საზოგადოება
#0331 ბანაკის ტყვეები ქუთაისში
FaceBook

„გერმანელი ტყვეების აშენებულია“, როდესაც ქუთაისში ამას რომელიმე შენობაზე იტყვიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაგებობას ვერც დრო და ვერც 9 ბალიანი მიწისძვრა ვერაფერს დააკლებს.


"გერმანელების აგებული“ -  ხარისხის ნიშანია.


„გერმანელებში“ ქუთაისელები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქში ჩამოყვანილ ტყვეებს გულისხმობენ, რომელთაც სხვადასხვა მშენებლობებზე ამუშავებდნენ, მაგრამ ტყვეთა შორის მარტო გერმანელები არ იყვნენ,  40 - მდე ეროვნების ადამიანი იყო. მათ შორის  ქართველები, რუსები, ლატვიელები, ლიეტუველები, იაპონელები, უკრაინელები, შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლები. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლონელი ტყვეები -  1270 - მდე ადამიანი.


1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მაგრამ მშვიდობა ყველასთვის არ დამდგარა. ომი და ტყვეობა კიდევ წლები გაგრძელდა ქუთაისის შინსახკომის საკონტროლო ფილტრაციული ბანაკი #0331-ში  მყოფი 5 ათასზე  მეტი საბჭოთა პატიმრისთვის.

პატიმრების დანაშაული გერმანელებთან „პლენად“ ყოფნა, ან დეზერტირობა იყო.  მაგრამ უმეტესად საერთოდ  არანაირი დანაშაული არ იკვეთებოდა. უფრო მეტიც, სხვა რეჟიმის პირობებში ამ საბჭოთა ტყვეებს გმირობის და მამაცობის სტატუსებს მიანიჭებდნენ,  მაგრამ საბჭოთა რეჟიმს გმირობაც და დანაშაულიც სხვანაირად ესმოდა.

როგორც პოლონელი მკვლევარი დარიუშ როგუტი წერს, მის წიგნში „პოლონელი ტყვეების ბედი შსსპ  ქუთაისის ბანაკში (1945-1947წლები)“, პოლონელი პატიმრები ქუთაისში ვილნიუსიდან ჩამოიყვანეს, ისინი  ფაშისტების წინააღმდეგობის არმიაში იბრძოდნენ. საბჭოთა ჯარების ლიეტუვაში შესვლის შემდეგ პოლონელები რატომღაც დააპატიმრეს და ქუთაისში გამოამგზავრეს. დააკავეს უმიზეზოდ, ულოგიკოდ, იმიტომ რომ სტალინმა და საბჭოთა ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის გმირებს საბჭოთა ხელისუფლებამ პატიმრობა მიუსაჯა. რადგან სხვა სამართალი არ იცოდა, გარდა უსამართლობისა.

ასეთი ბანაკები საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში არსებობდა. და იგი ნაციონალ-სოციალისტების საკონცენტრაციო ბანაკებიდან ბევრად არ განსხვავდებოდა.

ბანაკისთვის ქუთაისში, ახლანდელ ავტოქარხნის უბანში, დღევანდელი კადეტთა ლიცეუმისდა #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია იყო გამოყოფილი. ბანაკებს ეკავა ქუთაისის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაც.


აქ იყო განთავსებული „კოლონია“, როგორც ადგილობრივები ეძახდნენ, ბარაკული ტიპის შენობებით.

სხვადასხვა ეროვნების ტყვეებს ერთმანეთიდან და ქალაქის მცხოვრებლებიდან მავთულხლართები თიშავდა.


იგი ყოფდა ბანაკებს ქვებანაკებადაც.

იყოფოდა და ხარისხდებოდა პატიმრებიც იმის მიხედვით, თუ  რამდენად პასუხობდა  ბანაკის მოთხოვნებს მათი შესაძლებლობები. საბჭოთა კომენდატურასთან ერთად არსებობდა ადმინისტრაციულ- მომწესრიგებელი ხელმძღვანელობაც დაკომპლექტებული თავად პატიმრებისგან.
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ტყვეთა ყოფილი ბანაკის ტერიტორიატყვეთა ყოფილი ბანაკის ტერიტორია


მოვალეობები სხვადასხვა იყო, მაგრამ მდგომარეობა და პირობები ყველასთვის ერთნაირად მძიმე და არაადამიანური. საწოლებში თეთრეულის ნაცვლად ბაღლინჯოები, ტუალეტის ნაცვლად - ორმო, საპონი საერთოდ  არ არსებობდა, ფარღალალა კედლები, რომელიც ქუთაისურ ქარს ვერ აკავებდა, იატაკის ნაცვლად - მიწა, ტანსაცმლის ნაცვლად - ნაფლეთები, ის რაც ტანსაცმლიდან დარჩა. ზოგჯერ ესეც არ იყო - პატიმრები ტანსაცმელს ერთ ზედმეტ ულუფა საჭმელში ცვლიდნენ.


შიმშილი მთავარი მტერი იყო. ადამიანის სახეს აკარგინებდა ბანაკი #0331 ბინადრებს. აიძულებდა ენადირათ ვირთხებზე, ეჭამათ თიხა.

შიმშილი აიძულებდა დაბეზღებას, ქურდობას.

სხვებისთვის ტანსაცმლის მოპარვას, ისევ ერთ ულუფა საჭმელში გასაცვლელად.


მაგალითად, ორი პოლონელი პატიმარი სამზარეულოში შეიპარა და 20 -20 ულუფა „სუპი“ შეჭამა, ამხანაგებსაც წამოუღო.

ქურდობით გამოწვეული დანაკლისი წყლით შეავსეს, ქურდები კი კარცერში გაუშვეს. თუმცა, საბჭოთა ზედამხედველისთვის მნიშვნელობა არქონდა მოიპარა თუ მოპარეს, აქაც საბჭოთა სამართალი მუშაობდა და კარცერში შეიძლება მოხვედრილიყო ადამიანი, რომელიც გაქურდეს.

კარცერი იყო ხელისგულისოდენა ოთახი, წყლიანი იატაკით, კუთხეში პარაშით  და იქვე ორი ფიცრით -ასაძინებლად.


ბევრი იყო შიმშილით დაუძლურებულ და დაავადებულ პატიმართა  რაოდენობა და მათი სიკვდილის შემთხვევებიც.

გარდაცვლილებს იქვე მარხავდნენ, ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისში დღემდე პოულობენ მათ ჩონჩხებს სხვადასხვა მშენებლობებისას.


ავადმყოფებს, მნიშვნელობა არ ჰქონდა რით იყო ავად ყველას „მარგანცოვკით“ მკურნალობდნენ.

1946 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. პატიმრებს გარკვეული „სტატუსი“ დანქცია  მიენიჭათ. მათ ამუშავებდნენ საცხოვრებელი სახლების, მესხიშვილის თეატრის, აბრშუმკომბინატის და ავტოქარხნის მშენებლობებზე. ურჩებს და არასასურველებს  - ქვის სამტეხლოებზე.
ყოფილი ავტოქარხანა

პატიმრების ურჩობა  გაქცევის მცდელობებში გამოიხატებოდა. პირველად ათი პატიმარი გაიქცა. რომლებიც  უკან არ დაუბრუნებიათ, ვერავინ გაიგო მათი ბედი თუმცა პოლონელები გულში იმედოვნებდნენ, რომ გაქცეულებმა სამშვიდობოს გააღწიეს. სხვა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ისევ პატიმარმა დააბეზღა (ერთი ულუფა „სუპის“ფასად) სხვა გაქცეულები კი გზაში დაიჭირეს და დააბრუნეს.

ვინც არ გარბოდა სხვაგვარად ცდილობდა თავის გადარჩენას. საამისოდ საკუთარ პროფესიებს იშველიებდა.


პატიმრის ჩარიცხვა ტექნიკურ პერსონალში მისი პირობებში გაუმჯობესებას ნიშნავდა.

ავტოქარხნის მშენებლობისას ქარხნის  ტერიტორია სავსე იყო გერმანიიდან მოროდიორობით თუ სამხედრო ალაფის სტატუსით წამოღებული ნივთებით. მათ შორის „ოპელის“ ქარხნდან მითვისებული დანადგარებით,  რომლითაც ააწყვეს ქუთაისის ავტოქარხანა.

თავის გადარჩენის ინსტიქტმა ათასნაირი უნარი აამოქმედა პატიმრებში. ისინი ამზადებდნენ საპონს, პოულობდნენ ალუმინს რისგანაც დეფიციტურ ჭურჭელს აკეთებდნენ, ბრეზენტისგან კერავდნენ ფეხსაცმელს. რომლებსაც ადგილობრივებზე ყიდდნენ ან ცვლიდნენ.


გარდა ყიდვა - გაყიდვისა ქუთაისელებთან სხვა ურთიერთობებიც დამყარდა. იყო შემთხვევები როდესაც ადგილობრივები საჭმელს უყოფდნენ პატიმრებს, ან პატიმრების წერილები მიჰქონდათ მათ სამშობლოში გასაგზავნად. ერთი ქუთაისელი იმასაც დათანხმდა საკუთარ მისამართზე მიეღო პოლონელი პატიმრის კორესპონდენციები, რაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

მაგრამ რისკები და სასოწარკვეთილი ქმედებები ყველასთვის თანმდევი იყო იმ რთულ ეპოქაში და იგი სხვა უფრო სერიოზული ნაბიჯებისკენ უბიძგებდა პატიმრებს.


აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება შედარებით ლოიალური იყო აზიის რესპუბლიკების, უკრაინელი, ბელორუსი, ლიეტუველი პატიმრების მიმართ.მათი უმრავლესობა გაათავისუფლა კიდეც. მაგრამ ისინი გაურკვეველ სიმკაცრეს იჩენდნენ პოლონელების მიმართ. გარდა რამდენიმე შემთხვევისა პოლონელი პატიმრებს გათავისუფლებაზე უარს ამბობდნენ.

ერთ დილას, იმის ნაცვლად, რომ მესაყვირეს სამუშაოზე გასვლის ნიშანი მიეცა, მან სიმღერა „ბრძოლის დროა“ დაუკრა.

პოლონელები აჯანყდნენ და უარი განაცხადეს სამუშაოდ გასვლაზე. ამ მოთხოვნაში ყველა სოლიდარული იყო. ისინი ითხოვდნენ მათი საქმეების გარკვევას და გათავისუფლებას.

ბანაკის ადმინისტრაცია შეაშფოთა ამ ფაქტმა და დათმობებზე წავიდა. პოლონელები 1947 წლის მარტიდან - მაისამდე სამუშაოდ არ დადიოდნენ, ბანაკის ადმინისტრაცია ამაზე თვალს ხუჭავდა, ყველა უცდიდა უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, როგორც ჩანდა - სასიკეთოს.

თუმცა ამდენი უბედურებაგამოვლილი პატიმრები ჯერ მაინც არ იცნობდნენ საბჭოთა სამართალს და საბჭოთა შეპირებას.


პატიმრები ბანაკიდან მართლაც გაამგზავრეს, მაგრამ არა დასავლეთით, არამედ  ჩრდილოეთით, რუსეთის  სხვადასხვა ქალაქებში არსებულ  ბანაკებში. მათი პატიმრობა კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდა.

ქუთაისში  კი  დატოვეს საუკეთესოდ ნაგები შენობები და მოგონებები.

ერთ ხანდაზმულ ქუთაისელ ქალბატონს გერმანელი პატიმრის მიერ კედელზე შესრულებული ნახატიც დაამახსოვრდა - ჯარისკაცი სახლში ბრუნდება და მას დედა ეგებება - ხაზსა და ფერში გაცხადებული  ყველა პატიმრის ოცნება, სიზმარი, ან ახდენილი რეალობაც,  ვინ იცის?!


ფოტო: დავით ხვადაგიანი

სტატიაში გამოყენებულია მასალები დარიუშ როგუტის  წიგნიდან „პოლონელი ტყვეების ბედი შსსპ ქუთაისის ბანაკში (1945-1947)  და “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ მოწოდებული მასალები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.