საზოგადოება
„შეცვალეთ ის, რისი შეცვლაც გინდათ!' - ახალგაზრდების გზავნილი ქართულ-აფხაზური ბანაკიდან
FaceBook
მე-5 წელია ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები სოხუმში საზამთრო და საზაფხულო ბანაკებში მშვიდობისა და ნდობის გაღვივებისთვის იკრიბებიან.

„შეცვალეთ ის, რისი შეცვლაც გინდათ!" „გაერთიანებული ახალგაზრდობა უკეთესი მომავლისთვის“, „მე ვარ ბავშვი და მაქვს უფლება“ - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზედაც აფხაზი და ქართველი მოსწავლეები ყოველწლიურად მსჯელობენ.

ორკვიანი საზამთრო და საზაფხულო ბანაკებში ყოველწლიურად მათი შეკრება პროექტ „ახალგაზრდა ლიდერები“- ს ფარგლებში ხდება.

„თავიდან როგორც მტრებს ისე გვიყურებდნენ, მაგრამ რამდენიმე დღეში ისე დავმეგობრდით, რომ ერთ აფხაზ გოგონას გათხოვება ბათუმში მოუნდა. ჩვენს შორის ყინული მალე გადნა“- იხსენებს პროექტ „ახალგაზრდა ლიდერების“ 2011-2012 წლის ბანაკის მონაწილე დინა კოკაია: „არასდროს დამავიწყდება თავიდან ჩვენ, ქართველები როგორ დაგვიცვა ოჩამჩირელმა ბიჭმა, რომელსაც ბათალი ერქვა. მასთან დღესაც ვმეგობრობთ. ის ყველას გვამშვიდებდა, ნუ ჩხუბობთ! რამ გაყო აფხაზი და ქართველი?! ჩვენ და-ძმასავით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთიო. ჰკითხეთ უფროსებს, ჩვენ სულ ერთად ვიყავითო“.

ბანაკის კიდევ ერთი მონაწილე მაიკო ხურცილავა სოხუმსა და ახალ ათონში გატარებულ დროს იხსენებს.

„თავიდან, როცა ჩავედით მაინც უცხო გარემო იყო ჩვენთვის და მათთვისაც, მეგრელები და აფხაზები დაყოფილები ვიყავით ერთმანეთისაგან, კონტაქტიც გვიჭირდა, მაგრამ რამდენიმე დღეში აქეთ გვთხოვდნენ ქართული სიტყვები გვასწავლეთო. უნდოდათ ქართულად წერა-კითხვა ესწავლათ, მაგრამ აბა ერთ კვირაში რას მოვახერხებდით. ჩვენ ერთმანეთის მიმართ საოცარი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა.

მახსოვს, მეგობრობის დღიური ყველა მათგანმა შემივსო კეთილი სურვილებითა და დიდი სიყვარულით. ის დღიური ახლაც მაქვს შენახული. თუ აქამდე გვეგონა, აფხაზ ახალგაზრდებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენდამი, ტრენინგების შემდეგ ეს აზრი რადიკალურად შეგვეცვალა, “ - ამბობს მაიკო.

პროექტს „ახალგაზრდა ლიდერები“ ახორცილებს ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია დანიის დევნილთა საბჭო (DRC- Danish Refugee Council), რომელიც აფხაზეთში 2005 წლიდან მუშოაბს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ ტრენინგ კურსების მიზანს აფხაზი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრება წარმოადგენს.

„ჩვენი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობის მთავარ მიზანს დევნილთა პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც უწყობს ხელს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, კერძო ბიზნესის განვითარებას და ა.შ, “ - აცხადებს პროექტის კოორდინატორი, ნათია ბელქანია.

„სოხუმში საზაფხულო ბანაკების გარდა, თითქმის ყოველ სეზონზე დავდივართ და ყოველ ჯერზე საოცარი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები. ამას წინათ, სოხუმის ბაზრობაზე შევედით, მაშინ ბანაკის მონაწილე ვიყავი, ქართულ ჯგუფთან ერთად. ერთმა გამყიდველმა, როგორც ჩანს, კილოზე გვიცნო, დაგვიძახა და გამოგველაპარაკა. გამყიდველი ქართველი აღმოჩნდა, რომელიც ომის შემდეგ დაუბრუნდა თავის ქალაქს. ჩვენი ნახვა ძალიან გაუხარდა. მისი თქმით, სოხუმში გალთან შედარებით ქართველების დიდი დეფიციტი შეიმჩნევა და დღეს თქვენთან შეხვედრამ, ალბათ, 1 წლის სიცოცხლე მომიმატაო, გვითხრა“- იხსენებს გალის მკვიდრი, ჯინა ლაგვილავა.

მაიკო, დინა, ჯინა და სხვა ქართველი ახალგაზრდები აფხაზეთის საზაფხულო და საზამთრო ბანაკიდან მოწვევას ყოველწლიურად იღებენ, სადაც უკვე ახალი ნაკადის აფხაზ და ქართველ მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

სოხუმში 2 კვირიანი ბანაკი ქართველ და აფხაზ თანატოლებს ამ დღეებშიც მასპინძლობს. როგორც პროექტის მონაწილე, გელა ხასაია ამბობს, შეხვედრა ამჯერად თეატრალურ სახეს ატარებს.

„თეატრალურ დადგმებს ვაკეთებთ და აფზაზეთის 5 ქალაქში უნდა ვაჩვენოთ. აქ ვსწავლობ, სოხუმში და ძალიან მიხარია ასეთი კარგი ურთიერთობები რომ ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან“ - ამბობს გელა.

ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებაზე მთავრობამ თუ არასამთავრობოებმა აქტიურად უნდა იზრუნოს.

„ჩვენ დავამტკიცეთ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შეგვიძლია ერთად, მეგობრულად ცხოვრება. თანაც, ჩვენი აფხაზი თანატოლებისაგან დიდი ინტერესია საქართველოს კუთხეები მოინახულონ.

მთავარია ამ პატარა მიღწევას, ამ შანსს განვითარება ჰქონდეს, კიდევ უფრო გაღვივდესა და განვითარდეს, ამაში კი სახელმწიფოს და უფროსების დახმარება გვჭირდება“ - ამბობს დინა კოკაია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.