ქუთაისელთა
ნაწილი მოსაწვევების მხოლოდ პრივილეგირებულთათვის ხელმისაწვდომობას
უსვამს ხაზს.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიაში ინცინდენტი მოხდა. მერია
მოქალაქის მიმართ, კონცერტისთვის განკუთვნილი მოსაწვევების "გატაცების
" ბრალდებით გამოვიდა.
მოსაწვევები იმ კონცერტისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც ქალაქის
ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, მოსაწვევები მოქალაქეებს უფასოდ
მიეწოდებათ. თუმცა, ეს არ ხდის მას ყველასათვის ხელმისაწვდომს. ყოველ
შემთხვევაში ასე მიაჩნია მოქალაქეთა ნაწილს.
მოსაწვევებზე სწორედ ეს ხელმიუწვდომობა გახდა ზემოთაღნიშნული
ინცინდენტის მიზეზი."გამტაცებელი" მოქალაქის თქმით, მისი სურვილი იყო
მოსაწვევები რიგითი მოქალაქეებისთვის დაერიგებინა. მათთვის მიეწვდინა,
რომლებიც არასდროს დასწრებიან ქალაქის მიერ დაფინანსებულ კონცერტებს
(თუკი ისინი მაინცადამაინც ღია ცის ქვეშ არ ტარდება).
"{მოსაწვევები} ეგრევე დავარიგე ბაზარში და ამის ამსახველი ფოტოებიც
მიდევს ფბ ში. ეს იყო პროტესტი იმის მიმართ, რაც ჩვეულებრივი
ამბავია ქუთაისისთვის - დახურული კონცერტები "ღირსეულთათვის". დიახ,
ჩემი ეს ქმედება იყო პროტესტი, რათა დამენახებინა, რომ მერიის გარეთაც
არსებობენ ქალები, რომლებმაც არ იციან არაფერი რაში ხარჯავს მერია
ბიუჯეტიდან ფულს", - აღნიშნავს ჟურნალისტი ლევან ქემოკლიძე.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში საპირისპიროს აცხადებენ. მათ
მიაჩნიათ, რომ მოსაწვევები ყველასათვის ხელმისაწვდომია, თუმცა იმასაც
განმარტავენ, რომ მოსაწვევების გაცემის რამდენიმე პრაქტიკა
არსებობს.
გაცემენ ორგანიზაციებზე, ბიზნესსექტორზე, უნივერსიტეტებზე, სამედიცინო
სფეროზე, სასწავლო დაწესებულებებზე, როგორც მასწავლებლებზე ისე
მოსწავლეებზე. თუმცა, როგორც კულტურის სამსახურში განმარტავენ, რადგან
ბილეთები ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის საკმარისი არ არის, მათ
ერთგვარი "როტაციის" პრინციპით ურიგებენ - ერთ კონცერტზე ათ სკოლას
აწვდიან, მეორე კონცერტზე მომდევნო ათს და ა.შ.
მერიის კულტურის სამსახურში ირწმუნებიან, რომ მოსაწვევები გაიცემა
სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვისაც - სოციალურად დაუცველებზე,
მრავალშვილიან დედებზე და ა.შ.
სამაგიეროდ მტკიცე ტრადიციად რჩება მესხიშვილის თეატრში ლოჟების
გადანაწილება მერია, საკრებულოსა და გუბერნიაზე. მაგალითად, მე-5 ლოჟა
კულტურის სამსახურს ეკუთვნის, მე-6 - მერიას, მე-7 საკრებულოს, მე-8
გუბერნიას.
მოსაწვევის მიწოდების სხვა ვარიანტი მათი სალაროში დატოვებაა.
კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ვაჟა ჯუღელის თქმით, მოსაწვევებს
თეატრების სალაროებში ტოვებენ, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაიტანონ
და კონცერტს დაესწრონ.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცის
თუ ვის უნდა მიმართოს და როგორ მიიღოს მოსაწვევი მერიის მიერ
დაფინანსებულ ამა თუ იმ კულტურულ ღონისძიებაზე.
"როგორ არ მინდა, კონცერტზე მეც წავიდოდი, მაგრამ არ ვიცი სად და
როგორ ავიღო მოსაწვევი", - ამბობს მოვაჭრე ნათელა გაბისონია.
მერიაში აღნიშნავენ, რომ მათ ფეისბუქგვერდებსა და ვებგვერდებზე
მითითებულია ყოველი მომდევნო ღონისძიების შესახებ. მაგრამ მოქალაქეებს
ეს საკმარის ინფორმაციად არ ეჩვენებათ.
"ხშირად აფიშაც არ არის გაკრული და მარტო ინტერნეტში გავრცელება
საკმარისი არ არის. ყველას არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე", - მიაჩნია
სტუდენტ მარი კიღურაძეს.
ქუთაისელთა ნაწილი მოსაწვევების მხოლოდ პრივილეგირებულთათვის
ხელმისაწვდომობას უსვამს ხაზს. მათი თქმით, მერიის მიერ დაფინანსებულ
კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე ძირითადად ერთსა დ ა იმავე სახეებს
ხედავენ და შესაბამისად შთაბეჭდილება რჩებათ, რომ მოსაწვევები
ძირითადად "ელიტის" პრეროგატივაა.
"ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ერთიდაიგივე ე.წ. "ელიტურ სახეებს" ბენუარის
ან ბელეტაჟის ლოჟაში და პარტერში. უბრალო მოკვდავებისთვის
მოსაწვევების გაცემა ამ ადგილებზე გამორიცხულია ან "საქმე უნდა
ჩააწყო". მეც მქონია შემთხვევები, როდესაც მოსაწვევით ვისარგებლე,
ასეთ დროს დარბაზში ბევრი ისეთი ადამიანი ზის, რომელსაც აბსოლუტურად
არ აინტერესებს სპექტაკლი ან კონცერტი, უბრალოდ მოსაწვევი გაუგზავნეს
და სარგებლოს პრივილეგიით", - ამბობს მენეჯერი ილიკო ნაცვალაძე.
შესაბამისად მერიის კულტურის სამსახურს მენეჯმენტს უწუნებენ და
მოსაწვევების გაცემის სხვა მეთოდს ურჩევენ.
"ყველა მოქალაქის ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული. კარგი
მენეჯმენტის პირობებეში, ეფექტური იქნებოდა მოსაწვევები დაგეგმილ
ღონისძიებებეზე დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ვებგვერდის საშუალებით
მიიღოს. მაგრამ დღევანდელ პირობებში ესეც ილუზიაა", - მიაჩნია ილიკო
ნაცვალაძეს.
მასალის გამოყენების პირობები