საგამოფენო სივრცე, სამუსიკო სკოლა, ხახანაშვილის ქუჩა - ეს ის
ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც პრაქტიკულად ჩავარდა.
ამ პროექტებიდან ორი გასულ წელს, ხოლო მესამე - მულტიფუნქციური
საგამოფენო სივრცე, მიმდინარე თვეში უნდა დასრულებულიყო. არადა, ამ
ეტაპზე მათი დამთავრების თარიღიც უცნობია.
უფრო მეტიც, ცენტრალური სამუსიკო სკოლისა და ხახანაშვილის ქუჩის
რეაბილიტაციისთვის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს მერია ამ
დრომდე ეძებს.
თვეებია, რაც ორივე ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოები შეჩერებულია.
ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერებით კი არავინ ინტერესდება, რადგან
შუა გზაზე მიტოვებულ პროექტებზე პასუხისმგებლობის აღება
კომპანიებისთვის ნაკლებად სასურველია.
ამიტომაც ქუთაისის მერია სატენდერო ფასებს ზრდის. ხახანაშვილის ქუჩის
შემთხვევაში, მესამედ გამოცხადებულ ტენდერში (NAT230002884)
სამუშოების ღირებულება თავდაპირველ ფასთან შედარებით, 60 784 ლარით
მეტია. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის კი ერთი მილიონ 295 956
ლარია განსაზღვრული, რაც წინა სატენდერო ფასთან შედარებით 194 830
ლარით მეტია.
რაც შეეხება საგამოფენო სივრცეს, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის
ყოფილი შენობის ადგილას ეწყობა, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები
თებერვალში დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ პროექტის ირგვლივ
არათუ ვადების, არამედ ობიექტის საბოლოო იერსახის საკითხიც კი
გაურკვეველია.
შენობას, რომელიც პროექტის მიხედვით, სამივე ფასადის (დასავლეთის,
სამხრეთისა და ჩრდილოეთის) შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რადგან
თითოეული მის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენდა, დღეს
მხოლოდ ერთი კედელიღა შემორჩა, რომლის არსებობის საკითხიც
ექსპერტიზაზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში კი, თუ ექპერტიზა მის მდგრადობას ვერ დაადგენს,
თანამედროვე მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად,
ფაქტობრივად, მე-19 საუკუნის მუზეუმის შენობის დანგრევა მოუწევთ. ეს
იმას ნიშნავს, რომ პროექტი შეიცვლება და ავტომატურად, სამუშაოების
დასრულების თარიღიც გადაიწევს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიამ დაუსრულებელი პროექტები, გადათხრილი
ქუჩები და მიტოვებული მშენებლობები ტრადიციად აქცია. „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგა შუშანია ერთსა და იმაზე პროექტზე
ტენდერის რამდენჯერმე გამოცხადებას და სამუშაოების შემსრულებელი
კომპანიის ვერ გამოვლენას ორ მიზეზს უკავშირებს:
„ან ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოები არასწორადაა შეფასებული,
ან პროექტს აქვს სერიოზული ხარვეზები. ზოგადად, მერიის მიერ თითქმის
ყველა შესრულებული პროექტი ხარვეზიანია და გზადაგზა უხდებათ
მშენებლებს ცვლილებების შეტანა, რაც აჭიანურებს პროცესებს. ერთ-ერთი
მაგალითია ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობაც, რომელიც
წესით გახსნილი უნდა იყოს. როდესაც დაიწყეს მშენებლობა, ორი კედელი
ჩამოინგრა, რადგან არასწორად იყო თავიდანვე შესწავლილი მისი
მდგრადობა. ახლა მსჯელობენ, არის თუ არა მდგრადი დარჩენილი ერთი
კედელი (ექსპერტიზა მოიწვიეს უკვე დაწყებულ სამუშაოებზე). ეს არის
შეუსწავლელი, არასწორი პროექტირების გამო და იმის გამო, რომ ძალიან
ბევრი ჩინოვნიკი, ნაცვლად იმისა რომ ამ პროექტებს მიხედოს, საკუთარი
კომფორტის მოწყობით არის დაკავებული“,- ამბობს გიგა შუშანია.
“ანტიკორუფციული მოძრაობაში” კი მერიის მიერ ჩავარდნილ და გადავადებულ
პროექტებს არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ. ამასთან, იმერეთის
ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი სავარაუდო კორუფციულ
ნიშნებზეც საუბრობს.
„აქ, კორუფციის გარდა, მენეჯმენტის პრობლემაცაა. ადგილობრივ
თვითმმართველობაში, შეიძლება ითქვას, არ არსებობს ისეთი პირი, რომელიც
უცებ მოსაგვარებელ პრობლემას გონივრულად გადაწყვეტს. ზოგადად,
მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტს, ყველას, ხარისხის პრობლემა აქვს“, -
განმარტავს თემურ ცამციშვილი.
ჩავარდნილ და გადავადებულ პროექტზე ადგილობრივ თვითმმართველობაში
მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ "შესასრულებელი სამუშაოები განფასდა
მიმდინარე ფასებით", მესამე ტენდერს კი თავისი ვადები აქვს და
წინადადების მიღება ჯერ არ დასრულებულა. რაც იმას ნიშნავს, მერიაში არ
ეუხერხულებათ ის ფაქტი, რომ ობიექტების, რომელთა კეთილმოწყობა გასულ
წელს უნდა დასრულებულიყო, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს ჯერ
კიდევ ეძებენ.
ამავე თემაზე:
მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და
იერსახეში აბნეული პროექტი
მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას
სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის
ხახანაშვილის ქუჩისთვის, უკვე გაზრდილი თანხით,
ტენდერი მესამედ ცხადდება
ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები
მიტოვებულია
მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული
რეაბილიტაცია
გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის
შეჩერებული რეაბილიტაცია
მასალის გამოყენების პირობები