საზოგადოება
საარსებოს გარეშე დატოვებული მეშახტეები - რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მეშახტეთა ქალაქიდან?
FaceBook
ტყიბულში, ათეულობით მეშახტე სამსახურის გარეშე დარჩა.

კომპანია "საქნახშირმა", ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სამსახურიდან გათავისუფლების დღეს, მეშახტეები შვილებთან ერთად დაიბარა. ბავშვებისთვის შენობის მეორე სართულზე კონცერტი გამართა, მესამე სართულზე კი მათი მამები (შესაბამისად, ეს ბავშვებიც) საარსებო წყაროს გარეშე დატოვა.

წინასაახალწლოდ, შემოსავლის გარეშე 38 მეშახტის ოჯახი დარჩა, თანაც იმ ქალაქში, სადაც ცხოვრება, ძირითადად, ქვანახშირზეა მიბმული და სადაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ერთადერთი გასაქანი შახტაა“.

გაათავისუფლეს ის ადამიანები, რომლებმაც ნახევარი ცხოვრება მიწისქვეშ გაატარეს და სიკვდილს არაერთხელ ჩახედეს თვალებში. მათთან საუბრისას ირკვევა, რომ კომპანიამ თანამშრომლები სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გაუშვა. შახტაში დასაქმებულები მომხდარს მათ პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ.

საწარმოდან გათავისუფლებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და თავისუფალი აზრის გამოხატვას "არ ერიდებოდნენ", შესაბამისად, მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.


ხვიჩა გაბუნია - ყოფილი სამთო ოსტატი

ხვიჩა გაბუნია შახტაში 2010 წლიდან მუშაობდა. ჯერ მუშის პოზიციიდან დაიწყო, შემდეგ კი ნახშირმომპოვებელი უბნის სამთო ოსტატი გახდა. ის "ქუთაისიპოსტთან" სამსახურიდან გათავისუფლების დღეს იხსენებს.

„არ ვიცოდით რაში იყო საქმე, რომ დაგვიბარეს. ბავშვები გვყავდა მიყვანილი, უეცრად გავიგეთ, რომ სამსახურის გარეშე აღმოვჩნდით. მეორე სართულზე, ჩვენი, მეშახტეების შვილებისთვის კონცერტი ჰქონდათ გამართული. ზევით, მესამე სართულზე კი ჩვენ, მამებს გვათავისუფლებდნენ, გვყრიდნენ სამუშაოდან“,- იხსენებს ის.

ხვიჩა გაბუნიას 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და პენსიონერი დედა ჰყავს. ოჯახში შემომტანი ახლა აღარავინაა. ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ეს იცოდა, თუმცა სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს. მანამდე 4-თვიანი კომპენსაცია შესთავაზეს და უთხრეს, რომ „დაესვენა“, ახალი შახტის გახსნის შემდეგ კი დაუძახებდნენ.

„ჩეხეთში გაგიშვებთ გადამზადებაზე და როგორც კი ახალი შახტა გაიხსნება, ჩაგაბარებთ მაღალ თანამდებობასო. ეს ყველაფერი ხომ ბლეფი და ირონიაა. სპეცაღჭურვა არ მოუტანიათ მეშახტეებისთვის, რეზინის ჩექმით დადიან ბიჭები, საშხაპე ინტერიერი ვერ მოუწესრიგებიათ და რა ახალი შახტის გახსნაზეა საუბარი? სინამდვილეში, მიშვებდნენ სამსახურიდან, მსგავსი შემთხვევები ბევრი მინახავს“,- ამბობს ხვიჩა გაბუნია.

ის სამსახურიდან გათავისუფლებას მის ოპოზიციურ განწყობებს უკავშირებს და მომხდარს რეპრესიების დაწყებად აფასებს.

„პოსტი მქონდა დაწერილი, ჩვენი გზა მეშახტეებო არის ევროპისკენ-მეთქი. ადამიანი არ მეგულება ძლიერ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება არ უნდოდეს. მითხრეს, მსგავსი პოსტების წერას თავი დაანებეო. ასევე, უსამართლობას, რაც ხდებოდა, არ ვეგუებოდი და ხშირად ვიღებდი ხმას. როცა რაღაც დარღვევები იყო, გია ბაბუხარდიას ვეუბნებოდი, როგორც მთავარმა ინჟინერმა, უნდა გამოასწორო-მეთქი. მითხრა, ბევრს ლაპარაკობო, მემუქრებოდა გაგათავისუფლებ შახტიდანო და აასრულა კიდევაც [თავად ბაბუხარდია აღნიშნულს უარყოფს]. მის კისერზეა ამდენი ხალხის მშიერი დატოვება",- ამბობს ხვიჩა გაბუნია.

ის დავას სასამართლოში აპირებს, უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურტისტები დაეხმარებიან. მანამდე კი, როგორც თავად ამბობს, კომპანიისგან, კანონით, ორი თვის კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების თანხა ეკუთვნის.

„ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო, აუცილებლად უნდა შევიტანო სარჩელი. არ მაქვს დიდი იმედი დღევანდელი სასამართლოსი, მაგრამ თუ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდება, სასამართლო დაემსაგვსება სასამართლოს. იმედი მაქვს, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც არ იქნება ასეთი ტერორი, ხალხის უკანონოდ გათავისუფლება. გვექნება წესიერი სასამართლო, ღირსეული ანაზღაურება დ სიბერე. ამიტომ გვინდა, ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ“,- მიიჩნევს ყოფილი სამთო ოსტატი.


გიორგი აბულაძე - შრომის უსაფრთხოების ყოფილი სპეციალისტი.

გიორგი აბულაძე 18 წელი „საქნახშირის“ თანამშრომელი იყო. ჯერ დაცვის პოზიციაზე, შემდეგ კი მიწისქვეშ, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების უბანზე იყო დასაქმებული. მერე დააწინაურეს და ვენტილაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის სამთო ოსტატი გახდა. 2018 წელს, შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად, მან სერიოზული დამწვრობა მიიღო, რომლის კვალიც თვალსა და ხელებზე დღემდე ეტყობა.

„ნახევარი ცხოვრებაა, ამ კომპანიაში ვმუშაობ. იმ დღეს, რასაც ქვია, სიკვდილს ჩავხედე თვალებში, ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი, თბილისში, დამწვრობის ცენტრში, ისე მძიმედ ვიყავი“,- გვიყვება გიორგი, რომელიც მომხდარის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა შახტას და ამჯერად, მიწისზემოთ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა (რისი დამადასტურებელი სერტიფიკატიც ტრენინგების შედეგად მოიპოვა).

მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, გიორგი აბულაძე იმ ადამიანების სიაში აღმოჩნდა, რომლებიც, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ადმინისტრაციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ პირველი იანვრიდან სამსახურის გარეშე რჩებოდნენ.

„სამსახურში დილით რომ მივედი, განყოფილების უფროსმა დამირეკა და მითხრა, თბილისიდან არის კონკულტანტი ჩამოსული და უნდა გამოცხადდეო. სწორედ ამ კონსულტანტმა მითხრა, თქვენი შტატი შემცირებაშიაო და შემომთავაზა ორი პირობა: სამთვიანი კომპენსაცია, რის შედეგადაც ვეყოლებოდი კომპანიას რეზევრში და თუ დავჭირდებოდი, დამიძახებდნენ, ან ოთხთვიანი კომპენსაცია, რომლითაც საბოლოოდ იწმენდნენ ხელებს“,- ამბობს რესპონდენტი.

გიორგის განმარტებით, მისთვის არაფერი უთქვამთ ე.წ გადამზადების კონტრაქტზე, რომლის შესახებაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი და რომლითაც ის პირები, რომლებიც 3-4 თვიან გადამზადებას გაივლიან, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, საწარმოში დარჩებიან.

„ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ გადამზადება უნდოდათ, ჯერ გადავემზადებინეთ და თუ გამოცდას ვერ ჩავაბარებდით, მერე გავეშვით“, - გვიყვება გიორგი აბულაძე, რომელიც შტატის შემცირებას, ასევე, მის პოლიტიკურ განწყობებს უკავშირებს. ამბობს, რომ ამის გამო, მასზე შურის საძიებლად, შახტიდან მისი ძმა და რძალიც გაათავისუფლეს.

„ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებს და შემდეგ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანებას. სოციალურ ქსელშიც მქონდა მთავრობის წინააღმდეგ გაზიარებული პოსტები. იყო მოგზავნები ადამიანების, ნუ ვაზიარებდი, გამოვსულიყავი პარტიიდან (კოალიცია „ცვლილებისთვის“), თორემ ოჯახის წევრებსაც გაათავისუფლებდნენ. ასეც მოხდა, გადამიარეს, მთელი ოჯახი გამოგვიშვეს“,- გვიყვება გიორგი.

ოჯახში ახლა აღარავინ მუშაობს. გიორგი კომპანიისგან 4-თვიან კომპენსაციას მიიღებს, შემდეგ კი იძულებული ხდება, ქვეყანა დატოვოს. დედაც საზღვარგარეთ ჰყავს და ოჯახიდან ახლა უკვე 2 წევრი ემიგრაციაში იქნება.

„სხვა სამსახური ტყიბულში არ არის. ჩემი სპეციალობით თუ ვნახე რამე აქ, ან სხვა ქალაქში, ვიმუშავებ, თუ არადა, იძულებული ვარ, დავტოვო ქვეყანა“,- ამბობს ის.


დავით კახიძე - ყოფილი ვაგონშემკეთებელი

დავით კახიძე, შახტაში, ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე, დაახლოებით 15 წელი მუშაობდა. შვებულებაში იყო, როცა კომპანიის ადმიისტრაციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გასაუბრებაზე უნდა გამოცხადებულიყო. გასაუბრების გავლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შვებულება დაუმთავრდა, სამსახურში მისულს განუცხადეს, რომ მათი თანამშრომელი აღარ იყო და შახტაში ვეღარ შევიდოდა.

„რის საფუძველზე მათავისუფლებთ-მეთქი და დაბალი ქულები გაქვს გასაუბრებაზეო. 32 ქულა მეწერა, თუმცა რა კრიტერიუმებით შემაფასეს, ვერ მითხრეს. მერე შემომთავაზეს ასეთი რაღაც: თუ შენი ნებით დაწერ განცხადებას წასვლაზე, ოთხი თვის კომპენსაციას მოგცემთ და თუ სამი თვის კომპენსაციას აიღებ, შეგინარჩუნდება სადაზღვეო პაკეტი, სასადილოს ტალონი და ჩაგაყენებთ რეზევრში: თუ წარმოებას დასჭირდა, გადაგამზადებთ და მიგიღებთ სამუშაოზეო“,- გვიყვება დავით კახიძე.

ის „საქნახშირის“ შეთავაზებებს არ დათანხმდა, რის გამოც, 2024 წლის 27 დეკემბერს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გაუგზავნეს (შედეგად, კანონით, ორი თვის კომპენსაციას მიიღებს).

დავით კახიძე ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებას გასაუბრებასთან კავშირი არ აქვს და ამის მიზეზი, სინამდვილეში, მისი პოლიტიკური შეხედულებებია. ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე თავიდან “ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, შემდეგ კი გიორგი გახარიას პარტიის მომხრეები გახდნენ. მისივე თქმით, სწორედ აქედან დაიწყო მის ოჯახზე ზეწოლა: ჯერ მისი მეუღლე გაათავისუფლეს მერიიდან, სადაც სოციალური სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, ახლა კი თავად, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებზე, გახარიას პარტიის წარმომადგენელი იყო ერთ-ერთ უბანზე.

„მახსოვს, ბიულეტენი მივიტანე სამსახურში დასახურად და ჩემმა ხელმძღვანელმა მაშინ დაცინვით მითხრა, გახარიამ მოგიწეროს ხელიო. აქედან უკვე ნათელი იყო, რომ უნდოდათ ჩემი სამსახურიდან გაშვება. ასეც მოხდა“,- ამბობს დავით კახიძე.

ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ახლა სასამართლოს გზით ეცდება.

„ერთადერთი გზა მაქვს დარჩენილი, რომ სასამართლოში წავიდე, სარჩელი შევიტანო. მინდა, გავიგო რა კრიტერიუმით შემაფასეს და რა ცოდნა არ მაქვს, მაშინ, როცა ამდენი წელია ვმუშაობ“,- ამბობს დავითი. 


XXX

ტყიბულელი მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი სამსახურის, ხოლო მათი ოჯახები, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩნენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურტისტთა ასოციაციაში“ რეპრესიებად აფასებს.

საიას წარმომადგენლები შახტაში დასაქმებულების იმ ნაწილს შეხვდნენ, ვისაც ე.წ რეორგანიზაციის პროცესი შეეხო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შპს “საქნახშირი”, ისედაც მძიმე სოციალურ რეალობასა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში დასაქმებულებს, სამსახურიდან, მათ შორის, ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირების გამო ათავისუფლებს.

„ტყიბულში, მეშახტეების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცხადად იმეორებს ქვეყანაში განსაკუთრებით 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმ მზარდ რეპრესიულ პრაქტიკას, სადაც სამსახურის დატოვება დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირებასთან. შპს „საქნახშირი“, კომპანია, რომლის სახელი მშრომელების უფლებების დარღვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ ქმნის ადამიანის უფლებების საუარესო პრეცედენტს“,- ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში იმ დარღვევების შესახებაც საუბრობენ, რომელიც „საქნახშირის“ მიერ თანამშრომელთა რეორგანიზაციის ფორმალური საფუძვლით გათავისუფლების პროცესს უკავშირდება.

კერძოდ, საიას ინფორმაციით, კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი იმგვარად დაიწყო, რომ დასაქმებულებისათვის გაუგებარი იყო, რას უკავშირდებოდა რეორგანიზაცია, რას გულისხმობდა მიმდინარე პროცესი, ხოლო ნაწილი მათგანისათვის საერთოდ არ იყო ცნობილი მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.


რა დარღვევები გამოკვეთა საიამ რეორგანიზაციის პროცესში?

1. გასაუბრების შესახებ შეტყობინება

საიას ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში, 2024 წლის 9 დეკემბერს, ,,საქნახშირის“ დირექტორის წერილით, დასაქმებულები მიიწვიეს კომისიის მიერ ჩანიშნულ გასაუბრებაზე. როგორც წერილშია მითითებული, გასაუბრება მიზნად ისახავდა ახალ საშტატო პოზიციებზე თანამშრომელთა შესაბამისობის დადგენას. გასაუბრების თარიღად მითითებულია: 12.12.2024 – 14.12.2024; დრო: 09:18:00. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაქმებულებს:

არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდებოდა მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება;

არ მიაწოდეს ინფორმაცია გასაუბრების გენერალიზებულ თარიღში ინდივიდუალური გასაუბრების დროის შესახებ;

შეტყობინებასა და გასაუბრებას შორის იყო მცირე დროითი შუალედი - 2 დღე;

საიაში განმარტავენ, რომ დასაქმებულ პირებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის გადაწყვეტილების მიღების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს. კრიტერიუმების და გასაუბრების სპეციფიკური დეტალების გაუცხადებლობა კი აღნიშნულ სტანდარტებს არღვევს.

"წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ ინფორმაცია გასაუბრების დროის შესახებაც კი ბუნდოვანი იყო, რაც ხელს უშლის დასაქმებულებს თავიანთი უფლებების დაცვაში და ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს. კრიტერიუმების, პროცედურების და შეფასების მეთოდოლოგიის ბუნდოვანება ეწინააღმდეგება, ასევე, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც ბიზნესის სუბიექტებს ავალდებულებს, უზრუნველყონ პროცესების გამჭვირვალობა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

2. დასაქმებულთა ნაწილის გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული თანხმობა შემოთავაზებულ პირობებზე და ნაწილის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება:

საიაში განმარტავენ, რომ გასაუბრების შემდეგ, იმ ვითარებაში, რომ ზოგიერთ პირთან გასაუბრებაც არ ჩატარებულა, გაუგებარია, კომისიამ რა გადაწყვეტილება მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება რა კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე მოამზადა და გადაწყვეტილებას რა დასაბუთება დაუდო საფუძვლად:

"როგორც ჩვენთვის მეშახტეებთან პირდაპირი კომუნიკაციისას გახდა ცნობილი, გასაუბრების შემდეგ, დასაქმებულებს კომპანია სთავაზობდა ბუნდოვან პირობებს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად. კომპანიას ეს პირობები დასაქმებულებისთვის წერილობით არ უცნობებია. ეს მიზანმიმართულად მოხდა, ვინაიდან, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა დასაქმებულმა კომპანიის წარმომადგენელს შესთავაზა ადვოკატთან ერთად შეხვედრა და, ასევე, ითხოვა კომპანიისაგან შემოთავაზებული პირობების წერილობითი ფორმით გაცნობა, ამაზე მან უარი მიიღო“.

საიაში აღნიშნავენ, რომ მეტწილად, ნათლად იკვეთება ორი პირობა:

პირველი, ეს არის სამი თვის კომპენსაცია და შემდეგ კომპანიის მიერ გახსნილ ახალ შახტაში დასაქმება.

„ამ პირობის რეალისტურობა დასაქმებულებისათვის ბუნდოვანია. მათი განმარტებით, ახალი შახტის გახსნაზე სამუშაოები არც კი მიმდინარეობს და ამასთან, კომპანია ვერ ახერხებს, არა თუ ახალი შახტის გახსნას, არამედ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას უკვე არსებული ძიძიგურისა და მინდელის შახტებში“ - განმარტავენ საიაში.

ორგანიზაციაში მეორე პირობად გამოყოფენ ოთხი თვის კომპენსაციას და შეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

„კომპანიის მიერ შექმნილი პირობებისა და თავიდან დასაქმების ბუნდოვანი პერსპექტივის გამო, დასაქმებულების უმრავლესობა იძულებული გახდა დათანხმებულიყო ოთხი თვის კომპენსაციის მიღებასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. დასაქმებულთა ნაწილს კი, 2024 წლის 27 დეკემბერს ჩაბარდათ შპს ,,საქნახშირის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

მოცემულ შემთხვევაში, შპს "საქნახშირი" მხოლოდ ფორმალურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთითებს გათავისუფლების საფუძვლად რეორგანიზაციას და კომპანიის მხრიდან დღემდე არ მომხდარა რეორგანიზაციის პროცესის შესახებ სრულყოფილი განმარტება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს“, - აცხადებენ საიაში.


რას ამბობს შპს "საქნახშირი" მეშახტეების გათავისუფლებაზე?

საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში, რომელიც 2024 წლის 24 დეკემბერსაა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ „საქნახშირში“ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდებოდა. პარალელურად, „საქნახშირში“ აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში 350 დასაქმებულმა ახალი კონტრაქტი უკვე მიიღო და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს.

"რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში",- აღნიშნულია კომპანიის მიერ 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

მეორე განცხადება „საქნახშირმა“ 2024 წლის 27 დეკემბერს გაავრცელა, სადაც წერია, რომ კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა.

„კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კომპანიამ გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა. მათგან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. მათთან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება. სურვილის შემთხვევაში, 1 იანვრამდე შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ გადამზადების პროგრამაში. დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა,” - აღნიშნულია "საქნახშირის" მიერ 27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ 15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს.

“პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს,” - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალაქი ტყიბული, რომლის ხსენებაზეც, უმეტესად, შახტში მომხდარი ავარიები და უბედური შემთხვევები გვახსენდება (მხოლოდ 2007-2018 წლებში 32 მეშახტე დაიღუპა), კომპანიის განცხადებაში „წარმატებისა და აღმშენებლობის მაგალითად“ არის მოხსენიებული.

რაც შეეხება საწარმოდან გაშვებული მეშახტეების ბრალდებებს, განცხადებაში ამაზე არაფერი წერია, „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში კი, თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებას, პოსტების გამო დაბარებებსა და მუქარებს უარყოფენ.

„პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ადგილი არ ჰქონია. მეშახტეების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“,- გვითხრეს „საქნახშირის“ პრესსამსახურში.

კომპანიას ჩვენ იმ კონცერტის შესახებაც გვკითხეთ, რომელსაც „საქნახშირი“ მეშახტეების შვილებისთვის სწორედ იმ დღეს მართავდა, როცა მათ მამებს, პარალელურ რეჟიმში, სამსახურიდან უშვებდა, რაზედაც პასუხად მივიღეთ, რომ „ეს იყო სამი თვით ადრე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება თანამშრომლის შვილებისთვის, რომელიც ყოველ წელს იმართება.

„ბავშვებისთვის დაგეგმილი გვქონდა და ჩვენი გეგმა არ შეცვლილა",- გვითხრეს კომპანიაში.

სამაგიეროდ, სწორედ იმ დღეს შეიცვალა 38 მეშახტისა და მათი ოჯახების გეგმებიც და იმედებიც. ახლა ჯერი სასამართლოზე დგება, რომელმაც სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილთა ბედი უნდა გადაწყვიტოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე,
შუქრუთელების პროტესტზე დაწყებული მედიაციის გაურკვეველ გარემოებაში
შეწყვეტის შემდეგ, შუქრუთის მოსახლეობა კვლავ პრობლემის გადაჭრის
მოლოდინშია.
16:10 / 16.01.2025
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შუქრუთელების პროტესტზე დაწყებული მედიაციის გაურკვეველ გარემოებაში შეწყვეტის შემდეგ, შუქრუთის მოსახლეობა კვლავ პრობლემის გადაჭრის მოლოდინშია.
იმერეთის რეგიონში სოფლები თითქმის ყოველდღიურად იცლება. უფრო მეტიც,
მათგან ხუთ სოფელში (ხარაბაული, ძეძილეთი, ფერეთი, გოლისი, ბაბოთი) ამ
დროისათვის ერთი ადამიანიც კი აღარ ცხოვრობს.
11:58 / 15.12.2024
იმერეთის რეგიონში სოფლები თითქმის ყოველდღიურად იცლება. უფრო მეტიც, მათგან ხუთ სოფელში (ხარაბაული, ძეძილეთი, ფერეთი, გოლისი, ბაბოთი) ამ დროისათვის ერთი ადამიანიც კი აღარ ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.