საზოგადოება
სკოლა სახლში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ერთი იმერული სოფლის ერთ ეზოში ორი სახლი დგას. ჯერ კიდევ ორი წლის წინ სახლებში ოჯახები ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ქირით დამსვენებლებს იღებდნენ.

2017 წელს ოთახებში ძველი, შაბიამნისფერი მერხები, ყვითელი, საზურგიანი სკამები და გაცრეცილი დაფები განალაგეს, ეზოში სახელდახელოდ შეჭედილი კალათბურთის ფარი დაკიდეს, ძველი დროშა აღმართეს და კიდევ უფრო ძველი ზარი დარეკეს.

არგვეთას სახლ-სკოლამ 102 მოსწავლე დაიტია. კლასისთვის შეუსაბამოდ პატარა ოთახები შეშის ღუმელით გაათბეს, თორმეტი კლასკომპლექტი განათავსეს და ერთ ცვლაში სწავლას შეუდგნენ. კლასიდან კლასში გაკვეთილის ხმა აღწევს. სპეციალური მასალით კედლების მოპირკეთებამ პრობლემა ვერ მოხსნა. გარემოს ისე ალამაზებენ, როგორც შეუძლიათ, ნახატებით და სხვადასხვა თვალსაჩინოებით. აქ მაინც ყველაფერი ყავლგასულია, მაგრამ მთავარი სხვა ისტორიაა - სკოლის და კიდევ ერთი სოფლის დაცლისგან გადარჩენის ისტორია.

არგვეთა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი მჭიდროდ დასახლებული სოფელია. 500 კომლის სასკოლო კონტიგენტიც შესაბამისად დიდია.



"ერთმანეთთან ახლოს ვართ, ისე, როგორც სახლში. თავს ძალიან მხიარულად ვგრძნობთ", – გვიყვება ათი წლის მილენა, რომელიც სახლ-სკოლაში გადასვლამდე, თანატოლ ნინისთან ერთად, დიდ და ნამდვილ სკოლაში დადიოდა, რომელიც ჩამოინგრა. ,,ახალ სკოლაში, ალბათ, დიდი საკლასო ოთახები იქნება", – ანთებული თვალებით უზიარებს მეგობარს მილენა წარმოსახვითი სკოლის ამბებს და საკუთარი მერხისკენ გზას სივიწროვეში მიიკვლევს. 

პატარა საკლასო ოთახში ნამდვილი სკოლისგან განსხვავებული გარემოა. სახლში ჩატარებული გაკვეთილები, თითქოს ოჯახურ სიახლოვეს განაპირობებს. ნაზი ჯანგიანიც კლასში ამ განწყობით შედის. არგვეთის სკოლაში 41 წელია ასწავლის.

სკოლა არცერთხელ გაუცდენია და საკუთარი თავი სკოლის გარეშე ვერც კი წარმოუდგენია. მოსწავლეებთან ურთიერთობის საკუთარი მეთოდი აქვს. ამბობს, რომ ბავშვი მასწავლებელს მაშინ უსმენს, როცა სიყვარულს გრძნობს.

,,თუ მის აზრს დააკნინებ, ან ეტყვი რომ რა იცის რა არის დარდი, ან სადა აქვს ნერვები, მის გრძნობებს აუცილებლად დასცინებ. ამიტომ ის შემდეგ არც შენს აზრს სცემს პატივს და ვერც სხვისი გრძნობების დაფასებას ისწავლის ვერასდროს", – გამოცდილებას გვიზიარებს ნაზი.



პედაგოგი სკოლიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე, სერზე ცხოვრობს. სოფელის იმ ნაწილში ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ ნაზი ჯანგიანი სახლიდან სკოლამდე სამ კილომეტრს ფეხით გადის.

"სახლიდან თავდაღმართია და კი მოვდივარ ჩქარა, მაგრამ აღმართში ავდივარ შედარებით ნელა", – სიცილით გვიყვება პედაგოგი.

ასე მხიარულად მასწავლებლები ვერ იხსენებენ 2017 წელს, როცა სკოლა საბოლოოდ დაინგრა. სასწავლო დაწესებულება მაშინ სხვა სოფლის სკოლასთან შეერთების ან სრულად გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა. ეს კი სოფელსაც უქადდა დაცლას.

"სხვა რა გზა გვქონდა. დავტოვეთ სკოლა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდით სად წავსულიყავით. მძიმე დღეები გამოვიარეთ, ყველა ვტიროდით. მასწავლებლები, ბავშვები, მშობლები. სოფელი ერთობის შენარჩუნებას და სკოლას ითხოვდა. გამოსავალს ყველა ერთად ვეძებდით",  – გვიყვება არგვეთის სკოლის დირექტორი მანანა გორდეზიანი.

არგვეთაში სკოლა 41 წლის წინ აშენდა. ნაგებობის ნაადრევად ჩამოშლის მიზეზი მშენებლობისთვის არასწორად შერჩეული ნიადაგი გახდა.









2015 წელს, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ სკოლა არამდგრადად შეაფასა. დასკვნაში წერია, რომ შენობის ერთი ნაწილი განსაკუთრებულად ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

სკოლის დირექტორი ყვება, რომ დასკვნის მიუხედავად, სკოლის გარკვეული ნაწილი გამოყენებისთვის უსაფრთხო იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქ გაგრძელდა.

2017 წელს განმეორებით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სკოლის შენობის არცერთი ნაწილი ექსპლუატაციისთვის აღარ ვარგოდა.
"ძველ სკოლაში ბოლოს კედლები იშლებოდა და ჭერიდან ნალესი ცვიოდა. იქ ბავშვების გაჩერება აღარ შეიძლებოდა", – ამბობს პედაგოგი ნაზი ჯანგიანი.
სკოლის შენარჩუნება ალტერნატიული ფართის მოძიებით მოხერხდა.

,,სკოლა რომ არ დაგვეკარგა სახლი ვიქირავეთ. ამიტომ ყოველ თვე ქირის საფასურს – 1250 ლარს, სკოლის ბიუჯეტიდან ვიხდით. სკოლა ამ სოფლისთვის უფრო მეტია, ვიდრე შენობა", – ყვება სკოლის პედაგოგი შორენა ცერცვაძე.

ის რაც სოფელმა შეინარჩუნა, არგვეთელი ბაშვებისთვის ერთ დიდ ოჯახად და სახლად იქცა.

"რა მინდა? - დერეფნებიანი და ფერადი სკოლა ჩემი სოფლისთვის" – ამბობს 13 წლის ლუკა, რომლის სურვილი, დანარჩენი 102 გოგო-ბიჭისას ემთხვევა.

ვიდრე ბავშვები წარმოსახვაში საოცნებო სკოლას ხატავენ, რეალური სახლის რეალურ ეზოში დიდი დასვენებაა. გასართობად ისიც ჰყოფნით, რაც აქვთ. ბურთს კალათბურთის რელურ ფარს უმიზნებენ და გოლი წარმოსახვით კარში გააქვთ.



არგვეთაში სკოლამდე მოსასვლელი გზაც პრობლემა იყო. საბამ რთულ პირობებში სკოლაში ფეხით ორი წელი იარა. ადგილობრივებს ისიც ახსოვთ, პატარა მოსწავლე ავდარში მამას ზურგზემოკიდებული რომ მიყჰავდა.

საბას პრობლება ერთი თვეა, რაც მოუგვარდა. არგვეთელ ბავშვებს, სკოლის ადმინისტრაციის ძალისხმევით, ტრანსპორტი დაენიშნათ. ავტობუსის ლოდინში, მათემატიკის მასწავლებელი დროს იხელთებს, ხოლმე, და ბავშვებს ბათქაშაცლილი კედლებისა და ჩამოფცქვნილი ჭერის ფონზე სიმღერით ართობს.



ვიდრე სკოლის რკინის ჭიშკართან მიკროავტობუსი ჩამოდგება, ბავშვების ნაწილი ანეკდოტებით ერთობა. 



ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ბავშვებს იმედი გაუჩნდათ, რომ კერძო სახლში შეფარებული მათი ოცნება ფერად, დიდ დერეფნებიან სკოლაზე, რეალობად იქცევა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, არგვეთის სკოლის პროექტირება- მშენებლობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ა. წ 18 თებერვლიდან ტენდერი აქვს გამოცხადებული.

უწყების ინფორმაციითვე, 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი ევროპული ინფრასტრუქტურის სკოლა სოფელში, სავარაუდოდ, 2020 წლამდე აშენდება.

ავტორები: მარიამ პატარაია, ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.