"ძალიან რთული იქნება ქუთაისში ამხანაგობის წევრთა 2/3-ის
თანხმობის მოპოვება"
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის მიერ ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამა "კორპუსში"
განხორციელებულ ცვლილებებს ოპოზიცია აკრიტიკებს. საუბარია პროექტების
განსახორცილებლად საჭირო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა
2/3-ის თანხმობაზე.
მერიის მიერ დადგენილი ახალი წესი საკრებულოს რიგით 18-ე სხდომაზე
(27.01.2016) მმართველი გუნდის უმრავლესობამ ერთხმად დაამტკიცა.
საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან", ბესიკ
ბრეგაძეს მიაჩნია, რომ პრობლემები 2/3-ის ხელმოწერასთან და მათი
თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით შეიქმნება.
"ძალიან რთული იქნება ქუთაისში ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობის
მოპოვება ნებისმიერ პროექტზე. იმის გამო კი არა, რომ ვიღაც თანახმა
იქნება და ვიღაც არა, ფიზიკურად ძნელი იქნება ბინაში ასეთი
უფლებამოსილი პირის მოძებნა. შეიძლება ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ
ვისაც შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია, შესაძლებელია, ფიზიკურად არ
იყოს ქალაქში," - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.
სწორედ ამიტომ, ბრეგაძე თვლის, რომ შეიძლებოდა მერიას ასეთი ზღავრი არ
დაეწესებინა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ამხანაგობის
უბრალო უმრავლესობისთვის მიეცა.
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურში კი აცხადებენ,
რომ ცვლილება პროექტების მიმდინარეობისას მოსახლეობის ჩართულობისა და
ინფორმირების გაზრდის მიზნით განხორციელდა.
სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, ამით
მოსახლეობის ჩართულობა საწყის ეტაპზე გაცილებით გაიზრდება, პროექტების
შესახებ ისინი მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მოსახლეობის მხრიდან
წინააღმდეგობები, რასაც ხშირად აქვს ადგილი, შემცირდება.
"როდესაც ამხანაგობის პროექტი შემოდიოდა, ამას აკეთებდა რამოდენმე
აქტიური ადამიანი, ხოლო სამუშაოების მიმდინარეობისას მოსახლეობის
უმეტესობა ამბობდა, რომ პროექტი თვალითაც არ ჰქონდა ნანახი. 2/3-ს
დამატება დაადასტურებს, რომ ეს ადამიანები ნამდვილად გაეცვნენ პროექტს
და სურთ კონკრეტული სამუშაოების განხორციელება. საკუთრების
განვითარებას, ზოგადად, ჭირდება უმრავლესობის თანხმობა," - აცხადებს
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ
ნაკაშიძე.
მისივე განმარტებით, პროგრამა "კორპუსის" განხორციელებაში შესული ამ
ცვლილებით, მერიამ "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
საქართველოს კანონით იხელმძღვანელა.
კანონი კი განმარტავს: თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა
რაოდენობა თორმეტს არ აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
წევრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებას იღებენ ხმათა 3/4-ით,
ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში – ხმათა 2/3-ით. (მუხლი 23.)
გარდა ამ ცვლილებისა, თუკი ადრე განაცხადის შემტანა მერიაში მხოლოდ
ამხანაგობის თავმჯდომარეს შეეძლო, ახალი რეგულაციების თანახმად,
ამხანაგობის თავმჯდომარეს უკვე აქვს უფლება ყავდეს მინდობილი
პირი.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ამ რეგულაციის შემოტანა
ამხანაგობის თავმჯდომარის ხშირ შემთხვევაში მოუცლელობის ან
პროექტისადმი ინტერესის არქონის გამო მოხდა.
"თავმჯდომარეზე მეტად მოტივირებული და დაინტერესებული გამოდის ის
ადამიანი, ვინც მაგალითად მე-9 სართულზე ცხოვრობს და გადახურვის
პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს," - აღნიშნავს ქუთაისის მერიის
საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში პროგრამა "კორპუსის" განხორციელებისთვის 780
700 ლარია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები