საზოგადოება
პენსიონრების ბრძოლა გადარჩენისთვის - ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ფასი
FaceBook
68 წლის გულნარა ხითარიშვილი ახალციხის სოფელ ვალედან ქუთაისში კვირაში ერთხელ ჩამოდის. სოფლის პროდუქტები ჩამოაქვს და ბაზარში ყიდის, ოჯახში საარსებო რომ მიიტანოს.

მისი პენსია იანვრიდან 35 ლარით გაიზარდა, პარლამენტარების ხელფასი კი - 6 340 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ თანხით, რასაც ერთი დეპუტატი იღებს თვეში ხელფასის სახით, საქართველოში რამდენიმე ადამიანს უწევს არსებობა.

ქვეყანაში, სადაც ფასები, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ყოველდღიურად იზრდება, ხელისუფლება პენსიონრებს ეუბნება, რომ თვეში 450 ლარით უნდა იცხოვრონ, მაშინ როცა საჯარო მოხელეებს თანამდებობრივ სარგოებს 10%-ით უზრდის (ყოველწლიურად), დეპუტატებს კი 2,5-ჯერ. ასეთია "ოცნების" სოციალური პოლიტიკა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა უმეტესობაც, სხვადასხვა საჭიროებისთვის გაკეთებული სესხების გამო, სრულ პენსიასაც ვერ იღებს.

მაგალითად, გულნარა ხითარიშვილს საპენსიო სესხი შვილიშვილის სწავლის გადასახადის დასაფარად აქვს აღებული. ამის გარდა, ოჯახში სხვა საჭიროებებიცაა, რის გამოც პენსიიდან აღარაფერი რჩება.

"2200 ლარი გამოვიტანე, წლების წინ და კიდევ 1200 მაქვს გადასახდელი. ძირი არ იფარება, ყველაფერი პროცენტებში მიდის. მოგვიმატეს ახლა პენსია, მაგრამ როცა წამლების, პროდუქტების ფასი იზრდება, აქეთ კომუნალურებია გადასახდელი, ის 35 ლარი არაფერია. საჭმელში რომ არ გვყოფნის, ამიტომ დავდივარ ამხელა გზიდან ქუთაისში 68 წლის ქალი. გაჭირვების გამო ვზივართ აქ, ბაზარში, რომ ლუკმა-პური შევიტანოთ სახლში. განუკითხაობაა ქვეყანაში, ჩვენზე არ ფიქრობენ, ჩვენით მდიდრდებიან",- ამბობს ახალციხეში მცხოვრები პენსიონერი, რომელიც ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების შეცვლაში ხედავს.

"მოსაშორებლები არიან, ჩვენ რომ გვეშველოს. არ გვინდა არცერთ პენსიონერს მათი არაფერი, თვითონ დაიმატონ ეს 35 ლარი, იქნებ გამდიდრნენ და დაგვანებონ თავი", - ამბობს გულნარა ხითარიშვილი.

მის მსგავსად, თავის გადასარჩენად, ბაზარშია გამოსული 82 წლის რამაზ კირკიტაძეც. “სიცივე როცაა სამი კურტკა მაცვია” - გვეუბნება რამაზი, რომელიც ოჯახში, ფინანსური ვალდებულებების გამო, თავს სახლში თბილად დაჯდომის უფლებას არ აძლევს. იანვრიდან, მისი პენსიაც 450 ლარი გახდა, “მაგრამ რაში მეყოფა?"- გვეკითხება ის.

“ფასები არ გაეძვირებინათ ყველაფერზე და არ დავეძებდით პენსიების მომატებას, ახლა რაღა გამოდის. ესაა სამართლიანობა? რაში უნდა მეყოს ეს ფული? 500 ლარამდე მაინც მინდა მედიკამენტებში, 15 თავი წამალი მაქვს გამოწერილი. მოგვცა მთავრობამ წამლები, მაგრამ არაფერში მადგება, არ მშველის და რაც მჭირდება, ის უფასო არაა. 83 წლის გავხდები მარტში, მიჭირს ამ ხნის კაცს აქ დგომა, მაგრამ რა ვქნა? შვილი უმუშევარი მყავს, შვილიშვილი უნივერსიტეტში სწავლობს. მთავრობა კიდევ რომელი ყოფილა ხალხისთვის?",- ამბობს რამაზ კირკიტაძე.

პენსიონრები მიიჩნევენ, რომ მათთვის განკუთვნილი საპენსიო თანხა მთავრობის წევრების ხელფასებთან შედარებით ზღვაში წვეთია. ამიტომ, ხელისუფლების მიერ პენსიების მინიმალური რაოდენობით გაზრდას დაცივნად აფასებენ.

"ნორმალური პენსია გვინდა. ფულის, ჩაცმის, დასვენების ყადრი თუ იციან მაგათ, ჩვენც კი ვაზროვნებთ, მაგრამ 450 ლარით სადმე დავისვენოთ, თუ რა ვჭამოთ ხვალ, იმაზე ვიფიქროთ? მტერი გვიძახის თუ მოყვარე, უნდა მიხვიდე, ამას ფული სჭირდება, რამდენ რამეზე ვიმყოფინოთ ჩვენი პენსია?",- გვეუბნება ქუთაისში მცხოვრები დარეჯან ხურციძე.

XXX

არის თუ არა საკმარისი დღეს არსებული პენსია და რამდენად ადეკვატურია პარლამენტარების ხელფასებსა და პენსიის ზრდას შორის ასეთი დიდი სხვაობა? - ამ კითხვებით ჩვენ ზაზა ლომინაძეს მივმართეთ, რომელიც X და XI მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად "ოცნების"დელეგატია ქუთაისში. ის, ამავდროულად, კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ექიმის პროფესიით წლების განმავლობაში მუშაობდა.

ზაზა ლომინაძე გვეუბნება, რომ დეპუტატების ხელფასები 2012 წლიდან არ მომატებულა და დღეს 2,5-ჯერ იმიტომ გაიზარდა, რომ სახელმწიფოს სხვა მოხელეების ანაზღაურებასთან შეფარდებაში მოსულიყო. რაც შეეხება პენსიებს, დელეგატის განმარტებით, ბოლო 12 წელიწადში, პენსია საშუალოდ 4-ჯერ გაიზარდა.

"რაც "ქართული ოცნება" მოვიდა, ბოლო 4 წელია, ყველა სახელმწიფო მოხელის ხელფასი იზრდება 10%-ით. ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დეპუტატების ხელფასი არ გაზრდილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, ის ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ვთქვათ საკრებულოს რიგითი წევრის. ამიტომ, გადაწყდა, მომხდარიყო იერარქიული პროპორცია ქვეყანაში და ეს იერარქია გასწორდა ამ სახელფასო ცვლილებით",- განმარტავს ზაზა ლომინაძე.

მისივე თქმით, დღეს საწყისი პენსია 350 ლარს შეადგენს. 70 წელს გადაცილებულები 450 ლარს იღებენ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლები კი - 540 ლარს. რაც შეეხება ვეტერანებსა და ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომლებს, მათი პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

ზაზა ლომინაძის განმარტებით, იმის გამო, რომ საპენსიო ანაზღაურება ჯერ კიდევ მწირია, სახელმწიფო პენსიონრებს ისეთ დამატებით პროგრამებს სთავაზობს, როგორიცაა: საყოველთაო დაზღვევა, პირველადი ჯანდაცვის რგოლში უფასო მომსახურება, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის უფასო მედიკამენტები და სხვ.

"მთავარი პრინციპი, რაც ჩვენ შევძელით და შევიმუშავეთ, ეს არის საპენსიო ინდექსაცია (როცა პენსია იზრდება ინფლაციის, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად). ამდენად, დღეს, საპენსიო ზრდას არ სჭირდება მთავრობის დადგენილება, პრეზიდენტის განკარგულება, ან პარლამენტის გადაწყვეტილება, პირდაპირ არის ინდექსირებული",- ამბობს ზაზა ლომინაძე.

კითხვაზე: რამდენად დაცულია ქვეყანაში სოციალური თანასწორობის პრინციპი, ქუთაისის დელეგატი გვეუბნება, რომ სახელმწიფომ სწორედ ამისთვის შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სქემა.

"5 მილიარდზე მეტი თანხაა უკვე მობილიზებული ამ ფონდში. ეს იქნება სრული სოციალური თანასწორობა, როდესაც საპენსიო ასაკის მიღწევისას, ჩვენი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიხედვით დაგროვილ პენსიას მივიღებთ",- განმარტავს ლომინაძე.

XXX

ბუნდოვანი მომავლის პარალელურად, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რეესტრში 690 000 ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი ქვეყანაში ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, ამას დღევანდელი ხელისუფლებისთვის ხელი არ შეუშლია, პარლამენტარების ხელფასები ათასობით ლარით გაეზარდა.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი, 2025 წლის იანვრიდან, 14 600 ლარი გახდა, მისი მოადგილის - 13 140 ლარი, მინისტრების ხელფასი კი - 12 410 ლარი. მაშინ როცა მოწყვლადი ჯგუფების შემწეობა მიზერულად, ან საერთოდ არ იზრდება. მაგალითად, ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ის ისევ 45 ლარს შეადგენს.

"სოციალურ სამართლიანობის ცენტრში", რომელიც ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა, განმარტავენ, რომ ასეთი კონტრასტული სხვაობა მაჩვენებელია იმისა, რომ არსებულ მმართველებს მოსახლეობის საჭიროებები არ აინტერესებთ.

"ეს მონაცემები გვაჩვენებს იმას, რომ უთანასწორობა სხვადასხვა ფენას შორის არის ძალიან დიდი, ამიტომ მოსახლეობაში, სხვადასხვა ჯგუფებში, არის უსამართლობის შეგრძნება. იმის განცდა, რომ ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური პარტია არ ზრუნავს მათ საჭიროებებზე და უგულებელყოფს მათ. ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ საარსებო შემწეობას. ბევრია ისეთი ოჯახებიც, რომლებიც არ იღებენ შემწეობას და იმყოფებიან უკიდურეს სიღარიბეში. შესაბამისად, სიღარიბის მასშტაბი კიდევ უფრო დიდია",- განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, არიან ისეთი ჯგუფები, რომელთათვის გასაცემელი თანხა, გაზრდილი სოციალური პაკეტის პირობებშიც კი, საარსებო მინიმუმზე (262 ლარი) ნაკლებია. მაგალითად, ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შშმ პირების შემწეობა 190 ლარია. ამასთან, ჯანიაშვილის ინფორმაციით, დღემდე, 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის 30-დან 60 ლარამდეა საარსებო შემწეობა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დევნილებს კი სახელმწიფო სთხოვს აირჩიოს, ან დევნილთა შემწეობის (45 ლარი), ანდა საარსებო შემწეობის გასაცემელი (30-დან 60 ლარამდე).

"ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ათასობით ლარია ხელფასი პარლამენტარების თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმადგენლების და კიდევ მეტად იზრდება. ეს არის არა მხოლოდ იმის აღმნიშვნელი, რომ მათ არ აინტერესებთ მოსახლეობის რეალური საჭიროებები და საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულები, არამედ ეს არის მოსახლეობის დაცინვა, იმ ადამიანების დაცინვა, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში. თან, წლების განმავლობაში, სახელმწიფო მათ ეუბნება, რომ ეს მინიმალური გასაცემელიც არის მისი კეთილი ნება, როცა პირდაპირი ვალდებულებაა",- აღნიშნავს მარიამ ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მოვალეობაა ამ ადამიანების ასევე სხვადასხვა სერვისით (საცხოვრებლით, საკვებით და ა.შ) უზრუნველყოფა, თუმცა "ოცნება" ამ მიმართულებითაც პასიურია.

"როდესაც ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ტიპის ადვოკატირება გაგვეწია ცენტრალურ, თუნდაც მუნიციპალურ ხელისუფლებასთან, ძალიან ბევრ სოციალურ პროექტსა და პროგრამაზე, იყო ასეთი პასუხები: გასაცემელი ვერ გაიზრდება, სერვისის შემოღება გაჭიანურდება, ან არ დაინერგება იმის გამო, რომ ფიზიკურად თანხა არ არის ბიუჯეტში, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ თანხები არის, ოღონდ კონკრეტული ადამიანების ხელფასების ზრდისთვის და არა ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების დანერგვისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბიუჯეტი სამართლიანად არ ნაწილდება, ეს, ჩვენს, ყველას კეთილდღეობაზე აისახება",- განმარტავს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი.

მარიამ ჯანიაშვილს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობის დაძლევა არალეგიტიმური მთავრობის პირობებში რთულად წარმოუდგენია, ვინაიდან ცვლილებების ბერკეტი ხელში იმ ძალას აქვს, რომელიც საკუთარ თავზეა ორიენტირებული. იურისტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანი და მისი საჭიროებები დადგეს ყველაფრის ცენტრში, ევროკავშირში გაწევრიანება არსებითია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც
ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა
დაიხუროს.
17:17 / 22.01.2025
ჭიათურის მაღაროები, რომლებიც ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, შესაძლოა დაიხუროს.


"ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მომპოვებელი ერთადერთი ლიცენზიანტი კომპანიაა, მაღაროებს არარენტაბელურად თვლის. უკვე სამი თვეა ადგილზე მადნის მოპოვება შეჩერებულია. ამდენივე დროა, მაღაროელები ხელფასის მხოლოდ 60%-ს იღებენ და სამსახურში დაბრუნების მოლოდინში არიან. საწარმოების მოულოდნელი გაჩერება და მიმდინარე პროცესები, მათ მომავალს ბუნდოვანს ხდის.

მშრომელები უკვე საფუძვლიანად შიშობენ, რომ შესაძლოა მაღაროები დაკონსერვდეს, რაც მთელი ჭიათურის მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ მაღაროები გაჩერდა, ათასობით დასაქმებული და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

სამაგიეროდ, არაფერი შეიცვლება კომპანიისთვის, რომელიც მადნის მოპოვებას ღია კარიერული წესით, ნაკლები დანახარჯებით გააგრძელებს, რასაც ახლაც აკეთებს. მშრომელები ამბობენ, რომ მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ტვირთია და ახლა ის მათგან გათავისუფლებას ცდილობს.

"ამათ [ჯორჯიან მანგანეზი] უნდათ, რომ კარიერული სისტემით გაზიდონ აქედან ყველაფერი. შეუძლიათ ერთი ტრაქტორით აკეთონ ასი კაცის საქმე. სწორედ ეგ უნდათ, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ფული მიიღონ. მაღარო რომ საერთოდ აღარ არსებობდეს, ამაზეა საუბარი, საუბარია მაღაროს გარეშე მანგანუმის მოპოვებაზე. მათ ინტერესში არ შედის ჭიათურელების ბედი. თუ მაღაროები დაიხურა, ჩვენ იძულებული გავხდებით წავიდეთ აქედან. ჭიათურა ინდუსტრიული ქალაქია, ოჯახების 99% მიბმულია ამ წარმოებაზე, ამის გარეშე ეს ქალაქი როგორ წარმოგიდგენიათ? მათთვის ჭიათურა ფულის მოპოვების ადგილია, აქ რომ ხალხი ცხოვრობს, ეს მეათეხარისხოვანია", - ამბობს მაღაროელი მერაბ სარალიძე.

მადნის ზედაპირზე მოპოვება კომპანიისთვის ბევრი თვალსაზრისით არის მომგებიანი. როგორც წესი, ამ მეთოდით სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ე.წ. კოოპერატივები ახორციელებენ, რომლებსაც მუშახელი კერძო შეთანხმების საფუძველზე ჰყავთ დაქირავებული. მათ მიერ მოპოვებულ მანგანუმს კი "ჯორჯიან მანგანეზი" ყიდულობს. კომპანია, განსხვავებით მაღაროელებისგან, რომლებსაც უხდის ხელფასს, აძლევს ბიულეტენს, შვებულებას და უწევს იზრუნოს მათი შრომის უსაფრთხოებაზე, კერძო მუშახელზე ამგვარ ვალდებულებებს არ იღებს. შესაბამისად, კარიერული მოპოვება ნაკლებ დანახარჯთან ერთად, ნაკლებ პასუხისმგებლობას ნიშნავს. სწორედ იმ მიზეზით,  "ჯორჯიან მანგანეზმა"  მაღაროები შესაძლოა დააკონსერვოს.

მშრომელებს კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან ხშირად ესმოდათ, რომ მაღაროებში მადნის ამოღება წამგებიანი იყო და რომ პროცესი გაცილებით იაფი ჯდებოდა ღია კარიერული წესით მოპოვების შემთხვევაში. 2023 წელს კი, როცა მაღაროელები გაიფიცნენ, მათ ეს პირდაპირ უთხრეს და მოპოვების გეგმის 40%-ით გაზრდა მოსთხოვეს, რასაც არ მოჰყვებოდა ანაზღაურების მომატება. მაშინ, "ჯორჯიან მანგანეზმა" ფაქტობრივად, საწარმოს "გადარჩენა" საკუთარ თანამშრომლებს დააკისრა. იმ დროს, მაღაროელთა შორის პირველად გაჩნდა მსჯელობა "ნაციონალიზაციის" შესახებ, რაც საწარმოების სახელმწიფო განკარგვაში გადასვლას ნიშნავდა. მაღაროელები ფიქრობდნენ, რომ ეს უზრუნველყოფდა დოვლათის მოსახლეობაზე უფრო თანაბარ განაწილებას, გაუმჯობესდებოდა საწარმოში დასაქმებულთა შრომის უფლებები და უსაფრთხოების ნორმები.

მაშინ, ამ ინიციატივის განხორციელებაში დარწმუნებულები არ იყვნენ, რადგან ხელისუფლება, რომელიც ერთადერთია, ვისაც ამ საკითხის გადაჭრა შეუძლია, ამით დაინტერესებას არ გამოხატავდა. ამის მიუხედავად, მაღაროელები თვლიდნენ, რომ საკითხზე მსჯელობის დაწყებაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

"2023 წელს, როცა გავიფიცეთ, ბევრი მაღაროელი არ იყო ჩამოყალიბებული ნაციონალიზაციის საკითხზე, რადგან არ იცოდა ეს რას ნიშნავდა. ავუხსენით, რომ ის მადანი, რაც მათი სახლებს ქვეშ არის, მათაც ეკუთვნით და რომ ბუნებრივი სიმდიდრე ადამიანისთვის არა თავისტკივილი, არამედ დოვლათის და ბედნიერების მომტანი უნდა გახდეს. საქართველოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ვინმემ ნაციონალიზაციის მოთხოვნით პრივატიზებული ობიექტი დაიბრუნა, ეს არ არის სახელმწიფოს სურვილი, რადგან არ სურს ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კომპანიაში, როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალების" წარმომადგენლები აფათურებენ ხელს და მიაქვთ თავიანთი წილები. ნაციონალიზაციის შემთხვევაში, ცალკეული პიროვნებები ამ წილებს ვეღარ წაიღებენ, ამიტომ არ სურთ ეს.  ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ ინიციატივა ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ გვინდოდა ეს საკითხი დაგვეძრა", - ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

ამ პროცესებიდან მალევე, მშრომელები მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.- 2024 წლის 31 ოქტომბერს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ბოლო ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოები მართვაში გადაიბარა, განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისისა და მადნის დაბალი ფასის გამო, საწარმოებს აჩერებდა. კომპანიამ მაშინ ღიად თქვა ის, რასაც მაღაროელებს არაოფიციალურ საუბრებში ხშირად ეუბნებოდა.

"გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისთვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს", - წერდა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაო პროცესის პერმანენტულ შეჩერებაში კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ მაღაროების პიკეტირებას გულისხმობდა, რომელიც 317 დღის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შუქრუთელებმა, რომლებსაც მაღაროს მუშაობის გამო საცხოვრებელი სახლები დაენგრათ, კომპანიისგან სამართლიანი კომპენსაცია ვერ მიიღეს და პროტესტის ნიშნად მაღაროების შესასვლელები ჩაკეტეს, რაც მნიშვნელოვან შეფერხებას ქმნიდა მანგანუმის მოპოვების გეგმაში.
შუქრუთელების უწყვეტი პროტესტის 317-ე დღე

კომპანიისთვის კომპენსაციის საკითხი მტკივნეული თემა აღმოჩნდა. ყოველდღიური ზარალის მიუხედავად, საწარმოს ხელმძღვანელობამ შუქრუთელებს ისეთი ვერაფერი შესთავაზა, რაც მათ პროტესტზე უარს ათქმევინებდა. ცოტა ხანში კი, პიკეტირებული მაღაროები საწარმოების გაჩერების საუკეთესო საბაბად იქცა.

"ჩვენზე უნდოდათ ხელის შეწმენდა, თითქოს, ჩვენ დავაქციეთ ქალაქის ბიუჯეტი, ქვეყნის ბიუჯეტი და ჩვენ გაგვიჩერებია წარმოება. თურმე, მადნის 70%-ს ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მოიპოვებენ. თუ ასეა, კეთილი ინებონ, აიღონ პასუხისმგებლობა იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რაც ხალხს მიაყენეს და ადამიანებს მისცენ ღირსეულ გარემოში ცხოვრების საშუალება. სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას, აუცილებლად მოუწევს, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყველა ინსტანციამდე მივალთ და აუცილებლად წავიღებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში", - ამბობს სოფელ შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე.
სოფელი შუქრუთი

ბოლო თვეებია შუქრუთელების პროტესტმა "ჯორჯიან მანგანეზისთვის" აქტუალობა დაკარგა. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულ მოსახლეობას რამდენიმე მაღაროს შესასვლელი თითქმის ერთი წელია პიკეტირებული აქვს, კომპანია პრობლემის მოგვარებას აღარ ცდილობს. მედიაციაც, რომელშიც კომპანიასთან ერთად ჩართული იყო "ქართული ოცნების" პარლამენტარი რატი იონათამიშვილი, შუქრუთელების მიერ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქში პროტესტის შეწყვეტასა და შუქრუთში დაბრუნებასთან ერთად დასრულდა. მას შემდეგ, სამი თვეა დაზარალებულებთან კომუნიკაცია არც ხელისუფლებას და არც კომპანიას აღარ უცდია.

"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ შუქრუთელების პროტესტის არშემჩნევა, კიდევ უფრო ამძაფრებს მაღაროელების ეჭვებს.

"შიდა საუბრებით ვიცით, რომ კომპანია შიშობს, თუ კანონის მიხედვით დაითვლიან დაზარალებული მოსახლეობის ქონებას და ისე გადაუხდიან კომპენსაციას, იგივეს მოითხოვენ სხვა სოფლებიც. მაგალითად, სამი წელია უკვე, რაც ნგრევა დაიწყო ითხვისმა, იგივე ბედს გაიზიარებს მღვიმევიც და სხვა ახლოს მდებარე სოფლები. გარდა ამისა, სავარაუდოდ, შუქრუთის ტერიტორიაზე ბევრი მანგანუმი აღარც არის დარჩენილი, რადგან ირგვლივ გაუხსნეს სოფელს მაღაროები და გამოაცალეს მადანი. იმ მაღაროებში, სადაც ახლა მოპოვება არ მიმდინარეობს, მუდმივად ხდება ქანების ჩამოშლა და იქ პროცესის აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი, სავარაუდოდ, არ უღირთ. ამიტომაც არიან მშვიდად და არ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ურჩევნიათ არ გადაიხადონ ეს თანხები და თითქმის გამოცარიელებული მაღაროები დააკონსერვონ", - ამბობს მერაბ სარალიძე.

სწორედ შექმნილი რეალობა აფიქრებინებს მაღაროელებს, რომ კომპანია საწარმოო პროცესს არა თუ აპრილში, არამედ საერთოდ არ განაახლებს და მადნის მოპოვებას ღია კარიერული წესით გააგრძელებს. მაღაროელები ამბობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, დახურული წესით მანგანუმის ამოღება, შესაძლოა 13-დან 3-4 მაღაროში შენარჩუნდეს, დანარჩენი კი დაკონსერვდება, რაც სამსახურიდან 1000-მდე ადამიანის გაშვებას მაინც გამოიწვევს.

არის თუ არა ჭიათურაში მანგანუმის დეფიციტი?!

საჩხერე-ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმი 1847 წელს აღმოაჩინეს. მისი მოპოვება კი 30 წლის შემდეგ დაიწყო, როცა 1879 წელს ჭიათურაში მანგანუმის საბადო გაიხსნა. მაღაროებში საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება ქალაქ ჭიათურის დაარსებაც. სწორედ, მდინარე ყვირილას ხეობაში არსებული მანგანუმის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ განაპირობა ჭიათურის, როგორც ქალაქის მშენებლობა. ახალმა ეკონომიკურმა ცენტრმა ადამიანები ბუნებრივად მიიზიდა და მალევე გააჩინა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც სრულად დაკავშირებული გახდა ჭიათურის "შავ ოქროზე".

მეცხრამეტე საუკუნის მიწურული და მეოცე საუკუნის დასაწყისი, მუნიციპალიტეტში მადნის მოპოვების პიკური ეტაპია, როგორიც აღარასდროს განმეორებულა. ამ პერიოდში, ჭიათურის მანგანუმის ხვედრითი წილი მსოფლიო ექსპორტში 50%-ს აღწევდა. ჭიათურის მანგანუმის საბადოები მადნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ითვლება, რომ აქ მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია ევროპაში.

დღემდე, "შავი ოქრო", რომელიც ადგილობრივებს თავის ტკივილად ექცა, ამავდროულად, მათი მთავარი საარსებო წყაროა. მაღაროები, ახლაც ქალაქის ეკონომიკის ღერძს წარმოადგენს. ჭიათურის თითქმის ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც მუშაობს ან უმუშავია მაღაროში.

სხვადასხვა დროს, მუნიციპალიტეტში მანგანუმის ნედლ მადნეულს სხვადასხვა კომპანია ამუშავებდა. 2006 წლიდან კი მადნის მოპოვების ერთადერთი ლიცენზიანტი "ჯორჯიან მანგანეზია", რომელიც ამ უფლებას 40 წლით ფლობს.

"ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურის ტერიტორიაზე მადნის დეფიციტზე არასდროს უსაუბრია. მანგანუმის ნაკლებობას კომპანია არც შუქრუთელების მიერ მაღაროების პიკეტირებაზე საუბრისას ახსენებდა. პირიქით, ყოველთვის ხაზს უსვამდა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის გამო მიღებულ ყოველდღიურ ზარალს.

მანგანუმის მარაგზე საუბარმა, რაც მაღაროების გაჩერების შემდეგ გააქტიურდა, ჭიათურელების ნაწილში ნიჰილისტური განწყობები გააჩინა. ზოგი თვლის, რომ კომპანიამ რესურსის დიდი ნაწილი მიწიდან უკვე ამოიღო, ნაწილის აზრით კი კრიზისზე საუბარი ნაადრევია.

არის თუ არა ჭიათურაში მანგანუმის დეფიციტი? - ამაზე ცალსახა პასუხის არ არსებობს. არც მომპოვებელი კომპანია და არც სახელმწიფო უწყებები შესაბამის ციფრებს არასდროს ასაჯაროებენ. დაზუსტებულ ინფორმაციას არც გარემოს დაცვის ექსპერტები ფლობენ.

გარემოს მეცნიერი, ბრაუნის უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ცინცაძე დასაშვებად მიიჩნევს, რომ რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოღებულია, თუმცა, ეს ის საკითხია, რაზეც მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება საუბარი.

"შეუძლებელია ზუსტად ვთქვათ, რა მარაგი არსებობს და რა ნაწილია მოპოვებული. მარაგების შეფასება საჯაროდ არასდროს მომხდარა და მეორე - რესურსის მოპოვების რენტაბელურობა მანგანუმის ფასის მიხედვით იცვლება. შეიძლება, გარკვეულ დეპოზიტებს დღეს რესურსად არ ვთვლიდეთ, მაგრამ ფასის მატების შემთხვევაში, მათი მოპოვებაც მომგებიანი გახდეს. ლიტერატურაში არსებობს უხეში დაშვებები, რომ ხელმისაწვდომი დეპოზიტების ნახევარზე მეტი უკვე ამოღებულია. ეს გასაკვირი არც იქნებოდა, იმიტომ რომ საუკუნენახევარზე მეტია, რაც იქ მოპოვება მიდის და თან, როგორც წესი, პირველად ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე ხელმისაწვდომ დეპოზიტებს მოიპოვებენ. ამიტომ, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ დღეს იქ მართლაც ნაკლებად ხარისხიანი და უფრო რთულად მოსაპოვებელი მანგანუმი იყოს, ვიდრე თუნდაც, 50 წლის წინ იყო", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

თითქმის იგივე შინაარსს იმეორებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" 2021 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 430 მილიონი ტონა მარაგიდან, იმ დროისთვის 60% უკვე ამოღებული და რეალიზებული იყო.

ჭიათურის ტერიტორიაზე "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობა სრულად დახურულია "მწვანე ალტერნატივას" შეფასებით. ორგანიზაციის გარემოს დაცვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ კომპანია არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს სამთავრობო სტრუქტურებთან.

"საერთოდ დახურულია საჯარო უწყებები. დაახლოებით, ერთი წელია არ გვცემენ პასუხს. გვაქვს ეჭვი, რომ მათ არც კი იციან რა მასშტაბით ხდება მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვება, რადგან კომპანიის სპეციალური მმართველი არ წარადგენს ასეთ ინფორმაციას მათთან. მეორე მხრივ, საჯარო უწყებები არ აკეთებენ არაფერს ამ ინფორმაციის მისაღებად. სხვა, ნებისმიერი კომპანია, რომელსაც არ აქვს გავლენები ხელისუფლებაში, ასეთ პირობებში დაჯარიმდებოდა და ლიცენზიაც ჩამოერთმეოდა, მაგრამ "ჯორჯიან მანგანეზი" სარგებლობს განუსაზღვრელი უფლებებით, მას შეუძლია დაარღვიოს კანონი და ამაზე არავინ არაფერს მოსთხოვს", - ამბობს ნინო გუჯარაიძე.

"ჯორჯიან მანგანეზი", ჭიათურის ტერიტორიაზე, "შავ ოქროდ" წოდებულ მანგანუმს 18 წელია მოიპოვებს და რაიონში უმძიმეს კვალს ტოვებს. მადნის ამოღების ღია კარიერულმა წესმა სოფლებში უზარმაზარი ორმოები გააჩინა, დახურული მეთოდით მუშაობამ კი ადგილობრივების სახლები მიწაში ჩაიტანა. ყოფილა შემთხვევები, როცა მიტოვებულ კარიერებში ადამიანები ჩავარდნილან.
სოფელი რგანი კარიერული წესით მადნის ამოღების შემდეგ. 2019 წელი

ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვება წლებია უკონტროლოდ ხდება. სხვადასხვა წელს, კომპანია სალიცენზიო თუ გარემოზე ზემოქმედების ნორმების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. 2017 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრო ჭიათურაში შექმნილ ვითარებას კატასტროფის ტოლფას მდგომარეობად აფასებდა, სასამართლომ კი დაადგინა, რომ 2013-2017 წლებში "ჯორჯიან მანგანეზმა" გარემოს 416 მილიონი ლარის მოცულობის ზიანი მიაყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიაში სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშვნა მოჰყვა, რომელსაც ვითარება უნდა გამოესწორებინა, თუმცა, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანის მუშაობა კრიტიკულად ფასდებოდა.
სოფელი დარკვეთი, 2019 წელი.

ჭიათურაში მანგანუმის, როგორც დახურული, ასევე ღია კარიერული წესით მოპოვების გეგმასთან დაკავშირებით, შეკითხვები კომპანიას გავუგზავნეთ, თუმცა, პასუხები არ მიგვიღია.

აფრიკის მანგანუმი ჭიათურაში

სამხრეთ აფრიკა მანგანუმის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. გაბონის, განასა და კოტ დ'ივუარის მანგანუმის ჯამური მარაგი, მისი გლობალური მარაგის 43%-ს შეადგენს. მაღაროელები ამბობენ, რომ სწორედ აფრიკიდან იაფად შემოტანილი მანგანუმის ხარჯზე აპირებს "ჯორჯიან მანგანეზი" წარმოების გაგრძელებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აფრიკული მანგანუმი შედარებით დაბალი ხარისხისაა, კომპანიას მაინც დასჭირდება მისი ჭიათურის მადნით გამდიდრება. მთავარი ინტერესი კი ნაკლები დანახარჯით მიიღოს მოგება, დაკმაყოფილებული იქნება.

"ყველამ ვიცით, რომ აფრიკის მანგანუმი ხარისხით ვერ შეედრება ჭიათურის მანგანუმს და მეორეც, როგორ უნდა დაუშვას სახელმწიფომ, რომ ამდენი ადამიანი უმუშევარი დატოვონ და სხვა ქვეყნიდან შემოიტანონ მადანი? მათ არ სჭირდებათ მაღარო, არ სჭირდებათ მაღაროელები, უნდათ, რომ კარიერული წესით მოიპოვონ და შემდეგ აფრიკიდან შემოტანილ მანგანუმში გადაურიონ", - ამბობს მერაბ სარალიძე.

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, აპირებს თუ არა კომპანია აფრიკიდან მანგანუმის შემოტანას, თუმცა, მათგან ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი. "ჯორჯიან მანგანეზმა" ჩვენი სხვა შეკითხვებიც უპასუხოდ დატოვა.


ჭიათურა - ერთი დიდი კარიერი

ჭიათურაში მადნის ღია წესით მოპოვების გაზრდა, გარემოზე მიყენებულ კიდევ უფრო დიდ ზიანს ნიშნავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კომპანია კიდევ უფრო გააფართოებს ღია წესით მანგანუმის ამოღებას, ჭიათურა ერთ დიდ კარიერად გადაიქცევა.

"ჯორჯიან მანგანეზი" იმდენად დიდ ფულში ტრიალებს და იმხელა წარმოება აქვს, მისთვის ყველა უკანონობა არის კანონი. თავიდან, რა თქმა უნდა არ იქნება იმხელა მასშტაბი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გაზრდიან მოპოვებას და ჭიათურა გადაიქცევა ერთ დიდ კარიერად. რომ დავიაროთ ღია კარიერები, მათ შორის ისიც, სადაც აღარ ხდება ამოღება, 80% არის მიტოვებული, დატოვებულია ორმოები და თხრილები", - ამბობს მერაბ სარალიძე.

"ჯორჯიან მანგანეზს",  2017 წელს,  მადნის ღია წესით ამოღების შემდეგ, დაზიანებული ადგილების რეკულტივაცია დაევალა, თუმცა, ეს პროცესი ვერ ეწევა კონტრაქტორი კომპანიების მიერ კარიერებზე მიწის თხრის ტემპს. ბოლო წლების ფოტო და ვიდეომასალები ცხადყოფს, რომ გადათხრილი ტერიტორიების მოსწორება, დაზიანების მასშტაბებთან შედარებით უმნიშვნელოა. მადნის ღია მოპოვება სხვა პრობლემასთანაც არის დაკავშირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანია მუდმივად არღვევს სტანდარტს და კარიერის დამუშავების ნაცვლად, მის "გაღარიბებას" ახდენს.

"პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჭიათურაში, არის კანონგარეშე, ლიცენზიის პირობების სრული დარღვევით. რასაც "ჯორჯიან მანგანეზი" იქ ახორციელებს, ამას ეძახიან კარიერის გაღარიბებას. ამოარჩევს ტერიტორიას, სადაც მანგანუმია და წერტილოვნად, მხოლოდ იქ ახდენს მოპოვებას. არ ამუშავებს კარიერს, არამედ, მიადგება და ამოგლეჯს მიწას. ამ დროს იზრდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ხდება დიდი ტერიტორიის ათვისება მოკლე დროში, ლანდშაფტი, მიწის ნაყოფიერი ფენა ისპობა, ბინძურდება მიწისქვეშა წყლები, არის ძალიან ბევრი მტვერი და ეს ტერიტორიები ბევრი წელი, შეიძლება საუკუნეებიც, გამოუსადეგარი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის", - ამბობს ნინო გუჯარაიძე.
სოფელი დარკვეთი, 2019 წელი

მაღაროების დახურვის მიუხედავად, "ჯორჯიან მანგანეზს" მადნის კარიერული წესით მოპოვება არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია. მშრომელები ამბობენ, რომ კომპანიას უკვე აქვს საკმარის რესურსი დაგროვებული იმისთვის, რომ მაღაროების გარეშეც შეძლოს არსებობა.

ფაქტია, რომ თუ მაღაროებში საწარმოო პროცესი არ განახლდება, ერთადერთი დაზარალებული მხარე კომპანიის ათასობით თანამშრომელი იქნება. მშრომელები, რომლებიც ხელფასის მხოლოდ 60% პროცენტის იმედად დარჩნენ, რაც საბანკო ვალდებულებების გასტუმრებასაც არ ჰყოფნის, იძულებულები გახდებიან ქვეყანა დატოვონ. მათთან ერთად, ემიგრაციას შეაფარებენ თავს მათი ოჯახის წევრებიც. საბოლოოდ კი ჭიათურა გადათხრილ მუნიციპალიტეტად იქცევა, სადაც ადამიანები აღარ იცხოვრებენ.

პარადოქსია, რომ ჭიათურელები, რომლებიც საუკუნენახევარია მათი სახლების ქვეშ არსებული სიმდიდრის პატრონები არიან, სიღარიბეში ცხოვრობენ. "შავმა ოქრომ", მათ ნაცვლად, მდიდარ ადამიანებს მოუტანა კიდევ უფრო მეტი ფული. ისინი კი ამ სიმდიდრისგან მინიმალურს, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, მაღაროებში მძიმე შრომით იღებენ; თვიდან თვემდე ვალებით ცხოვრობენ, "შავ ოქროს" შეეწირა მათი სახლები და ახლა, გადასარჩენად ერთადერთი გზა - ემიგრაცია დარჩათ.







მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.