ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "ზეკარი" 12 აგვისტოს
გაიმართება.
ღონისძიება ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთობლივი
ორგანიზებით წითელ მინდორზე, დიდმაღალის ქედის ფერდობებზე მოეწყობა.
ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები.
"ველოდებით პრემიერ-მინისტრს, ყოველ შემთხვევაში მოწვევა გაგზავნილია.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ასევე ადგილობრივი და ზოგადად იმერეთის
მხარის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ ღონისძიება ორმხრივია და
იქნებიან ადიგენის წარმომადგენლებიც. ასევე მოწვეული გვყავს
სამცხე-ჯავახეთის მხარის წარმომადგენლები", - ამბობს ბაღდათის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
არჩილ გოგსაძე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დოღი, მოეწყობა ადიგენისა და
ბაღდათის ეთნოკუთხეები და კლუბ "დიდმაღალის" სალაშქრო ბანაკი. წითელ
მინდორზე ასევე, გაიმართება კონცერტი.
აღნიშნული სახალხო დღესასწაული 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და მას
"მწყემსის დღეს" უწოდებდნენ. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში განმარტავენ. ტრადიცია მივიწყებული იყო და 2015 წელს
განახლდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ დღესასწაულზე 6
000 ლარი დაიხარჯება.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები