"მიგრანტი ქალები - უხილავი უმრავლესობა"- ამ სახელწოდების დისკუსია
გაიმართა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლმა " პროექტის "ხელოვნება
ქალთა უფლებებისათვის" ფარგლებში ფინალური დისკუსია მიგრანტ ქალებს
მიუძღვნა. მათი როლი, წვლილი და მათ მიმართ არსებული კრიტიკა გახდა
დისკუსიის თემა, რომელსაც გენდერის მკვლევარი, ფემინისტების
დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი იდა ბახტურიძე წარუძღვა.
უნივერსიტეტის ცენტარლური კორპუსის ფოიეში წარმოდგენილი იყო მხატვარ
ლია უკლებას ინსტალაცია "დედაჩემი" და მხატვარ ქრისტინე რობაქიძის
ნამუშერვები. გამოფენა ასევე მიგრანტი ქალების პრობლემებს
გამოეხმაურა, ქალებს, რომელთაც ორგანიზატორების თქმით ორმაგად
გაურთულა პრობლემა შრომითმა მიგრაციამ.
"წინა 5 ივენთისაგან განსხვავებით, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით ქალთა
პრობლემებზე ქვეყნის შიგნით, დღეს ვსაუბრობთ მიგრანტ ქალებზე,
რომელთაც დატოვეს ქვეყანა, მაგრამ ყველა ის პრობლემა რაც უმრავლეს
ქალს გააჩნია ჩვენს ქვეყანაში თან წაიღეს. ამ პრობლემებს დაემატა
უამრავი სხვა, რომელიც ახლავს თან შრომით მიგრაციას", - აღნიშნა
ორგანიზაცია "მიგრაციის სახლის" თავმჯდომარემ ლელა სებუამ.
დისკუსიაზე ითქვა, რომ მიგრანტებს არ უდგას გვერდით სახელმწიფო.
"სხვა ქვეყნები ცდილობენ საკანონმდებლო რეგულირებით გაამყარონ მათი
მოქალაქეების ყოფნა სხვა ქვეყნებში, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით კი ძალიან მწირია", - ამბობს ლელა
სებუა.
ორგანიზატორები განმარტავენ, რომ აქცენტი ქალ მიგრანტებზე მათი
სიმრავლის გამო გააკეთეს. რადგან მილიონამდე ქართველ მიგრანტს შორის
65% სწორედ ქალია.
შეხვედრაზე ისიც აღინიშნა რომ სახელმწიფოს ნაკლებ მხარფდაჭერასთან
ერთად, საქართველოში ადგილი აქვს გარკვეულ თავდასხმებს და კრიტიკას
მიგრანტი ქალების მიმართ როგორც საზოგადოების გარკვეული ფენების,
ასევე რელიგიური ინსტიტუციის მხრიდან.
"ეს ქალები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის ობიექტები, არადა მათ დიდი
მსხვერპლი გაიღეს რომ გადაერჩინათ თავიანთი ოჯახები. ისინი
იმსახურებენ კარგ მოპყრობას და პატივისმცემას ნებისმიერი
ინსტიტუციიდან სახელმწიფო იქნება ეს თუ საპატრიარქო", - მიაჩნია
„მიგრაციის სახლის“ თავმჯდომარეს.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ მიგრანტი ქალების შრომა მნიშვნელოვანია არა
მარტო საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მათი ფულადი
გზავნილები ქვეყნის ეკონომიკის შიდაპროდუქტის 9 პროცენტს მოიცავს, რაც
ჯამში ყოველწლიურად მილიარდს აღემატება.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების
რაოდენობა მილიონნახევარია და მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების
შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს ამ ქალების გზავნილები შეადგენს.
გამოდის, რომ ისინი საკუთარი ოჯახების და ნათესავების ერთადერთი
მარჩენალი არიან. მეტიც, მიგრანტების ფულადი გზავნილები აღემატება
ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი
მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები საკუთარი
ოჯახებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად მიდიან.
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს "ქალთა ფონდი საქართელოში".
მასალის გამოყენების პირობები