ქუთაისის მერიამ, გასულ წელს დასრულებულ სოციალურ საცხოვრისში
ბენეფიციარები ახლა შეასახლა.
საუბარია გუგუნავას ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაზე,
რომელიც 8 თვე გამოკეტილი იყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბინების გასაღებები 42 ოჯახს მათი
კომისიის მიერ დაგეგმილი კრიტერიუმებით 2 წლის ვადით გადასცა, თუმცა,
კონკრეტულად რა მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ ბენეფიციარებს,
ამაზე პასუხის მისაღებად მერიაში
ინფორმაციის გამოთხოვა მოგვთხოვეს, რომლის
მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება.
რატომ არ ჩქარობდა მერია საცხოვრისში უსახლკაროების შესახლებას,
მაშინ, როცა (2018 წლიდან დღემდე) 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის
განცხადება უდევთ, უცნობია. ამ კითხვით მათ რამდენჯერმე
მივმართეთ, მათ შორის წერილობითაც, თუმცა გაუგებარი და ზოგადი
პასუხები
მივიღეთ.
გამოკეტილი საცხოვრისი - მერიაში არ
იციან ვინ შეასახლონ თავშესაფარში
ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ გასული წლის
დეკემბერში გვითხრეს, რომ შექმნილი იყო კომისია,
რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავდა,
თუმცა, როგორც ჩანს, კომისიის წევრებს თვეები დასჭირდათ
კრიტერიუმების შესადგენად და ბენეფიციარების შესასახლებლად.
მანამდე კი გამოკეტილი და ცარიელი შენობის შენახვაზე ბიუჯეტიდან ცალკე
თანხები იხარჯებოდა - მაგალითად, საცხოვრისის დაცვის მომსახურების
შესყიდვაში თვეში -
6600 ლარი. ამასთან, მერია
ქირას უხდიდა იმ მობინადრეებს, რომლებიც ნიკეას
ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის დაზიანების გამო ქირით ჰყავდა
გაყვანილი.
გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 840 508
ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT210000108) გასულ წელს
გამოცხადდა.
ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში ბენეფიციარებისთვის 42
ოთახნახევრიანი ბინა მოეწყო. რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით,
განახლდა შენობის ექსტერიერის დაზიანებული ნაწილები, ხოლო ინტერიერში
არსებული ტიხრების დემონტაჟის შემდეგ, სივრცეები გადაკეთდა
საცხოვრებელ ბინებად. ასევე სრულად შეიცვალა კომუნიკაციების ქსელი.
ბინები აღიჭურვა შესაბამისი საყოფაცხოვრებო ავეჯით.
პროექტი რეგიონული განვითრების ფონდმა დააფინანსა და 840 000 ლარი
დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის კეთილმოწყობის პროცესი
ხმაურით მიმდინარეობდა, რადგან ამ შენობაში
რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც, შენობაში სოციალური
საცხოვრისის მოწყობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ.
შესაბამისმა სამინისტრომ კი, ისინი ალეტრნატიული ფართით მხოლოდ
საპროტესტო აქციების შემდეგ დააკმაყოფილა.
გუგუნავას ქუჩაზე მდებარე
ახლადრეაბილიტირებული საცხოვრისი ერთადერთი არ არის ქუთაისში. ათობით
უსახლკარო ნიკეაზე ქუჩაზე მდებარე თავშესაფრშია შეყვანილი, რომელიც
2018 წელს გაიხსნა. მაშინ მერიამ მობინადრეებს საცხოვრისში დარჩენის
5-წლიანი ვადა მისცა, ახალი საცხოვრისის ბენეფიციარებთან კი 2- წლიანი
ხელშეკრულებაა გაფორმებული. ყოველ 6 თვეში მოხდება მათი სოციალური
მდგომარეობის მონიტორინგი, რომლის შესაბამისადაც იქნება მიღებული
შემდგომი გადაწყვეტილებები.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერია ბენეფიციარებს ნაქირავებში ამყოფებს, ახალი საცხოვრისი
კი გამოკეტილია
მერია სოციალური საცხოვრისის ცარიელი შენობის დაცვაში ერთ თვეში 7
000-მდე ლარს დახარჯავს
ასობით უსახლკარო და გამოკეტილი სოციალური საცხოვრისი
ქუთაისში
ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისისთვის ავეჯს
ყიდულობს
გამოკეტილი საცხოვრისი - მერიაში არ იციან ვინ შეასახლონ
თავშესაფარში
მასალის გამოყენების პირობები