რეგიონი
"სოციალური დახმარება პენსიის დანიშვნის გამო მომიხსნეს" - ბაღდათში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მცხოვრები მარტოხელა კაცი სოციალური დახმარების აღდგენას 5 თვეა ითხოვს. როგორც ის ამბობს, მას სოციალური დახმარება პენსიის დანიშვნის გამო მოუხსნეს.

დავით დევდარიანი 65 წლის იანვარში გახდა, რის საფუძველზეც მას ასაკის პენსია დაენიშნა. სამაგიეროდ, პენსიის დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ, 60 ლარიანი ფულადი შემწეობა მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში გამარტავენ, რომ დახმარების მოხსნა ახლმა მეთოდოლოგიამ განაპირობა და ეს პენსიის დანიშვნას არ უკავშირდება.



"მართალია, ფულადი შემწეობა პენსიაზე გაცილებით ნაკლები იყო, რაღაცაში ხომ წამადგებოდა. ჯანმრთელობა წამიხდა და წამლებს ვერ ვყიდულობ. ძვირია ყველაფერი, მარტო წამლებში არ მყოფნის პენსია და ადამიანი სულ მშიერი ვერ გაჩერდება", - ამბობს სოციალურად დაიცველი მოხუცი.
ის გვიყვება, რომ თითქმის რვა წელია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლში მარტო ცხოვრობს. დავით დევდარიანი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, შესაბამისად, მას სახლში მუშაობაც არ შეუძლია.

ამბობს, რომ ვიდრე ჯანმრთელობა ხელს უწყობდა რქოსანი პირუტყვიც ჰყავდა და თავის რჩენა შეეძლო. თუმცა, უკვე კარგა ხანია რაც მხედველობის პრობლემა შეექმნა და ძველებურად შრომა აღარ შეუძლია. დავითს ცალ თვალში მხედველობა სრულად დაეკარგა, ვერც მეორე თვალით ხედავს კარგად.
სოციალურად დაუცველთა პროგრამით სარგებლობდა, როდესაც მან თვალზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, უშედეგოდ. ის ამბობს, რომ უკვე დიდიხანია, რაც მეზობლების სალამს მხოლოდ ხმით აღიქვამს და მათ ჩრდილებად ხედავს. მხედველობის გარდა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც აწუხებს. თუმცა, მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ აქვს.

"წამლები მჭირდება, მაგრამ ვერ ვყიდულობ, ძვირი ღირს. მარტო ერთი თავი წამალი 60 ლარამდე ადის თვეში, რომელიც ყოველდღიურად უნდა დავლიო. დახმარება რომ მომიხსნეს არ გამისაჩივრებია, იქამდეც ვერ მივდივარ. მინდა რომ სამართლიანად გადაამოწმონ და ისევ აღმიდგინონ დახმარება", - ამბობს დავით დევდარიანი.


მარტოხელა, სოციალურად დაუცველის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს ხის ფიცრულისგან შეჭედილი სახლი წარმოადგენს. ის ფულადი შემწეობის მიმღები 2006 წელს გახდა. მაშინ სოციალურმა აგენტებმა მისი მდგომარეობა 44 120 ქულით შეაფასეს.სოციალურმა ეგენტებმა მისი მდგომარეობა ბოლოს 2017 წლის იანვრაში შეამოწმეს, რის საფუძველზეც მას თებერვალში მაღალი 65 000 -ზე მეტი ქულა მიანიჭენს და ფულადი დახმარებაც მოეხსნა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 2016 წლის გაზაფხულზე ახალი მეთოდოლოგია შემოვიდა და ბენეფიციარები, რომლებიც, რეგისტრირებული იყო ბაზაში თავიდან გადამოწმდა. სააგენტოში ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახმარების მოხსნის მიზეზად, დავით დევდარიანის ოჯახის მაღალ სარეიტინგო ქულას ასახელებენ.

"ვერ ვიტყვით იმას, რომ მას მხოლოდ პენსიის დანიშვნის გამო მოეხსნა სოციალური დახმარება. აპლიკაცია, როცა ივსება იქ იწერება ყველაფერი, როგორც ადამიანის საჭიროებები, ასევე ხარჯებიც. როდესაც მოსახლეობა გამოთქვამს პრეტენზიას, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაიზარდა მათი ქულა, როცა მდგომარეობა არ შეცვლილა, მესმის მათიც. მაგრამ რაკი მეთოდოლოგია შეიცვალა, რაღაცეები სხვანაირად ანგარიშდება. ამ ადამიანის შემთხვევაში, მისი დეკლარაციის მიხედვით ეს არის საშუალო სტატისტიკური ქართველი პენსიონერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფლად. მისი სახლის ფართიც, ერთი ადამიანისათვის სრულიად ნორმალური და საკმარისია", - განგვიმარტა სოციალური მომსახურის სააგენტოს წარმომდგენელმა ტატა გამყრელიძემ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ დევდარიანს თუკი შშმ პირის სტატუსი არ აქვს, თუ მას თვალზე ისევ დასჭირდება ოპერაცია, ის ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბაღდათში პენსიას 5 322 ადამიანი, ხოლო  საარსებო შემწეობას 2 429 ბენეფიციარი იღებს.


თეონა წითაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.