"ეს ჩვეულებრივია,"- ამბობს გამგებლის მოადგილე.
თერჯოლის გამგეობაში დასაქმებულ პირებს მუნიციპალიტეტში
განხორციელებული, თუ განსახორციელებელი პროექტების საკუთარი
საჭიროებისამებრ გამოყენებაში ადანაშაულებენ.
რა ურთიერთბრალდებებს ასახელებენ თერჯოლაში პოლიტიკური პარტიები და
სად გადის პროექტების კომფორტული გზა - აღნიშნულ კითხვებზე პასუხის
გაცემას "ქუთაისიპოსტი" შეეცადა.
***
თერჯოლაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში
განხორციელებული გზების რეაბილიტაციის შერჩევით პრინციპზე
მიუთითებენ.
თერჯოლის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით,
საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები
საკუთარ სურვილებს მოარგეს. "კომფორტს საკუთარ სახლამდე იწყობენ," -
ირწმუნებიან პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თერჯოლის ორგანიზაციის
წარმომადგენლები.
საკუთარ სახლამდე მოწყობილი კომფორტული გზის მაგალითად, ოპოზიციის
წევრებს, თერჯოლის საკრებულოს უმრვალესობის დეპუტატის, სოფიო
ბუსკივაძის სახლთან განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები
მოჰყავთ.
"ქართული ოცნებიდან" თერჯოლის საკრებულოს დეპუტატის, სოფიო ბუსკივაძის
სახლთან, სოფელ ღვანკითში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის
ნოემბერში განხორციელდა.
თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "საპოვნელა + "-მა განახორციელა.
***
სოფელ ღვანკითში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 1 014 000 ლარად
შეფასებული ტენდერი (SPA130018519) 2013 წლის აგვისტოში გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შპს "საპოვნელა+"-თან 2013 წლის 19
სექტემბერს გააფორმა. ღვანკითში კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთის
რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აღნიშნული ტენდერში "საპოვნელას" გადრა კიდევ ერთი კომპანია, შპს
"ბორანი" მონაწილეობდა, რომელმაც სამუშაოების განხორციელებისთვის 980
000 ლარი მოითხოვა, ხოლო "საპოვნელამ" - 127 476 ლარით ნაკლები (852
524), შესაბამისად, გამარჯვებულადაც ეს უკანასკნელი გამოვლინდა.
თუმცა, ღვანკითში გზის მოწყობას ამ თანხის ნახევარზე მეტი, 435 900
ლარი მოხმარდა.
კომპანია "საპოვნელა+"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამირან სირაძე
გახლავთ, რომელიც დღემდე შპს "ქართუ ბეტონის" 50 % წილის
მესაკუთრეა.
ამირან სირაძე, ასევე 50%-იანი წილის მფლობელია შპს
„ABGEORGIA"- ში, სადაც დარჩენილი წილის მფლობელი ქუთაისის
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნესტორ ფრუიძეა.
როგორც გაირკვა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხევით, კომპანია
"საპოვნელა+" ამჟამად სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფისა" და "ხალიკ
ბანკის" კრედიტორია.
კომპანია "საპოვნელას+"-ის წარმომადგენლებთან დაკავშირებას
"ქუთაისიპოსტი" შეეცადა, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ
ნომერზე, კომპანიის წარმომადგენლები არ პასუხობენ.
"ქუთაისიპოსტი" დაკავშირებას ასევე, შეეცადა თერჯოლაში გზის
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერში მონაწილე კონკურენტ
კომპანიასთანაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა საუბარი არ
ისურვეს.
***
თერჯოლის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის, ღვანკითის გზის
რეაბილიტაციას, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, სოფიო ბუსკივაძე,
კონკრეტული საჭიროებით ხსნის.
"მე ამ სოფლიდან ვარ, მაგრამ იქ არ ვცხოვრობ. თუმცა, გზის ამ
მონაკვეთზე საშინელი მდგომარეობა, ორმოები იყო, ეს გზა სოფელთან
დამაკავშირებელია და პრიორიტეტიც ამიტომ გახდა მისი რეაბილიტაცია," -
ირწმუნება ბუსკივაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ღვანკითის მაჟორიტარი დეპუტატი, იმასაც აღნიშნავს, რომ 2013 წელს
მაშინ, როდესაც სოფელში გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპუტატებმა
მხარი დაუჭირეს, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე "ნაციონალი"
დეპუტატი, ტარიელ ფანჩულიძე გახლდათ. ("ქუთაისიპოსტი" ფაჩულიძესთან
დაკავშირებას შეეცედა, თუმცა მას ტელეფონი ამ დრომდე გათიშული
აქვს).
***
ღვანკითში შესრულებული სამუშაოების გარდა, შპს "საპოვნელა+" გზების
რეაბილიტაციას თერჯოლაში მიმდინარე წელსაც ახორციელებს. 2015 წლის
კომპანიას მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ორი ტენდერი აქვს
მოგებული. ორივე ერთი და იგივე დღეს (6 თებერვალი).
მიმდინარე წელს "საპოვნელა+"-ის მიერ მოგებული ერთ-ერთი ტენდერი
(SPA150004043 ) ბარდუბანისა და ზედა სიმონეთის თემების
დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას ითვალისწინებს, რისთვისაც 876 000
ლარი იყო გათვალისწინებული.
აღნიშნული ტენდერით "საპოვნელა+"-ის გარდა, თბილისური კომპანია, შპს
"ნიუროუდი" იყო დაინტერესებული, რომელმაც სამუშაოების შესრულება
მუნიციპალიტეტს 798 400 ლარად შესთავაზა, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა
"საპოვნელა+"-მა - 3700 ლარით ნაკლები (794 700).
მიმდინარე წელს მეორე მოგებული ტენდერით
(SPA150004033) "საპოვნელა+"- მა 100 000 ლარად თერჯოლისა და
სოფელ ტელეფის დამაკავშირებელი გზა უნდა მოაწყოს. ღვანკითში
შესრულებული სამუშოების მსგავსად, აღნიშნული გზის რეაბილიტაციის
პროექტს, მუნიციპალიტეტში მოქმედი ოპოზიციონერები საკუთარ სურვილებზე
მორგებულს უწოდებენ.
როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, გზის რეაბილიტაცია თერჯოლაში
ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობასაც გულისხმობს. აღნიშნულ ქუჩაზე კი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, თემურ
ქოჩიაშვილის საცხოვრებელი სახლია განთავსებული.
თავად თემურ ქოჩიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ
დეპუტატების სახლებთან მართლაც გაკეთდა გზები, თუმცა ირწმუნება, რომ
ეს შერჩევის პრინციპით არ განხორციელებულა.
"თერჯოლაში წყლის რეაბილიტაცია ჩემი ქუჩიდან დაიწყო იმიტომ, რომ იქ
გათვალისწინებული არის მოასფალტებითი სარემონტო სამუშაოები და წყალი
რომ შემდეგ გაკეთებულიყო, ამით ზიანი მიადგებოდა გზას. საკრებულოში
არჩეული დეპუტატები გახლავთ ამა თუ იმ სოფლიდან და ისინი ზრუნავენ
თავიანთ ამომრჩევლებზე. როდესაც გზა კეთდება იმ მონაკვეთს, სადაც
დეპუტატი ან მისი ოჯახი ცხოვრობს ხომ არ ამოვიღებთ. ეს
ჩვეულებრივია,"- ამბობს ქოჩიაშვილი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე გზების
რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ 408 602 ლარია დახარჯული. აქედან, თანხის
ნახევარი "საპოვნელა+"-ს აქვს მიღებული. შესყიდვების ეროვნული
სააგენტოს მონაცემების მიხედვით, "საპოვნელა+"-ს 2013 წლიდან დღემდე 8
ტენდერი აქვს მოგებული (ორი- 2013 წელს, ოთხი - 2014, ორი - 2015
წელს). ჯამში რვა ტენდერის მიხედვით, კომპანიას 3 009 291 ლარის
ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული.
მასალის გამოყენების პირობები