ქუთაისში, ერთი წლის წინ დაწყებული ახალი სოციალური საცხოვრისის
მოწყობა დასრულებულია, თუმცა მერიაში ჯერ არ ჩქარობენ, იმ
კრიტერიუმების შემუშავებას, რომლის მიხედვითაც მოხდება ობიექტში
უსახლკარო ადამიანების შესახლება.
რა კრიტერიუმებია განსაზღვრული, როდის ან რა ვადით უნდა შესახლდნენ;
ასევე რამდენი ადამიანია ქალაქში თავშესაფრის მაძიებელი - ამაზე
მერიის პრესსამსახურში ტრადიციული პასუხი გაგვცეს - " ინფორმაცია
ოფიციალურად გამოითხოვეთ".
ერთადერთი რაც წერილობით მიმართვის გარეშე გვითხრეს, არის ის, რომ
შექმნილია კომისია, რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა
განცხადებებს განიხილავს.
მერიამ, გასულ წელს , გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის
მოსაწყობად 840 508 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი
(NAT210000108) გამოაცხადა. ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში
ბენეფიციარებისთვის 42 ოთახნახევრიანი ბინა მოეწყო.
ობიექტის კეთილმოწყობის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. რადგან ამ
შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც, შენობაში
სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენა
ემუქრებოდათ. შესაბამისმა სამინისტრომ კი, ისინი ალეტრნატიული ფართით
მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკმაყოფილა.
გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებული საცხოვრისი ერთადერთი
არ არის ქუთაისში. ათობით უსახლკარო ნიკეაზე ქუჩაზე მდებარე
თავშესაფრშია შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში სოციალურად
შეჭირვებულთა რიცხვი იზრდება.
პირველად, სოციალური საცხოვრისის მოწყობა მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა
და შემსრულებელი კომპანია კონკურსის წესით გამოავლინა.
კონკურსში გამარჯვებულმა შპს „სანომ“ ნიკეას ქუჩაზე უკვე არსებული
შენობა გაარემონტა, რისთვისაც ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა,
მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა და საზოგადოებას მხოლოდ ერთი
ხელშეკრულების შესახებ აცნობა, რომლის ჯამური ღირებულება 2 500 000
ლარს არ აღემატებოდა. მეორე ხელშეკრულება კი, რომელიც ხუთი თვის
შემდეგ გაფორმდა, 1 872 000 ლარის ღირებულების იყო.
მხარეებს შორის დავა სასამართლომდეც მივიდა.
რაც შეეხება მობინადრეთა კრიტერიუმებს, ისინი თავშესაფარში სარეიტინგო
ქულების მიხედვით ხუთი წლის ვადით შესახლდნენ. თუმცა, მოგვიანებით,
მერიამ მათი საცხოვრისში ყოფნის ვადა 2 წლამდე შეამცირა.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები