ყველა დრო სილამაზის თავის იდეალს აჩენს, აჩენს ამ იდეალის მტრებსაც.
სადღეისოდ გარეგნული იდეალის მთავარი პირობა სუსუსტეა, შესაბამისად, სილამაზის მთავარ მტრად ჭარბი წონა ესახებათ. თუმცა, სიჭარბეც შეფარდებითია, რადგან ვიღაცისთვის ჭარბი 20 და 50 კილოა, ვიღაცისთვის კი - 1 და 1.5 კგ. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია შვედ მოდელზე, რომელსაც 1 და 2 კგ-ს გამო იწუნებდნენ სამოდელო სტუდიები. მის კარიერულ წინსვლას სწორედ ეს ათასი გრამი აფერხებდა.
მოდის სახლები და გლამურული ჟურნლები ამკვიდრებენ და გვთავაზობენ თავის იდეალურ ტიპს. თუმცა, რაც მოდის სახლისთვისაა იდეალური, ის შეიძლება არაფერს წარმოადგენდეს ხელოვნებისთვის.
"ზოგადად, სუსტი ქალი (ანუ ისეთი სუსტი, როგორც პოდიუმებზე გამოდიან), კულტურის იდეალი არასოდეს ყოფილა. ანუ ხელოვნებისთვის არც დღეს და არც არასოდეს არ არის ასეთი სისუსტე საინტერესო, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ მშვენიერებასთან ასეთ პროპორციებს რაიმე საერთო აქვს. გადავხედოთ, თუნდაც მხატვრობის ისტორიას, რადგან ვიზუალურად აღიქვამ დამოკიდებულებას მშვენიერებასთან, იქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხეულის პარამეტრებს, არამედ ხასიათს, სისავსეს და ა. შ."- აღნიშნავს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.
პარამეტრებზე მნიშვნელოვნად პროპორციები სახელდება, რომელიც ნებისმიერი წონის ადამიანს შეიძლება გააჩნდეს.
"ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ პროპორცია მშვენიერების სახეა, მაგრამ აქ იგულისხმება პროპორცია ზოგადად და არა კონკრეტული პარამეტრები. მსუქან ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს პროპორციული სხეული და სახის ნაკვთები", - მიაჩნია დათიაშვილს.
თუმცა კაცობრიობის, გნებავთ მოდის ისტორიას, ახსოვს პერიოდები, ოქროს საუკუნეები, როდესაც პროპორციების გაგება "სხვაგვარად" ხდებოდა და ე.წ. იდეალს დეფორმირებული სხეული წარმოადგენდა.
"ბაროკოს ეპოქაში მაგალითად დეფორმირებული, ცელილუტებიანი სხეული მოდაში იყო, ზოგადად ბაროკო დეფორმირებას, "ორსულ მარგალიტს" ნიშნავს, ამაში არის ესთეტიკა და დანახვა უნდა. ბაროკო ზოგადად დეფორმირებას ახდენდა ყველაფრის, ეგ გენიალური ეპოქაა, ძალიან საინტერესო და ღრმა, ვიდრე, მაგალითად, ჩვენია, თუმცა ჩვენს ეპოქასაც აქვს ბაროკოს ნიშნები, თუმცა არ არის მასიური, არამედ ინდივიდუალურია", - მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.
სწორედ ამ ინდივიდუალობის დასაბრუნებლად ინტერნეტში დაიწყო კამპანია, სადაც ცნობილი მსახიობები და მოდელები უმაკიაჟოდ, ბუნებრივი გარეგნობით ეჩვენებიან პუბლიკას. ამით სხვებსაც და საკუთარ თავსაც ეხმარებიან გადაილახოს სილამაზის ეტალონებით, იდეალებით, პარამეტრებით და პროპორციებით შექმნილი კედლები. კედლები, რომელიც შეიძლება იქცეს წნეხად და ძალადობის იარაღად. ადამიანი აქციოს მასზე დამოკიდებულად და დააკარგინოს საკუთარი სახე, მიაჩნიათ ამ აქციის მომხრეებს.
"მე გავეცანი ერთხელ, რა დღეში არიან ეს გოგონები, სამოდელო სახლებიდან და ძალიან შემეცოდნენ, მივხვდი, რომ ტანსაცმელი არ არსებობდა მათთვის, არამედ ისინი არსებობდნენ ტანსაცმლისთვის, ისინი ტანსაცმელზე მორგებული ქალები იყვნენ. ფაშისტურია, რადგან მათ მართლა როგორც ინკუბატორის წიწილებს, ისე ექცევიან, როგორც დასაფასოებელ ბადრიჯანს ან ფორთოხალს, ისინი ადამიანები არ არიან, იქ მთავარია არა ადამიანი, არამედ სამოსი", - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.
სილამაზეს მტრები ყავს, თუმცა შესაძლებელია, ამ პარამეტრების ფეტიშის ხანაში, თავად სილამაზე გახდეს მტერი და იმ მისიის ნაცვლად, რაც მას დაეკისრა ("სილამაზე გადაარჩენს სამყაროს"), რაღაც საპირისპირო შემოგვთავაზოს.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები