საზოგადოება
დაცული და დაუცველი ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში
FaceBook
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების თვალსაზრისით, დღეს არსებული ძირითადი გამოწვევა ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.


თორნიკე ტურაბელიძე ფოტოგრაფია. იგი ამ სფეროში უკვე 15 წელზე მეტია მუშაობს. გარდა იმისა, რომ ფოტოებს იღებს, იგი საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვასაც ცდილობს. მან წლების წინ საკუთარ ფოტოზე საავტორო უფლების დასაცავად სასამრთლოს მიმართა, რაც მაშინ თითქმის უპრეცედენტო შემთხვევად შეფასდა.

"ჩემი ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, გამოაქვეყნა ერთ-ერთმა გაზეთმა. არ მიუთითა ავტორი და მითუმეტეს ჰონორარის გადახდაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. სასამართლოს მივმართე, პროცესი საკმაოდ გაიწელა, გარკვეული შედეგებიც მივიღე. ეს იყო, თითქმის, ერთადერთი შემთხვევა იმ დროს, როდესაც ვიღაცამ ავტორობის უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა," - ამბობს თორნიკე ტურაბელიძე.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ფოტოები და სხვა ინტელექტუალური პროდუქტი დაუცველია საქართველოში. ბევრი გამოცემა იყენებს ფოტოს და არ უთითებს ავტორს.

ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო/უკანონო გამოყენება ვრცელდება მუსიკაზე, ტექსტებზე და ა.შ . თუმცა, სასამართლო დავები ამ კუთხით იშვიათია.
როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) აღნიშნავენ, ქართული კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებთან და ასევე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

საქპატენტში ირწმუნებიან, რომ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მფლობელთათვის დღეს არსებობს უფლებების დაცვის ყველა სახის სამართლებრივი მექანიზმი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი). შესაბამისად, არსებობს სხვა პრობლემა და მთავარი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამღლებასთანაა კავშირში, მიაჩნიათ საქპატენტში.

"ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების თვალსაზრისით, დღეს არსებული ძირითადი გამოწვევა ამ სფროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. საქპატენტი აქტიურად საქმიანობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებისა და უფლების მფლობელებთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის კუთხით. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ტარდება არაერთი სემინარი და სამუშაო შეხვედრა, იბეჭდება საინფორმაციო ხასიათის ბიულეტენები და ფლაერები, ინტელექტუალური საკუთრების სამეცნიერო ჟურნალი", - აღნიშნავს საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფრუიძე.

თუმცა, ის, რომ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება ნაკლებადაა დაცული, რიგ მოქალაქებს გარკვეულ უპირატესობად მიაჩნიათ.

"მაგალითად "ვიდეომეკობრეებმა" იმის საშუალება მოგვცეს, რომ ბევრი შედევრი გვენახა. რომ არა ისინი, ალბათ, დიდხანს არ გვეცოდინებოდა ბევრი ფილმი და რეჟისორი", - აღნიშნავს 30 წლის ბექა.

სამაგიეროდ,  ასე არ მიაჩნია კანონს, მითუმეტეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის ვალდებულებებს. როგორც აღმოჩნდა, საქართველომ აიღო ვალდებულებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების უზრუნველყოფის კუთხით, რამაც კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ინტელექტუალური საკუთრების დაცულობა.

"ახალი ცვლილებებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისას, მფლობელს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს ობიექტების, რომლებიც არღვევს მის განსაკუთრებულ უფლებებს, ბრუნვიდან ამოღება, მათი განადგურება, ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოსახულების განადგურება და ინტერნეტში განთავსებული მასალის წაშლა, ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების განადგურება, რომლითაც ის მზადდება. ამავე ცვლილებებით, განსაკუთრებული უფლებების მფლობელის შეხედულებისამებრ, განისაზღვრება მიყენებული ზიანის, მიღებული სარგებლისა და ერთჯერადი კომპენსაციიის გადახდის მოთხოვნის უფლებამოსილება. ამასთან, დგინდება ზიანის ოდენობისა და ფულადი კომპენსაციის განსაზღვრის სამართლებრივი მექანიზმები", - ამბობს მანანა ფრუიძე.

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქპატენტის მიერ მომზადებული კანონპროექტების მიღება იგეგმება 2016 წელს, რომლებიც ამოქმედდება მიღებისთანავე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.