანელიძე
განმარტავს, რომ მერიის ჯილდო დამსახურებულად მიიღო.
ჯანელიძე აცხადებს, რომ მერიისგან "აღიარების" მისაღებად დიდი შრომაა
საჭირო და სხვა სამშენებლო კომპანიებსაც იგივეს ურჩევს.
ის ასევე, ამბობს, რომ მიმდინარე წელსაც აქტიურად მიიღებს
მონაწილეობას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში.
მასალის გამოყენების პირობები