საზოგადოება
ყოველწლიურად მზარდი სახელფასო ფონდი გაზრდილი სიღარიბის კვალდაკვალ
FaceBook
51 მილიონ 199 500 ლარი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელფასო ფონდს, 8 მილიონ 511 400 ლარი სოციალურ უზრუნველყოფას - ასე გადანაწილდა თანხები 2025 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.

საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველწლიურად იზრდება, სამაგიეროდ, 2015 წლის შემდეგ უცვლელია 16 წელს გადაცილებული პირებისათვის ფულადი შემწეობის ოდენობა, რომელიც თვეში ერთ ადამიანზე 30 - 60 ლარს (განისაზღვრება ქულების მიხედვით) შეადგენს.

ეს იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები ყოველდღიურად ღარიბდებიან, რაზეც სოციალური მომსახურების სტატისტიკა მიუთითებს. სააგენტოს 2024 წლის დეკემბერის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქუთაისიდან, 27 415 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც 180 ადამიანით მეტია წინა, 2024 წლის ნოემბერში დარეგისტრირებულთა მაჩვენებელზე.

ამ მონაცემების მიხედვით, ქალაქში ღარიბად თავს (2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისში 125 600 ადამიანი ცხოვრობდა) მოქალაქეების 21, 83 % თვლის.


მზარდი სახელფასო ფონდი


ქუთაისის მიმდინარე წლის 117 მილიონიანი მოცულობის ფინანსურ დოკუმენტში 43, 72 % (თანხობრივად 51 მილიონ 199 500 ლარი) ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულეთა სახელფასო ფონდს ხმარდება.
წელსაც, ისევე, როგორც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საჯარო მოხელეები უკვე იანვრიდან 10 %-ით გაზრდილ ხელფასს აიღებენ.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო მოხელეებს და თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასები 10%-ის ოდენობით. შესაბამისად, მერიაში, თანამშრომლებს გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები 10%-ით“, - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატების ტენდენცია 2022 წლიდან დაიწყო. ამავე წელს, საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეებს, ყოველწიურად ხელფასი 10-10 პროცენტით გაეზრდებათ, 2026 წლამდე.

ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სახელფასო ზრდა საჯარო მოხეელეებისთვის მნიშვნელოვანია. თვლის, რომ ახლა საჯარო მოხელეებს „საკმაოდ კარგი“ ხელფასი აქვთ.
„ხომ მეთანხმებით, რომ უნდა გაზრდილყო ხელფასები სახელწიფო უწყებებში დასაქმებულებისთვის? ეს ზრდა მნიშვნელოვანი იყო, რადგან კერძო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასები უფრო მეტი იყო. ამიტომაც, ეს დისპროპორცია უნდა გასწორებულიყო“, - განმარტავს ზაზა ლომინაძე.

შემწეობის გარეშე დარჩენილი

82 წლის ეთერ მაისურაძე წლებია სოციალურ შემწეობას ითხოვს. სააგენტომ შესაბამისი ქულა მხოლოდ იმის გამო არ მიანიჭა, რომ შვილის სახელზე მანქანა იყო გაფორმებული.

„ძველი მანქანა იყო ჩემი შვილის სახელზე გაფორმებული, ოღონდ ეს მანქანა ჯართში იყო ჩაბარებული. იმის გამო, რომ ეს სისტემაში გამოჩნდა, მაღალი ქულა მოგვანიჭნეს“, - გვიყვება ეთერ მაისურაძე.
მან ფულადი შემწეობის მისაღებად შესაბამის სააგენტოს განცხადებით 2024 წელს მიმართა. თუმცა მაისურაძის თქმით, უშედეგოდ.

„ბინა მაქვს. სულ არის 47 კვადარატი, გამოიყვანეს 70 კვადრატი. ახალი არაფერი არ მაქვს სახლში, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე. მაგრამ ქულა მაინც მაღალი მომანიჭეს“, - აღნიშნავს ეთერი.

ოჯახის სოციალური მდგომარეობა პირველ ჯერზე 70 000 ქულით შეფასდა, ხოლო ბოლოს 120 000 ქულით.

ეთერ მაისურაძე ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ორ უმუშევარ შვილთან ერთად ცხოვრობს. გვიყვება, რომ ორივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც, მათი ერთადერთი შემოსავალით, 450 ლარიანი პენსია, სხვა საჭიროებებთან ერთად, შვილების წამლებსაც უნდა ამყოფინოს.

„იმის გამო, რომ საკვებზე პენსია არ გვყოფნის, მადლიერების სახლში დავდივარ. ახლა მერიაში მივდივარ, განცხადება უნდა დავწერო. იქნება რომელიმე პროგრამით დამეხმარონ“, - ამბობს ეთერი მაისურაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონის სოციალური მომსახურების სერვისცენტრში განმარტავენ, რომ ბენეფიციარს არაწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიენიჭა საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ქულები.

„ჩვენამდე მოვიდეს და ავუხსნით“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქუთაისში სოციალურ შემწეობას, ბაზაში მყოფი 27 415 ადამიანიდან, მხოლოდ 7 908 ადამიანი იღებს.

სოციალური შემწეობის მიმღები ბენეფიცარები ამბობენ, რომ ფულადი შემწეობა, რასაც ქულების მიხედვით იღებენ, იმდენად მიზერულია, მხოლოდ იმისთვის ყოფნით, რომ შიმშილით არ დაიხოცონ.
„დახმარებას კი ვიღებ, მაგრამ რაში უნდა გვეყოს 60 ლარი. ათი წლის წინ რაც ღირდა, ის ღირს ახლა პური ან შაქარი? თვითონ იზრდიან ხელფასებს, ხომ კარგია და ჩვენ დაგვამათხოვრეს. კარგი მადა აქვთ თვითონ და ჩვენ მხოლოდ თავის გადატანაზე ვართ “, - ამბობს ნარგიზა კაპანაძე.


საარსებო შეწეობა - სოციალური დაცვის ცენტრალური დონის სერვისი

ქვეყანაში სოციალური დაცვის სერვისების ნაწილი ცენტრალურ დონეზე, ნაწილი კი მუნიციპალურ დონეზე მოქმედებს. სოციალური შემწეობა ცენტრალური დონის სერვისია.

ოჯახი, რომელსაც სურს ამ სერვისის მიღება, ჯერ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ კი, მიდიან ოჯახში და შეისწვლიან მათ სოციალურ მდგომარებას, რის შემდეგაც მიანიჭებენ „შესაბამის“ ქულას. კანონმდებლობით გათვალისიწინებული ქულების მიღების შემთხვევაში, ოჯახს ეძლევა საარსებო შემწეობა.

„რეალურად კი, საარსებო შემწეობის მისაღებად შესაბამისი ქულები ენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ ღარიბია და თანადგომა ჭირდება სახელმწიფოსი. ირგვლივ ძალიან ბევრი ოჯახია, რომლებსაც სჭირდებათ ეს დახმარება, მაგრამ მის მიღმა რჩებიან.

წლების განმავლობაში, ქულების დათვლის მეთოდოლოგია რამდენჯერმე გადაიხედა, თუმცა იგი ადამიანების რეალურ საჭიროებებს ბოლომდე კვლავ ვერ ხედავს. მაგალითად, ქულის დათვლის დროს მხედველობაში მიიღება: კომუნალური გადასახადები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარჯი, შესაძლოა, საბაზისო საჭიროებებზე, მაგალითად, საკვებზე, უარის თქმის ხარჯზე იყოს გაღებული; მიწის ნაკვეთის არსებობა, თუმცა ის არ არის გათვალისწინებული, რომ მისი დამუშავების და განკარგვის შესაძ-ლებლობა მარტოხელა ხანდაზმულს შესაძლოა არ ჰქონდეს“, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ ჯანიაშვილი.

გარდა იმისა, რომ დახარების მიღმა რჩებიან ბენეციარები, მიზერულია ის თანხა, რასაც ქულების მინიჭების შემდეგ უნიშნავენ 16 წელს გადაცილებულ ადამიანებს. (მხოლოდ 16 წლამდე ბავშვის თანხა გაიზარდა ეტაპობრივად, 10 ლარიდან 200 ლარამდე).
30-60 ლარი ეს ის თანხაა, რომელსაც სხვადასხვა ქულის მიხედვით, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის თითოეული წევრი იღებს. ფულადი შემწეობის ეს ოდენობა 10 წლის წინ განისაზღვრა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, საარსებო შემწეობისთვის 10 წლის წინ გათვლილი თანხა, ნათლად აჩვნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომას ადამიანების მიმართ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მოხდა ინფლაცია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, რადგან ფასები გაიზარდა და არა მხოლოს საკვების. მიუხედავად ამისა, იზრდება მხოლოდ საჯარო მოსამსახურეების, პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები, ხოლო იგივე რჩება სოციალური გასაცემელები. ეს არის უდიდესი დისბალანსი ადამიანების სოციალური თანასწორობის მხრივ. არ ვამბობ, რომ არ უნდა გაიზარდოს საჯარო მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურება, მაგრამ ამასთანავე და პარალელურად უნდა მოემატოს სოციალურ გასაცემლებსაც“, - განმარტავს მარიამ ჯანიაშვილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ საარსებო შემწეობის არსებული სისტემა, გრძელვადიან პერსპექტივაში, იმგვარად უნდა გარდაიქმნას, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებები. მათ შორისაა, სისტემური ხედვის შემუშავება, რომელიც მოსახლეობის სოციალური საჭიროებების სიღრმისეულ კვლევას დაეფუძნება; მოსახლეობის კეთილდღეოის შეფასების ალტერნატიული მეთოდების დანერგვა, რომელიც დაეფუძნება არა საჭიროებების, არამედ შესაძლებლობების შეფასებას (ე.წ. “სიმდიდრის ფილტრების” გამოყენება). ეს გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერას ყველა პირისთვის, გარდა მაღალშემოსავლიანი ჯგუფებისა; უნივერსალური ბენეფიტების დანერგვა სხვადასხვა ჯგუფებისთვის (მაგ., შშმ პირები და ბავშვები). ამ მოდელის მიხედვით, მხარდაჭერის ღონისძიებები გავრცელდება კონკრეტული კატეგორიის წარმომადგენელ ყველა პირზე, მაგალითად, ყველა ბავშვზე; ცალკეული ჯგუფებისათვის (მაგ., მარტოხელა მშობლებისთვის) საგადასახადო შეღავათების სისტე¬მის დანერგვა/გაფართოება.

მერია და სოცდაუცველები

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სოციალური მიმართულება „ყოველთვის პრიორიტეტული“ იყო და ამ კუთხით წელსაც არაფერი შეცვლილა.

ამ პრიორიტეტული მიმართულებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის 117 მილიონიან ბიუჯეტში, მხოლოდ 8 მილიონ 511 400 ლარი განსაზღრეს ანუ საერთო ბიუჯეტის მხოლოდ 7, 27 %. 

სოციალურ საკითხთა სამსახურში განმარტავენ, რომ მათი ქვეპროგრამები, რომლებიც სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს მოიცავს, ძირითადად მიმართულია მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე.

2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია 29 სოციალური ქვეპროგრამის განხორციელება, რომლებიც მიმართულია ისეთი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები, ხანდაზმული მოქალაქეები, ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციარები და სხვა.

გაუარესებული სოციალური ფონის გამო, შესაბამისი პროგრამებით სარგებლობის მსურველთა მიმართვიანობა ყოველწლიურად მზარდია, რასაც მერიაშიც ადასტურებენ.

„ბენეფიციართა რაოდენობა მზარდია წლების მიხედვით სხვადასხვა ქვეპროგრამებში. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მომართვიანობას, საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებას, რომელიც განსაზღვრავს ქმედითი ქვეპროგრამების მიზანს, შედეგისა და ინდიკატორების გათვალისწინებით“, -ამბობენ მერიის სოციალურ სამსახურში. იქვე განმარტავენ, რომ სოციალური სერვისების უმეტესობა, რომელიც მიეწოდება მიზნობრივ ჯგუფებს, პასუხობს იმ მიზნებს, რისთვისაც შექმნილია:

„ზოგ შემთხვევაში კი, შეზღუდული ფინანსური რესურსები, ინფლაცია, ბენეფიციართა ცხოვრების ხარჯების ზრდის ტემპი და სხვა მიზეზები, სოციალურ სირთულეთა რეალური დაძლევის შესაძლებლობას ამცირებს. აუცილებელია ახალი ხედვების დანერგვა, საჭიროებათა სიღრმისეული კვლევები, რის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად რეაგირებს გარემო ფაქტორებითა და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების გამო, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოასახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“.

თუ რამ შუშალათ ხელი მსგავსი პროექტების შემუშავებაში, სიღმისეულ კვლევებში ან რის გამოა გამოწვეული ინფლაცია თუ შეზღუდული ფინანსური რესურსები, ამაზე ქუთაისის მერიაში არ საუბრობენ.


რას ამბობს გაზრდილ სიღარიბეზე „ოცნების პარლამენტში“ ქუთაისის დელეგატი


პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, რომელიც ბოლო ორი მოწვევის საკანონმდელო ორგანოში ქუთაისს წარმოადგენს, ამბობს, რომ ქვეყანაში 12 წლის წინ უფრო მეტი სიღარიბე იყო, ვიდრე ახლა.

„ცხადია, არ არის კარგი, როცა ბევრი ადამიანია ბაზაში რეგისტრირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანს ეკუთვნის ეს დახმარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი იყოს და ვქმნით კიდევაც. იცით, რომ გავზარდეთ ბავშვთა სოციალური შემწეობის თანხა, 50 ლარიდან დღეს უკვე 200 ლარის არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოდის, ოთხჯერ გავზარდეთ ეს დახმარება. ჩვენი მიზანია, თუკი 12 წლის წინ ყოველი მესამე ადამიანი იყო სოციალური შემწეობის მიმღები, დღეს ეს ციფრი არ სცილდება 18%. ჩვენი მზიანია 4 %-მე დაყვანა და საერთო სიღარიბის მაქსიმალური შემცირება“, - განმარტავს ზაზა ლომინაძე.

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი – 1 252 114 ადამიანია რეგისტრირებული. ეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის აგვისტოს შემდეგ.

„ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ქულების სისტემის გადახედვაზე პარლამენტის შესაბამისია კომისიას მუშაობს.

„მიუხედავად ამ ურთულესი პირობებისა: პოსტკოვიდური სიტუაცია და რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები, ამ პირობებშიც კი ინფლაცია მინიმალურ 2 %-ზეა სახელმწიფოში. თუმცა მე გეთანხმებით, რომ სოცილაური შემწეობა უნდა იყოს ისეთივე მზარდი, როგორი არის საპენსიო ანაზღაურება და ხელფასები საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასები.

პირველად მივაღწიეთ იმას, რომ ყოველწლიურად ქუთაისის ბიუჯეტი მზარდია და 2025 წლის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონით. კი მართალია, პრაქტიკულად 25% ხელფასებზე იხარჯება, ხოლო 9 მილიონამდე არის გათვალისწინებული სოცდახმარებებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მწირია და მეტია საჭირო, მაგრამ ეს ადამიანები ხომ ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იღებენ სოციალურ შემწეობას. ჯანდაცვის ბიუჯეტი სულ არის 8 მილიარდი აქედან, 4 მილიარდი ხმარდება მხოლოდ სოციალურ მიმართულებას“, - ამბობს ზაზა ლომინაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ ცალკეულად სოციალური მიმართულებისთვის განსაზღვრული თანხა, შესაძლოა, ერთი შეხედვით თვალისმომჭრელი იყოს, მაგრამ რეალურად „ქართული ოცნების“ მიდგომა არ არის ორიენტირებული ქალაქსა თუ ზოგადად, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც
ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა
დაიხუროს.
17:17 / 22.01.2025
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა დაიხუროს.
68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში
კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში
ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.
12:48 / 19.01.2025
68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.