ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი და ჭიათურის შუქრუთის, მღვიმევის,
რგანის, დარკვეთის და ითხვისის მაღაროები, ინსპექტირების შედეგად
გამოვლინილი დარღვევების გამო 31 400 ლარით დაჯარიმდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს მიერ მიღებული დადგენილებებით, „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“
13 450 ლარით, ხოლო „ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი“ 17 950
ლარით დაჯარიმდა.
„საქნახშირის ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ს ტყიბულის მინდელის შახტში გამოვლენილი
დარღვევები (შეუსაბამობები) სამი სახისაა: არაარსებითი, არსებითი და
კრიტიკული.
„ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის“ მაღაროებში კი კრიტიკული
დარღვევები არ გამოვლენილა.
„დარღვევების აღმოსაფხვრელად, კანონმდებლობის შესაბამისად,
განისაზღვრა გონივრული ვადები. ამასთან, კრიტიკული შეუსაბამობების
მქონე მოწყობილობების მუშაობა შეჩერდა დარღვევების გამოსწორებამდე.
დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, არსებითი შეუსაბამობა
გადავა კრიტიკული შეუსაბამობის კატეგორიაში და დაექვემდებარება
გაჩერებას.
საწარმოები ვალდებულნი არიან მათ შესრულებაზე ინფორმაცია მიაწოდონ
სააგენტოს, რაც ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადამოწმებას.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდება.
ამჟამად, დარღვევების უმეტესობა უკვე გამოსწორებულია“, - აცხადებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.
საწარმოებში გარკვეული სახის დარღვევებზე საუბრობს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის
ჯგუფიც.
“ჩვენ განვახორციელეთ ერთობლივად 15 ობიექტის მონიტორინგი. ეს იყო
როგორც მაღაროები, ასევე შახტები, მეტროპოლიტენების სადგურები და
კარიერები. გამოვლენილი დარღვევებია ინდივიდუალური დაცვის
საშუალებების კუთხით, ელექტრიკული ინდივიდუალური საშუალებების,
სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. დარღვევები ეხება სანიტარულ ჰიგიენურ
ნორმებსაც, ზოგან ტანსაცმლის ცენტრალური წესით რეცხვას, რადგან
აღმოჩნდა, რომ პერსონალის დიდი ნაწილი სპეც ტანსაცმელს სახლში
რეცხავს, რაც დაუშვებელია. დარღვევები იქნა აღმოჩენილი სავენტილაციო
სისტემების გაუმართაობის კუთხით. ყველა ეს დარღვევა ჯამურად იქნა
დაფიქსირებული ჩვენს მიერ შემოწმებულ საწარმოებში,” - განუმარტა
„ქუთაისიპოსტს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის
უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დარღვევების აღმოსაფხვრელად ამ ეტაპზე
განსაზღვრულია რეკომენდაციები და წინადადებები. მითითებულია, რომელი
რეგლამენტითა და დადგენილი წესის საფუძველზე უნდა მოხდეს
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. რომლის შემდეგაც დაგეგმილია
განმეორებითი ინსპექტირება.
“ყველა დარღვევას აქვს თავისი ვადა, არის ისეთი დარღვევები, რომლის
მოწესრიგებას შეიძლება დაჭირდეს ერთი თვე, თუმცა არის დარღვევები
რომელთა გამოსწორებას 3-დან 6 თვემდე დასჭირდება” - ამბობს ელზა
ჯგერენაია.
მისივე თქმით, გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში
გავრცელდება ჯარიმები და შესაბამისი სანქციები.
ზემოთაღნიშნულ საწარმოებში ტექნიკური ინსპექტირება, ეკონომიკის
სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო
ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველომ 2017 წლის მაისს-ივნისში
განახორციელა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ
მიმდინარე წლის 11 მაისის (#1-1/200, #01-98/თ) ბრძანების
საფუძველზე.
დარღვევების საფუძველზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ოქმები.
დაჯარიმება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის“ შესაბამისად მოხდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა
ჯგერენაიას ინფორმაციით, წლის ბოლომდე 400 ობიექტის ინსპექტირებაა
დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები