საზოგადოება
არაღიარებული საკუთრება ქუთაისში - მოდავე სამი მხარე და დოკუმენტებში გამქრალი სამართალი
FaceBook

ჩინოვნიკების წილები, ბიზნესინტერესები და  სქემა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული უნივერმაღის ტერიტორია უკვე წლებია დავის ობიექტად იქცა.


საჯარო რეესტრში გადაკეთებული დოკუმენტაცია, ქუთაისის ყოფილი მერის მიერ გამოცემული და შემდგომ გაუქმებული ხელშეკრულების კორექტირება, მოქმედი მერის "სადამსჯელო" ოპერაცია, მერიის ყოფილი ჩინოვნიკების და ასევე, იმერეთის მხარის ყოფილი გუბერნატორის წილები და ბიზნესინტერესები - ასეთია სქემა, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული უნივერმაღის ტერიტორია უკვე წლებია დავის ობიექტად იქცა.


რა გზით შეიცვალა დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში, რატომ შეიტანეს ქუთაისის მერიის ჩინოვნიკებმა მათ მიერვე გამოცემულ ბრძანებაში ცვლილებები და ვისი ინტერესები იკვეთება სადაო ტერიტორიის უკან? ამ კითხვებით ქუთაისიპოსტის ჟურნალისტური გამოძიება ყოფილი ჩონოვნიკების და მათთან დაახლოებული გავლენიანი ბიზნესმენების კვალზე გავიდა.

მოდავე მხარეები
მოდავე #1
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერმაღის და მისი მიმდებარე ტერიტორიისთვის დავა უკვე ათეული წლებია გრძელდება. ამ ადგილისთვის, ერთის მხრივ, უნივერმაღის მფლობელი, უნგრეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აკაკი წერეთელი დაობს, ხოლო მეორე მოდავე მხარეს შპს "იბერიის ვარსკვლავი" წარმოადგენს. თავის მხრივ, ტერიტორიაზე საკუთრების პრეტენზიას სხვადასხვა დროს ადგილობრივი თვითმმართველობაც აცხადებდა.

4 ჰა მიწის ტერიტორია ჭავჭავაძის გამზირზე, რომელზეც უნივერმაღია განთავსებული და ამ დროისთვის შპს "იბერიის ვარკვლავის" მიერ მოწყობილი ბაზრობა მოქმედებს, 1975 წლიდან 1995 წლამდე "ქუთმრეწვვაჭრობის" საკუთრება იყო.

1995 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №68 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ აკაკი წერეთლის საკუთრებაში 4000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე განთავსებული უნივერმაღის შენობა-ნაგებობა გადავიდა. იმ დროისთვის არსებულ გენერალურ გეგმაზე, კერძო საკუთრებაში გადასული ფართის ნახაზზე სხვა შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება.

შეძენილი ქონების დაკანონებას ინვესტორი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს, მიზეზად კი ადგილობრივ თვითმმართველობასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაყალბებულ დოკუმენტაციას ასახელებს.

აკაკი წერეთელი აღნიშნავს, რომ დოკუმენტების გაყალბება, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში, მის მიერ ტერიტორიის შეძენისთანავე დაიწყო.
ამ მოსაზრების მტკიცებულებას წარმოადგენს ქუთაისის მერიასთან არსებული ყოფილი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დოკუმენტი. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც ტერიტორიის გენერალური გეგმაა, მითითებულია მხოლოდ უნივერმაღის მიმდებარედ არსებული 2 სკვერი. (1990 წელი, 12 თებერვალი).

ამავე სამსახურის მიერ მომზადებულ მეორე დოკუმენტში, რომელიც 6 წლის შემდეგაა გამოცემული, ტერიტორიაზე სკვერები არ ფიქსირდება. აღრიცხულია მხოლოდ 104 კვ.მ შენობა, რომელზეც შპს "ამირანს" ავეჯის ჯიხურის განთავსების ნებართვა მიეცა, რაც წერეთელსა და მერიას შორის სასამართლო დავის საგანი გახდა.
მოდავე #2
იმ დროს, როცა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე უნივერმაღის მფლობელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ტერიტორიის 300 კვ.მ და მერიის მიერ დამატებით გამოყოფილი 1000 კვ.მ მიწის ფართი, ასევე, მათთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე #67-ში არსებული 1871 კვ.მ შპს "იბერიის ვარსკვლავს" ხელშეკრულებით, 45 წლის ვადით გადაეცა. (2007 წლის 7 ნოემბერი, ხელშეკრულება #4).

"იბერიის ვარსკვლავისთვის" დამატებით გამოყოფილი 1000 კვ.მ მიწის ფართობის თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით, მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების დადებიდან მეათე დღეს მიმართა.

მერიის საკუთრებაში აღრიცხვის იურიდიულ საფუძვლად საჯარო რეესტრმა ეკონომიური განვითარების სამინისტროს წერილი (11.06.2007წ. №15/686/1-7) მიიჩნია. თუმცა, წერილში, რომელსაც ხელს მინისტრის მაშინდელი მოადგლე, კახა დამენია აწერს, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირ №50-ში მდებარე 1000კვ.მ მიწის ნაკვეთი ნახსენები არაა, არამედ მოხსენიებულია ამავე ქუჩაზე არსებული სხვა ტერიტორია (რკინიგზის სადგური II-ის წინ მდებარე მოედანი).

რეესტრის 2015 წლის ამონაწერის მიხედვით კი, სამინისტროს აღნიშნული წერილი, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთა ნუსხიდან ამოღებულია. მოგვიანებით, საჯარო რეესტში 300 და 1000 კვ.მიწის ნაკვეთები ერთი საკადასრტო კოდის ქვეშ გაერთიანდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის, დავით გოგსაძის განმარტებით, კოდების გაერთიანება ან დაყოფა ბუნებრივი პროცესია, რასაც საჯარო რეესტრის სააგენტო მოთხოვნის შესაბამისად ასრულებს.
უნივერმაღის მფლობელი აკაკი წერეთელი კი აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება, მერიაში იმ დროისთვის დასაქმებულმა მაღალჩინოსნებმა, მათთვის სასურველ პირებს გადასცეს.

თვითმმართველობისთვის სასურველი პირი შპს "იბერიის ვარსკვლავი" აღმოჩნდა, რომელსაც აღნიშნული ფართი გადაეცა. სანაცვლოდ, კომპანიას ვალდებულება ეკისრებოდა ქალაქისთვის ნაგვის გადამზიდი მანქანა შეეძინა, ასევე, 30 თვის განმავლობაში განეხორციელებინა 2 მლნ დოლარის ინვესტიცია, მოეწყო მიწისქვეშა ავტოსადგომი ამავე ტერიტორიაზე და ტურისტული საინფორმაციო ცენტრისთვის ფართი. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში გადაეხადა ყოველწლიურად აღნაგობის ქირა 20 000 ლარის ოდენობით.

2010 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტის თანახმად (ხელშეკრულება #559) "იბერიის ვარსკვლავთან" დადებული აღნაგობის უფლება უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუქმდა, დარჩენილ ფართზე (ჭავჭავაძის #67) გადასახდელი აღნაგობის წლიური ქირა კი კომპანიას 14 000 ლარამდე შეუმცირდა. ამ მიზეზის გამო, ჭავჭავაძის #50-ში არსებული სადაო მიწის ფართობი კვლავ ქალაქის საკუთრებაში გადავიდა.

თუმცა, "იბერიის ვარსკვლავს" ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორია მეორედ, ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის მიერ გამოცემული 2013 წლის 23 ივლისის ბრძანების (#856) საფუძველზე გადაეცა.

მარგველაშვილის ბრძანებით, კორექტირება იმ დოკუმენტში განხორციელდა, რომელიც თავის დროზე გაუქმებულად გამოცხადდა.(2010 წლის 1 სექტემბერი)
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "იბერიის ვარსკვლავი" 2007 წელს დარეგისტრირდა. მისი 75,5%-იანი წილის მფლობელი დავით კოსტავაა, დარჩენილ წილს კი ხვიჩა ღონღაძე ფლობს, რომელიც იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის და ყოფილი პარლამენტარის, ამჟამად "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, გოჩა თევდორაძის ოჯახის წევრია. "იბერიის ვასკვლავის" უკან სწორედ, გოჩა თევდორაძის ინტერესები მოიაზრება. თევდორაძესთან დაახლოებულ პირად ითვლება თამაზ მარგველაშვილიც.
გადავადებული სამართალი
2015 წლის დასაწყისში ქუთაისის მერიამ შპს "იბერიის ვარსკვლავთან" 8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აღნაგობის უფლებაზე უკვე მეოჯერ გაწყვიტა. მიზეზად, ამჯერადაც, კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე კომპანიის მიერ დაარსებული ბაზრობა დღემდე ფუნქციონირებს.

დავა "იბერიის ვარსკვლავსა" და მერიას შორის, რომელმაც სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლა, შესაძლოა მხარეებს შორის მოლაპარაკებით დასრულდეს. "იბერიის ვარსკვლავმა" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიმართა. პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 17 სექტემბერს შედგა, თუმცა მას შემდეგ ორჯერ გადაიდო.

როგორც უწყების პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, სასამართლომ მოსარჩელე და მოდავე მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, სწორედ სასამართლო გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობა დღემდე ფუნქციონირებს. მერი განმარტავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასამართლო უწყების თხოვნა გაითვალისიწინა.

"აქტით რომელითაც ჩვენ გამოვეცით და "იბერიის ვარსკვლავს", რომელიც არ იხდიდა თანხას, პირობები არ ქონდა შესრულებული და სხვა ბევრი დარღვევები აქვს, გაუუქმდა აღნაგობის უფლება. მათ სასამრთლოს მიმართეს, რომ სანამ დავა არ გადაწყდებოდა, არ შეზღუდვოდა სარგებლობის უფლება. შესაბამისად, სასამართლომ დაგვავალა საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ გამოგვეყენებია ჩვენი უფლებები და არ აგვეკრძალა სარგებლობის უფლება. რა თქმა უნდა, დავემორჩილეთ სასამართლოს,"- აცხადებს შოთა მურღულია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

დათანხმდება თუ არა ქუთაისის მერია ამჯერად სასამართლოს მორიგ შემოთავაზებას "იბერიის ვარსკვლავთან" მორიგებაზე და რა დათმობებზე მოუხდება წასვლა ქალაქის ხელისუფლებას, ამის შესახებ მერიის იურიდიულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ მორიგების შემოთავაზება თავად სასამართლოს წესის მიხედვით მოხდა, ხოლო "იბერიის ვარსკვლავს" საკუთარი წინადადებით მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს.

მოდავეთა გეგმები
სასამართლოში დაწყებული დავა ქუთაისის მერიასა და შპს. "იბერიის ვასრკვლავს" შორის მეორედ, მიმდინარე წლის 16 ნოემბრისთვის გადაიდო. კომპანიის მფლობელი, დავით კოსტავა ტერიტორიის, რომელზეც კანონიერი მფლობელის პრეტენზიას აცხადებს, დათმობას არ აპირებს. მის ერთადერთ მოთხოვნად ინვესტიციების განხორცილების შესაძლებლობა რჩება. კოსტავა 2-3 მილიონი დოლარის ფარგლებში ინვესტიციის განხორცილების და დამატებითი მუშახელის დასაქმების პირობას დებს. თუმცა, მიაჩნია, რომ მერიის ახლანდელი მაღალჩინოსნები ამის საშუალებას არ მისცემენ.

"ქუთაისი საქართველოს შემადგენლობაში არ შედის, რადგან ქუთაისის მოქმედი მერი საქართველოს კანონმდებლობით არ სარგებლობს. მას უნდა 200 000 დოლარის ქრთამად მიღება და ხუთი კაცია იქ საწილოში. მათთვის მთავრია, დღეს ჩაიდონ ორი კაპიკი ჯიბეში. ეს არის საკითხი, რომელსაც ქუთაისის მერი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოებშიც და სტრასბურგის სასამართლოშიც წააგებს," - აცხადებს დავით კოსტავა.

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ 2008 წლიდან საქმის წარმოებაში მიიღო ერთ-ერთი მოდავე მხარის, ჭავჭავაძის უნივერმაღის მფლობელის სარჩელი. თუმცა, აკაკი წერეთლის მტკიცებით, მისი კუთვნილი ქონების წართმევით დაინტერესებულმა პირებმა უკვე მოახერხეს სტრასბურგში მომუშავე ქართველი იურისტის კოორუფციულ გარიგებაში შესვლა.

"მხოლოდ იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის პრივატიზება ერთხელ უკვე განვახორციელე, მერიის თანხმობის შემთხევაში, ავიღო ქირით ან სხვა მერიისათვის მისაღები ფორმით განვახორციელო ინვესტიცია," - ამბობს აკაკი წერეთელი.
უნივერმაღის მფლობელი სამართლებრივი დავის შეწყვეტას არ აპრებს და საკუთარი უფლებების დაცვას ევროპული საადვოკატო კომპანიის დახმარებით აგრძელებს.
არასამთავრობოთა რეკომენდაცია
საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე სხვადასხვა დროს არაერთი არასამთავრბო ორგანიზაცია მუშაობდა. არასამთავრობო სექტორი, მათ მიერ შესწავლილი ცალკეული ფაქტების შედეგად, შემდეგ რეკომენდაციის სახით ადგენს კანონმდებლობით განისაზღვროს შექმნილი პრობლემის მოგავრებასა და დარღვეული უფლებების აღდგენაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება.

"ამჟამად, კანონმდებლობით გაურკვეველია თუ ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გადაფარვა არ მოხდეს და უკვე დარეგისტრირებული საკუთრება სხვის - ძირითადად, სახელმწიფოს მფლობელობაში არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, გაურკვეველია, ვინაა შექმნილი პრობლემების გამოსწორებაზე პასუხისმგებელი. ამის გამო, ყველა უწყება, რომელიც ქონების რეგისტრაციაშია ჩაბმული (საჯარო რეესტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საკუთრების უფლების აღიარების კომისიები, ეკონომიკის სამინისტრო) წარმატებით ახერხებს პასუხისმგებლობა აირიდოს, შედეგად კი მოქალაქეთა უფლებები დაუცველია.
აუცილებელია, ვიდრე უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდება, თითოეული სადავო შემთხვევა ადგილზე შეისწავლონ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღონ რეესტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა," - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების - ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" მიერ განხორციელებულ მესამე საანგარიშო პროექტში სახელწოდებით "საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.