საზოგადოება
"თავისუფალი ინიციატივები" - ქუთაისის მერიის საკუთარი თუ კოპირებული პროგრამა
FaceBook
"ორი წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს პროგრამა არის კარგი"

ბოლო ორი წელია ქუთაისის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე ინოვაცია დაემატა. თუმცა, ოპოზიციის შეფასებით, მუღულიას ხელისუფლება ახალს ვერაფერს იგონებს და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს შექმნილი პროგრამების კოპირებას ახდენს.
ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ქუთაისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2014-2015 წლებში გაჩენილ პროგრამა "თავისუფალ ინიციატივებზე" საუბრობენ.

ქუთაისის ყოფილი მერი და ამჟამად საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი, ბესიკ ბრეგაძე ირწმუნება, რომ ეს პროგრამა ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლოს არსებობდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა და ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში გადადიოდა.

"ორი წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს პროგრამა არის კარგი," - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

თუმცა, ბრეგაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამა "თავისუფალ ინიციატივებს" ყოველგვარი თანხის გადანაწილების წესის გარეშე ასრულებს და მისთვის გამოყოფილი თანხის, რომელიც წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს, დახარჯვის კონკრეტული წესი არ არსებობს. ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მერიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს მუნიციპალიტეტებს შორის ამ თანხის გადანაწილების პრინციპები.

"ჯობია იყოს დადგენილი, ეს ფული როგორ დაიხარჯება და არა სპონტანურად, ვის რა დაჭირდება იმის მიხედვით მოხდეს ამ არც თუ ისე მცირე თანხის დახარჯვა," - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

პროგრამა "თავისუფალი ინიციატივები" რომ "კარგია", ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიც ადასტურებს. ვლადიმერ ნაკაშიძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 10-მდე პროექტი შესრულდ. მისივე თქმით, ამ პროგრამამ, ქალაქის მასშტაბით, ისეთი პროექტების შესრულების საშუალება გააჩინა, რომლებიც საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროექტების მიღმა აღმოჩნდნენ.

გასული წლის ასეთ მასშტაბურ პროექტად, რომელიც "თავისუფალი ინიციატივების" ფარგლებში შესრულდა, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მუხნარის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურიდან დასახლებაში ამოსასვლელი კიბებისა და ასევე, ნიკეას ქუჩაზე მე-17 საჯარო სკოლასთან არსებული ბოგირის რეაბილიტაციას ასახლებს, რომლებიც წლების განმავლობაში განუხორციელებელი იყო.

"ეს ის პროგრამებია, რომელიც არა კონკრეტული ამხანაგობისთვისაა აუცილებელი, არამედ მთელი უბნისთვის მნიშვნელოვანია," - ამბობს ვლადიმერ ნაკაშიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას "თავისუფალი ინციატივების" დაფინანსების გადანაწილებისა და თანხის დახარჯვის წესის თაობაზე, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ასეთი წესი არსებობს, თუმცა, არ არსებობს წინასწარ იმ ობიექტების ჩამონათვალი, თუ რა უნდა გაკეთდეს.

"ესაა შემოთავაზება მუნიციპალიტეტებიდან, შემდეგ ხდება განხილვა და შერჩევა იმის მიხედვით, რომელი პროექტი უფრო პრიორიტეტულია და რომელიც ჩაეტევა პროგრამის ბიუჯეტში. არ არსებობს ობიექტების ჩამონათვალი რა უნდა გაკეთდეს, სანამ არ მოგვმართავენ ადმინისტრაციული ერთეულები," - აღნიშნავს ვლადიმერ ნაკაშიძე.

მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში პროგრამა "თავისუფალი ინიციატივებისთვის" 100 000 ლარია გათვალისწინებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.